სურსათის ეროვნული სააგენტო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

სურსათის სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტო ეხმაურება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალას ქუთაისის ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფარიდან, სადაც ანესთეზიის ზემოქმედების ქვეშ მყოფ ძაღლს, როგორც მკვდარს ისე წარმოაჩენენ.

„გთხოვთ იხილოთ ორი ვიდეომასალა: პირველზე - ძაღლი ოპერაციის შემდგომ პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ იმყოფება (ამ ვიდეომასალით ძაღლს მკვდრად წარმოაჩენენ), მეორეზე- იმავე ადგილზე გადაღებული ვიდეომასალა, სადაც ნაჩვენებია იგივე ძაღლი, პოსტოპერაციული პერიოდის გასვლის შემდეგ, ჯანმრთელ მდგომარეობაში.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ცალკეულ ჯგუფებს თავი შეიკავონ უპატრონო/მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამის მიზანმიმართული დისკრედიტაციისგან და ყალბი და დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.

ამასთან, სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას და მოხალისეებს ჩართულობისკენ. კერძოდ, ყველა დაინტერსებულ პირს შეუძლია დატოვოს შეტყობინება აჭარის, იმერეთისა და კახეთის რეგიონებში (საპილოტე პროგრამა მხოლოდ აღნიშნულ რეგიონებს მოიცავს) უპატრონო ცხოველების ადგილმდებარეობის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთიან ცხელ ხაზზე 15-01, ითანამშრომლოს პროგრამის ფარგლებში შექმნილ სპეციალურ ეკიპაჟებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ ცხოველების აყვანას და გადაყვანას პროგრამით განსაზღვრულ თავშესაფრებში, სადაც ცხოველებს ჩაუტარდებათ კასტრაცია-სტერილიზაცია, დიაგნოსტიკური ტესტირება, ცხოველის ჯანმრთელობაზე ზედამხედველობის მიზნით, თავშესაფარში დაყოვნება, საჭიროების შემთხვევაში, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია. ვეტერინარული მანიპულაციების ჩატარების შემდეგ სპეციალურად შექმნილი ეკიპაჟები უზრუნველყოფენ ცხოველის ბუნებრივ არეალში დაბრუნებას“, - ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.