საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

საგამოძიებო

საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს საიუველირო ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ორი პირი დააკავა.

"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის, საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის ორი ფაქტი გამოავლინა, რაზედაც დაკავებული იქნა ორი პირი

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მათ მიერ საბაჟო გამშვები პუნქტი "სარფი"-ს გავლით,  საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოტანილ იქნა 212 152.3 ლარის საბაჟო ღირებულების 1 213.4 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7-წლამდე ვადით.