თურქეთში, ფალსიფიცირებული ალკოჰოლის მიღების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 33-მდე გაიზარდა

ჯო

თურქეთში, სტამბოლში ფალსიფიცირებული ალკოჰოლის მიღების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 33-მდე გაიზარდა, ათობით მოწამლული კი საავადმყოფოში იმყოფება.

ხელისუფლების თქმით, მსხვერპლების მიერ მიღებულ ალკოჰოლში, ეთანოლის ნაცვლად, რომელიც ჩვეულებრივ ალკოჰოლურ სასმელებში გამოიყენება და ადამიანისთვის უსაფრთხოა, მეთანოლი აღმოჩნდა, რომელიც ტოქსიკური სამრეწველო ხარისხის ალკოჰოლია და არ არის სასმელად უსაფრთხო.

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მათ წლის დასაწყისიდან რამდენიმე რეიდი ჩაატარეს თურქეთის პროვინციებში და ამოიღეს 30 000 ლიტრზე მეტი ფალსიფიცირებული ალკოჰოლი.

მათივე თქმით, 342 ცალკეულ მისამართზე, ჩხრეკის შედეგად, დაკავებულია 60 ადამიანი. გამოძიება გრძელდება.

აღსანიშნავია, რომ თურქეთში ფალსიფიცირებულ ალკოჰოლთან დაკავშირებული სიკვდილი ხშირია, რადგან, ალკოჰოლის მაღალი გადასახადების ფონზე, შავ ბაზარზე მათი წარმოება იზრდება.