ქმრის გარდაცვალებამ, დაძონძილ სამოსიან, მოხეტიალე, მადლიან დედად აქცია - ნეტარი ქსენიას ისტორია

netari qsenia

წმინდანის, ნეტარი ქსენიას შესახებ ისტორია:

ღვთის მადლის გარეშე შეუძლებელია ასეთი მძიმე ცხოვრების გავლა - შიმშილი, ყინვა, დამცირება, ფეხშიშველი სიარული, ეს წმინდანის ცხოვრების წესი გახლდათ.თუმცა ნეტარ დედას ყოველთვის თვალწინ ედგა ტანჯული ქრისტეს სახე, რომელმაც უდრტვინველად გადაიტანა ლანძღვა-გინება, ფურთხება, ჯვარცმა და სიკვდილი. აი, რატომ იყო, რომ ნეტარი დედაც უსიტყვოდ იტანდა ყოველგვარ დაცინვას.

მოწყალებას მხოლოდ კეთილი ადამიანებისაგან იღებდა და მაშინვე თავისნაირ გლახაკებს ურიგებდა. ნაცნობებს იშვიათად შეუვლიდა ხოლმე, თუ შეუვლიდა ისიც ცოტა ხნით და მერე ისევ ქუჩაში ხეტიალს აგრძელებდა. თანდათან ხალხი ხედავდა, რომ ეს ადამიანი ღვთის განსაკუთრებული მადლით იყო მოსილი. ვისაც ეხმარებოდა, ლოცავდა, ან ფულს ჩუქნიდა, უკეთესობისაკენ იცვლებოდნენ, ამიტომ პეტერბურგელებს მის მიმართ მოწიწება გაუჩნდათ და მასთან შეხვედრას ესწრაფოდნენ. როგორც კი ხალხმრავალ ადგილებში გამოჩნდებოდა, ყველა რაღაცის ჩუქებას ცდილობდა, რადგან იცოდნენ თუ ვინმესგან დახმარებას მიიღებდა, მას ღვთის წყალობა ელოდა.

ამგვარ ხეტიალში 45 წელი გაატარა..წინასწარხედვის მადლმოსილი ნიჭი დიდი სიმდაბლით, სულიერი ღვაწლითა და ხორციელი სიგლახაკით, მოყვასისადმი სიყვარულითა და ლოცვით მოიპოვა.  ამ თავისი ნიჭით იგი ბევრს დაეხმარა ცხოვრების მოწყობასა და სულის ხსნაში და დღესაც ბევრს ეხმარება.