სტიქია იტალიაში - დაზარალებულ რაიონებში განგაშის წითელი ნიშნულია ამოქმედებული, საცხოვრებელი ადგილის დატოვება ასობით ადამიანს მოუწია

სტიქია

იტალიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე რეგიონები სტიქიური უბედურების ზონაა. ყველაზე რთული ვითარებაა პიემონტში, სადაც უხვმა ნალექმა მასშტაბური წყალდიდობა გამოიწვია. ოლქში მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა. განადგურებულია საცხოვრებელი სახლები და კერძო მეურნეობები, მოსახლეობას ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია. წყლის ქვეშ მოექცა საქალაქთაშორისო მაგისტრალები. სამაშველო სამსახურები, რეგიონის ქალაქებსა და დასახლებებში, გაწმენდითი სამუშაოებს აწარმოებენ.

ღამით, ვენეტოს რეგიონის ქალაქ ვიჩენცასთან ახლოს, წყლის ნაკადმა სავალი გზის ნაწილი მოანგრია და ავტომობილი წაიღო, რომელშიც, ადგილობრივი მედიის ცნობით, მამა-შვილი იმყოფებოდა. ამ დროისთვის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ნაპოვნია ერთი მოქალაქის ცხედარი.

წყალდიდობის საფრთხის შესახებ გაფრთხილება ქვეყნის ას ქალაქში გამოცხადდა, დაზარალებულ რაიონებში კი განგაშის წითელი ნიშნულია ამოქმედებული. საკუთარი საცხოვრებელი ადგილის დატოვება ასობით ადამიანს მოუწია.

სახანძრო სამსახურის მონაცემებით, ბოლო ერთი დღის განმავლობაში, 1000-ზე მეტი სამაშველო ოპერაცია ჩატარდა ტურინის, ბიელის, ვერჩელის პროვინციებში. სტიქიის ზონაში მთელი ქვეყნიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ასობით ბრიგადაა გაგზავნილი.