საქსტატი - 2023 წელს საქართველოში გენდერული საათობრივი სახელფასო სხვაობა 13.2 პროცენტი იყო

საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს შესწორებულმა გენდერულმა საათობრივმა სახელფასო სხვაობამ 13.2 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, აღნიშნული მაჩვენებელი ყოველთვიური სახელფასო სხვაობის შემთხვევაში 20.9 პროცენტია. გასულ წელთან შედარებით გენდერული საათობრივი სახელფასო სხვაობა 2.2 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული, ხოლო ყოველთვიური სახელფასო სხვაობა – 2.1 პროცენტული პუნქტით.

უწყების ცნობით, 2023 წელს მრეწველობის სფეროში შესწორებულმა გენდერულმა საათობრივმა სახელფასო სხვაობამ 12.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო მომსახურების სფეროში – 13.2 პროცენტი.

ამასთან, საქსტატის ანგარიშის მიხედვით, დაკავებული თანამდებობებისა და პოზიციების მიხედვით, ყველაზე დიდი შესწორებული საათობრივი გენდერული სახელფასო სხვაობა ხელოსნებისა და მონათესავე სფეროების მუშების პოზიციაზე დაფიქსირდა და 39.3 პროცენტი შეადგინა, მეორე ადგილზეა დანადგარებისა და მოწყობილობების ოპერატორები და ამწყობები (24.4%).

ცნობისთვის, გენდერული სახელფასო სხვაობა წარმოადგენს კაცისა და ქალის საშუალო ხელფასებს შორის სხვაობის თანაფარდობას კაცის საშუალო ხელფასთან.