9 დღის განმავლობაში დედამიწა მისტიკურ სიგნალს იღებდა - რა დაადგინეს მეცნიერებმა?
1758831403
24 წლის მარტინ გუიუმჯიანი სომეხი ბლოგერია, რომელიც პირველად საქართველოში 2002 წელს, ოჯახთან ერთად დასასვენებლად ჩამოვიდა. ქვეყანამ, რომელიც, თავდაპირველად, როგორც ტურისტმა გაიცნო, მალევე, მის გულში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა — ახლა ის ვიდეო ბლოგების სახით, ქართველ და სომეხ აუდიტორიასთან განიხილავს საკუთარ შთაბეჭდილებებს და უკვე სერიოზულად ფიქრობს, საქართველოში საცხოვრებლად გადმოსვლას.
მარტინი ქართულად გამართულად საუბრობს, წერს, კითხულობს და როგორც გვითხრა, საქართველოში სწავლის გაგრძელებასაც გეგმავს.
- გვიამბე საკუთარ თავზე, სად ცხოვრობ, ამჟამად რას საქმიანობ?
- 24 წლის ვარ, ერევანში ვცხოვრობ. აქ დავიბადე გავიზარდე, პროფესიით ფინანსისტი ვარ. ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავამთავრე. ბანკში ვმუშაობდი, ამჟამად, ბლოგერობით ვარ დაკავებული.
- პირველად როდის ესტუმრე ჩვენს ქვეყანას და ახლა რამდენად ხშირად ჩამოდიხარ საქართველოში?
- 2002 წლიდან მოყოლებული, ყოველ წელს ჩამოვდივარ. 2 წლის ვიყავი, პირველად რომ ვესტუმრე ქობულეთს. ჩემები ამბობდნენ, რომ ძალიან ცოტა სომეხი ჩადიოდა იმ დროს საქართველოში, ნელ-ნელა ტურისტების რაოდენობამ იმატა. მეუბნებიან, რომ ახლა ძალიან განვითარებულია, ადრე ასე არ იყო.
სამწუხაროდ, საქართველოში ნათესავები არ მყავს. სხვადასხვა სასტუმროში ვჩერდები ხოლმე.
- როგორი შთაბეჭდილებები მოახდინა საქართველომ თავიდან და რატომ გადაწყვიტე ენის სწავლა?
პატარაობიდან ყოველ წელს რომ ჩამოვდიოდი დასასვენებლად, ჩემთვის საქართველო და ქართველები ძალიან ახლობლები გახდნენ. ყოველთვის ჩემს გონებაში იყვნენ. მხიბლავს ქართული კულტურა, ცეკვები, სიმღერები... როცა უკან ვბრუნდებოდი, ყოველთვის მენატრება ეს ყველაფერი...
სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, ქართული ენის შესწავლა.
- რთულია? ვინმე თუ გეხმარება?
- არავინ... თავიდან რთული იყო, შემდეგ ფილმებისა და სერიალების ყურება დავიწყე და შინაარსი გავიგე. ახლა პრაქტიკულ ნაწილზე ვარ. ვიცი წერა, კითხვა. Youtube-ში ვნახე ანბანი და სწავლა ჩემით დავიწყე. ძალიან რთული იყო. ქართველებს ვუსმენდი, როგორ ლაპარაკობდნენ... საქართველოში რომ ჩამოვდიოდი, ქუჩებში წარწერებს ვკითხულობდი და კითხვის სწავლაში ეს დამეხმარა.
@martin.guyumjyan საათებით შემიძლია ვისიამოვნო ქართული ცეკვებით , ხშირად ჩამოდით 😍 #foryou #fyp #fy ♬ оригинальный звук - 𝐌𝐀𝐑𝐓𝐈𝐍
- შენი დაკვირვებით, რა საერთოა სომხურ და ქართულ კულტურებს შორის?
- ქართველებსაც უყვართ ქეიფი, სუფრა, სიმღერები, ცეკვა. ჩვენთანაც ასეა. ორივე ერი ქრისტიანია, ბევრი სიტყვა გვაქვს საერთო, მაგალითად: დანა-დანაკ; დროშა-დროშ; მანქანა-მექენა. ბევრია...
- არის რომელიმე ტრადიცია, რომელიც განსაკუთრებულად მოგეწონა?
- ქორწილში ვნახე თქვენი ტრადიციული სამოსი, ძალიან მომეწონა. ძალიან ლამაზია, ლამაზად ჩანს...
ალბათ ეს ტრადიცია არ არის, მაგრამ აქამდე არ ვიცოდი, რომ ღვთისმშობლობას თქვენც აღნიშნავდით. ბევრი საერთო გვაქვს...
@martin.guyumjyan ქართული კულტურის დღეების ფარგებლში ვლაპარაკობ ქართველებთან 🇦🇲🇬🇪 #foryou #fyp #fy ♬ оригинальный звук - 𝐌𝐀𝐑𝐓𝐈𝐍
- რომელ ქართულ სიტყვას ან ფრაზას იყენებ ყველაზე ხშირად?
- ქართველებს ყოველთვის ვეუბნები და ისინიც მეუბნებიან „გენაცვალეს“, ყველაზე ხშირად ვამბობ... სომხურად არის „ცავატანემ“. „შენი ჭირიმეც“ ძალიან მომწონს. ეს სიტყვები დანარჩენ ენებზე არ შემხვედრია, დასაფასებელია, მარტო ჩვენ გვაქვს.
- ბევრი მეგობარი შეიძინე საქართველოში?
- სანამ „ტიკტოკზე“ კონტენტს შევქმნიდი, მანამდეც მყავდა, თუმცა, ამის შემდეგ უფრო მეტი შევიძინე.
- სომხეთში მცხოვრებ ქართველებზე რას გვეტყვი?
- დაახლოებით, 600 ქართველი ცხოვრობს ერევანში. ვმეგობრობთ, კონტაქტზე ვართ. ყოველთვის ყურადღებით ვარ, რა ქართული ღონისძიებები ტარდება, რომ დავესწრო. ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს მათთან და მიხარია, რომ აქაც ცხოვრობენ ქართველები. ყოველთვის ვიღებ, ვინ მუშაობს აქ, რას აკეთებენ...
- რომელია შენი საყვარელი ადგილი საქართველოში, სად ხარ ნამყოფი?
- ნამყოფი ვარ ახალციხეში, ბათუმში, ქობულეთში, სარფში, ჩაქვში, საირმეში, ბორჯომში. გამოვყოფდი საირმეს და ბორჯომს, მომწონს მათი ჯანსაღი წყლები, მაგარი ბუნება. ასევე, რაბათი მომწონს ძალიან. ულამაზესი ხედები ჩანს იქიდან.
@martin.guyumjyan სომხეთში მომუშავე ქართველებს შევხვდი 🇦🇲🇬🇪 #foryou #fyp #fy ♬ оригинальный звук - 🇬🇪🅰🆂🆃🅰_🅼🅰🅽🆈🅰🅽🅰🇬
- ყველაზე მეტად რომელი კერძი გიყვარს და თუ სტუმრობ ერევანში ქართულ რესტორნებს?
- ერთი კერძი არ არის, ყველა მიყვარს. ქართული სამზარეულო ძალიან განსხვავებულია, განსაკუთრებულად მიყვარს ნიგვზიანი ბადრიჯანი. ეს სუნელები სხვა ქვეყნის კერძებში არ არის. ასევე, მიყვარს ქოთნის ლობიო, რა თქმა უნდა, ხინკალი, ხაჭაპური, ბორანო, აჭარული ხაჭაპური. წელს გავსინჯე მეგრული ელარჯი და ძალიან მომეწონა.
ერევანშიც სულ ვსტუმრობ ქართულ რესტორნებს. ხშირად ვყიდულობ ქართულ პროდუქტებს, ლიმონათს, პურს. აქაც მუშაობენ ქართველები და მათ გამომცხვარ პურს ვიღებ. როცა მენატრება საქართველო ამას ვაკეთებ და გული მითბება.
@martin.guyumjyan 😍 #foryou #fyp #fy ♬ original sound - annlove__
- მშობლები რას ამბობენ საქართველოზე ასე რომ ხარ შეყვარებული, ქართველ რძალსაც ხომ არ უპირებ?
- ყოველთვის მომწონდნენ ქართველი გოგონები. როცა მეკითხებოდნენ, რა ეროვნების გოგოები მოგწონსო, ყოველთვის ვპასუხობდი, რომ ქართველი. მშობლები საქართველოზე სულ დადებითად საუბრობენ. საბჭოთა კავშირის დროს, მამაჩემს ბევრი ქართველი მეგობარი ჰყავდა და რახან საქართველოშიც ვისვენებდით, ძალიან ახლოსაა ეს ქვეყანა ჩვენთან. როცა მე დავიწყე უკვე ქართულის სწავლა, გაუხარდათ.
ქართველებიც და სომხებიც ყოველთვის მეკითხებიან, რატომ დაიწყე მაინცდამაინც ქართული ენის სწავლა და არა სხვა? მე როცა ვხედავ უცხოელს, რომელიც ჩემს მშობლიურ ენაზე საუბრობს, ძალიან მიხარია. წარმომიდგენია და ვხედავ კიდეც, როგორ სიამოვნებთ ქართველებს ჩემი ასეთი საუბარი.
მე გეგმა არ მქონია - ძალიან შევიყვარე ასოები, ქართული ენის ჟღერადობა, სულ მენატრებოდა, კავშირი მქონდა, ამიტომ უნდა მესწავლა და გამეგო, რაზე საუბრობდნენ.
- როგორ ხედავ მომავალში საკუთარ თავს საქართველოსთან დაკავშირებით, ხომ არ გეგმავ, დროებით, საცხოვრებლად გადმოსვლას?
- ყოველთვის ვფიქრობდი, რომ სასწავლებლად და საცხოვრებლად მანდ გადმოვსულიყავი. მაგისტრატურის გავლა მინდა, ალბათ, IT მიმართულებით. ჩემი კონტენტისთვისაც კარგი იქნება, თუ საქართველოში ხშირად ვივლი და ჩვენს მეგობრობაზე ბევრ ვიდეოს გადავიღებ.
ვფიქრობ, ჩემი პროფესიით ვიმუშაო კიდეც. ჩემი ოჯახიც თანახმაა, რომ ხედავ როგორ სუფთა გულით მიყვარს საქართველო.
მინდა გითხრათ, რომ ძალიან მიყვარხართ, ქართველებო. ყოველთვის მენატრება საქართველო. ყოველ დღე ვუსმენ ქართულ სიმღერებს, ვუყურებ ქართულ ამბებს და ძალიან მსიამოვნებს, როცა აქ, სომხეთში გხედავთ. ვიცი, რომ ქართულ-სომხური ურთიერთობა უფრო და უფრო გაღრმავდება.