1743141376
თამარ ზოდელავა: დღეს გამოცხადდება საჯარო კონკურსი - განსაზღვრული იქნება ყველა პირობა, აიტვირთება დოკუმენტები და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი საზოგადოებრივი ორგანიზაციისათვის, რომელიც დაინტერესდება და მოგვმართავს სახელმწიფო გრანტის მიღების სურვილით

სახელმწიფო გრანტის გაცემის პრიორიტეტული მიმართულებებისა და მიზნობრივი პროგრამების დოკუმენტის შემუშავება განხორციელდა სააგენტოს მოკვლევისა და ანალიზის საფუძველზე, შესწავლილი იქნა სახელმწიფოს ძირითადი დოკუმენტები, როგორიც არის „ხედვა 2030“, ასევე სექტორული დოკუმენტები. ამის შემდეგ უკვე ჩავატარეთ არაერთი საკონსულტაციო შეხვედრა, გაეგზავნათ საბჭოს წევრებს, რომლებიც ჩართულები იყვნენ ამ პროცესში და საბჭომ შემდეგ მოკვლევის და კონსულტაციების შედეგების და ანალიზის საფუძველზე განსაზღვრა მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც შემდეგ წარედგინა მთავრობას დასამტკიცებლად, - ამის შესახებ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარემ, თამარ ზოდელავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ნებისმიერ დაინტერესებულ საზოგადოებრივ ორგანიზაციას ექნება საშუალება ისარგებლოს ინიციატივით და მიმართოს სააგენტოს სახელმწიფო გრანტის მიღების სურვილით.
"დაინტერესებულ პირად, საგრანტო განაცხადის მაძიებლებად, ჩვენი ინიციატივის ფარგლებში მოვიაზრებთ საზოგადოებრივ ორგანიზაციად. ეს გახლავთ არაკომერციული იურიდიული პირები. ნებისმიერ მათგანს შეუძლია, რომ ისარგებლოს ამ ინიციატივით. დღეს გამოცხადდება საჯარო კონკურსი, სადაც განსაზღვრული იქნება ყველა პირობა, დანართებად აიტვირთება დოკუმენტები და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი საზოგადოებრივი ორგანიზაციისათვის, რომელიც დაინტერესდება და მოგვმართავს სახელმწიფო გრანტის მიღების სურვილით. რაც შეეხება ბიუროკრატიას, ჩვენ იმისათვის შევიმუშავეთ ყველა წინაპირობა, განვსაზღვრეთ დანართები, რომ ხელი შევუწყოთ ყველა დაინტერესებულ პირს ისარგებლოს ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივით. ამას გარდა ჩვენ ვგეგმავთ, რომ სატელეფონო იქნება თუ ასევე პირადი კონსულტაციით ხელი შევუწყოთ ყველა პირს, რომელიც კონკურსის მონაწილედ გადაწყვეტს, რომ მომართოს სააგენტოს.
წელს სახელმწიფო ბიუჯეტში განსაზღვრულია 20 მილიონის ასიგნები, ხოლო რაც შეეხება ინდივიდუალურ საგრანტო წინადადებას, ამ კუთხით თავად გრანტის მაძიებელი განსაზღვრავს, თუმცა საკონკურსოდ ჩვენ გამოვაცხადებთ პირველ ეტაპზე მცირე გრანტებს, რომლის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 100 ათასს ლარს“, - განაცხადა თამარ ზოდელავამ.