1746016666
„ზოგიერთი პაციენტი იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე" - როგორია ხანძრის მიმდებარე ტერიტორიიდან ევაკუირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა

ხანძარი დიდუბეში ლიკვიდირებულია. მეხანძრე მაშველებმა ცეცხლი ჩააქრეს, თუმცა ჯგუფები ადგილზე მუშაობას განაგრძობენ. მიმდინარეობს დარჩენილი კერების დამუშავება. მობილიზებულები არიან პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.
ცეცხლი ე.წ. ბორჯომის ბაზრის ტერიტორიაზე, დაახლოებით 15 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე გაჩნდა, სადაც ტანსაცმლის, ხილ-ბოსტნეულისა და სხვადასხვა სახის პროდუქციის სასაწყობე ფართებია.
შემცირებულია დაკვამლიანებაც, რის გამოც მიმდებარე კლინიკებიდან პაციენტების ევაკუაცია განხორციელდა.
წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან. ხანძრის გაჩენის ერთ-ერთ სავარაუდო ვერსიად ელექტროგაყვანილობა სახელდება. გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
კლინიკა "ჰელსიკორის" გენერალური დირექტორის, არჩილ ხანთაძის განცხადებით, ხანძრის დროს კლინიკაში 95 პაციენტი იმყოფებოდა, პაციენტები, რომლებიც მართვით სუნთქვაზე იყვნენ, სხვადასხვა საავადმყოფოში რეანიმობილით გადაიყვანეს.
"დილის 06:30-ზე შემოვიდა ზარი, რომ ბორჯომის ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო ხანძარი. ამ მომენტში, კლინიკაში იმყოფებოდა 95 პაციენტი. პრობლემა შეექმნა ჟანგბადის გენერატორებს, ამიტომ მოგვიწია პაციენტების გადაყვანა სხვა კლინიკებში. ყველა პაციენტი იქნა ოპერატიულად გადაყვანილი. ჯანდაცვის მინისტრი, ბატონი მიხეილ სარჯველაძე ჩვენთან ერთად არის პირველივე წუთიდან და მოგვეხმარა ყველაფერში. პაციენტები გადაყვანილები არიან "პინეოში", "ალადაშვილის კლინიკაში" და "ინგოროყვაში" . ზოგიერთი პაციენტი იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე, მათი გადაყვანა მოხდა რეანომობილებით, ხოლო დარჩენილი პაციენტების სასწრაფო დახმარების მანქანებით", - განაცხადა არჩილ ხანთაძემ.
"თოდუას კლინიკის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის, მანჩი გაბელიას განცხადებით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კლინიკაში ამბულატორიული პაციენტების მიღება შეჩერებულია.
"არცერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება, "თოდუას" კლინიკაში ფუნქციონირებს მაღალი სტანდარტის უსაფრთხოების სისტემა, შესაბამისად ევაკუირების საჭიროება არ დამდგარა. დროებით არის შეჩერებული ამბულატორიული მიღება გარე პერიმეტრზე არსებული ვითარებიდან გამომდინარე. მიმდინარეობს პროტოკოლით გათვალისწინებული სამუშაოები. იმედი გვაქვს, რომ ხვალიდან ამბულატორიული პაციენტების მიღებასაც შეუფერხებლად გავაგრძელებთ", - განაცხადა მანჩი გაბელიამ.