„საქართველოში ეს ჩივილი ბევრ ადამიანს აწუხებს...“ - გიორგი ღოღობერიძე მიმართვას ავრცელებს

 გიორგი ღოღობერიძე

ექიმი გიორგი ღოღობერიძე გადაცემაში „შენი დილა“ მუცლის შებერილობის პრობლემაზე საუბრობს და განმარტავს, რომ საქართველოში ეს ჩივილი ბევრ ადამიანს აწუხებს. მისი თქმით, პაციენტებს ხშირად უგროვდებათ აირები ნაწლავებში, რაც იწვევს ტკივილსა და დისკომფორტს.

როგორც ექიმი აღნიშნავს, ადამიანები ხშირად გამოსავალს მედიკამენტებში ეძებენ, თუმცა თუ საქმე ფუნქციურ შებერილობას ეხება და ორგანული დარღვევა არ არსებობს, წამლები პრობლემის მიზეზს არ აგვარებს.

მისი განმარტებით, ყველაზე გავრცელებულია ორი ჯგუფის პრეპარატი: სიმეტიკონის შემცველი საშუალებები, რომლებიც აირის ბუშტუკების ზომას ამცირებს და დროებით ამსუბუქებს სიმპტომებს, ასევე ფერმენტული დანამატები, რომლებიც საკვების მონელებას აუმჯობესებს და აირების წარმოქმნას ამცირებს. თუმცა, ორივე შემთხვევაში ეფექტი დროებითია და მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ ჩივილები ხშირად თავიდან იწყება.

გიორგი ღოღობერიძე ხაზს უსვამს, რომ შებერილობის წინააღმდეგ ბრძოლა ცხოვრების წესის შეცვლასა და სწორი კვებითი ჩვევების ჩამოყალიბებას მოითხოვს. მისი თქმით, თუ ამის აუცილებლობა არ არსებობს, სასურველია პრობლემა მედიკამენტების გარეშე, ბუნებრივი გზით მოგვარდეს.