„მეცნიერების განვითარების პრობლემები საქართველოში” - ინტერვიუ ავთანდილ არაბულთან

არაბული

21-ე საუკუნე კაცობრიობისთვის ცივილიზაციის განვითარების ახალი ეტაპია, სადაც მეცნიერება არა მხოლოდ პროგრესის განმაპირობებელი ძალაა, არამედ სახელმწიფოების სტაბილურობის, დამოუკიდებლობისა და კონკურენტუნარიანობის საფუძველიც. ამ ტექნოლოგიური და გლობალიზებული სამყაროს ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განვითარებადი ქვეყნების — მათ შორის, საქართველოს — მზაობა, აქტიურად ჩაერთოს ცოდნის წარმოების პროცესში. მეცნიერების განვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსს, ავთანდილ არაბულს ვესაუბრეთ.

- როგორ შეაფასებდით მეცნიერების განვითარების არსებულ მდგომარეობას 21-ე საუკუნის დამოუკიდებელ ქართულ სახელმწიფოში?

კაცობრიობამ განვითარების ისეთ საფეხურს მიაღწია, რომელიც განსაკუთრებულ გამოწვევებს სთავაზობს არა მხოლოდ განვითარებად, არამედ ისტორიულად დაწინაურებულ, განვითარებულ სახელმწიფოებსაც კი. ცივილიზაციის განვითარების ტემპი და უშეღავათო ტექნოლოგიური მარათონი ქვეყნებსა და ხალხებს „ახარისხებს“ იმის გათვალისწინებით, მატარებელი და მწარმოებელია ის სამეცნიერო-ტექნოლოგიური ცოდნისა, თუ მხოლოდ მომხმარებელი (უარეს ვითარებაში - მხოლოდ ამ ცოდნის პროდუქტის მომხმარებელი). მეცნიერება დღეს, შეიძლება ითქვას, ყოველდღიური სოციალურ-კულტურული პროცესების უშუალო შემადგენელი გახდა. ის ცოდნა, რომელსაც ადრე მხოლოდ მეცნიერი-სპეციალისტი ან დარგის ექსპერტი ატარებდა, დღეს საყოველდღეო სამომხმარებლო ინსტრუქციას წარმოადგენს. ამან ერთგვარად ამორფული გახადა და გააუბრალოვა მეცნიერების ცნებით-შინაარსობრივი კონტურები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თავად მეცნიერების საჭიროება დადგა ეჭვქვეშ. პირიქით: მეცნიერების გარეშე დღეს ადამიანი ნაბიჯსაც ვერ გადადგამს, მეცნიერება გახდა საზოგადოების სტაბილური განვითარების პირობა. ახალი ტერმინოლოგიური შესიტყვებები - მეცნიერებატევადი ტექნოლოგიები, მეცნიერებატევადი ეკონომიკა სწორედ ამგვარი პროგრესული საზოგადოების არსებითი მახასიათებელია...

თუკი, ერთი მხრივ, ამ ზოგადი თვალთახედვით შევხედავთ ჩვენი ქვეყნის, დამოუკიდებელი საქართველოს ბოლო მესამედი საუკუნის განმავლობაში შექმნილ ვითარებასა და შესაძლებლობებს, ხოლო, მეორე მხრივ,გავითვალისწინებთ იმ სამეცნიერო რესურსებს(მატერიალურსაც და ადამიანურსაც), რაც გასული საუკუნის 80-იანი წლებისთვის არსებობდა, რბილად რომ ვთქვათ, სახარბიელო სურათს ნამდვილად ვერ მივიღებთ. მხოლოდ რაოდენობრივად რომ შევაფასოთ:

— საქართველოში არსებობდა მეცნიერების ორგანიზაციის ერთიანი სახელმწიფო სისტემა - მეცნიერებათა აკადემია (მეცნიერების ცალკეული სტრუქტურები ვითარდებოდა უმაღლეს სასწავლებლებშიც);

— ამ სისტემაში ერთიანდებოდა 70-მდე დარგობრივი კვლევითი ინსტიტუტი;

— მეცნიერის პოზიციაზე ამ სისტემაში დასაქმებული იყო 40000-ზე მეტი მუშაკი;

— აღნიშნული სტრუქტურების უმეტესობა აღჭურვილი იყო სათანადო კვლევითი ბაზებითა და ტექნოლოგიებით;

— სახელმწიფოს ჰქონდა სამეცნიერო კვალიფიკაციის რანგობრივი სისტემა;

— თავისი პოტენციალით კვლევითი სტრუქტურები მუდმივ კავშირს (უკუკავშირს) ინარჩუნებდა საუნივერსიტეტო განათლებასთან.

როგორია ახლანდელი ვითარება?

დღეს ქვეყანას ერთიანი სამეცნიერო სისტემა აღარა აქვს. მოშლილია ყოფილი სამეცნიერო სტრუქტურების უმეტესობა და განადგურებულია მათი ბაზები (ბიბლიოგრაფიული და საარქივო ფონდებიც კი). გაუქმებულია სამეცნიერო კვალიფიკაციის სისტემა. მეცნიერის კვალიფიკაციით დასაქმებულთა რაოდენობა 3000-მდე შემცირდა. ბუნებრივად მოიშალა კავშირი უმაღლეს განათლებასთან...

ყოველივე ამასთან ერთად უნდა გავითვალისწინოთ განვითარების ის ტემპებიც, რაც განვითარებულ კაცობრიობას აქვს აღებული და რომლის ლოგიკითაც თანამედროვეობის ყოველი 10 წელი თავისი შედეგებით ადრეული ერთი საუკუნის ტოლფასია და, შესაბამისად, განვითარებადი ქვეყნების ჩამორჩენის მასშტაბები ყოველწლიურად კატასროფულად იზრდება. აგერ, ჩვენს თვალწინ და ჩვენ გარეშე დაიწყო ხელოვნური ინტელექტის ეპოქა!..

ერთია ქვეყნის განვითარების პერსპექტივებზე საუბარი, მაგრამ მეორე მხრივ აუცილებლად გასათვალისწინებელია ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ერის ტრადიციები ამ თვალსაზრისით. მთელი ისტორიის განმავლობაში ქართველი ხალხი გამოკვეთილად იყო ორიენტირებული ინტელექტუალურ განვითარებაზე, ცოდნის შეძენასა და სააზროვნო კულტურის, შემოქმედების განვითარებაზე. ჩვენი ქვეყანა ყოველთვის აქტიურად იღებდა ცივილიზაციურ გამოწვევებს და არცთუ იშვიათად იკავებდა მოწინავე პოზიციებს; იგი ხშირად ამ თვალსაზრისით ღირსეულ პარტნიორობასა და მეტოქეობასაც უწევდა დიდ იმპერიებს. შეიძლება ითქვას, ისტორიულად ჩვენ ვართ ინტელექტუალური განვითარების ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა და თუ ამ ორ მომენტს გავითვალისწინებთ - ჩვენ ქვეყნის ისტორიას და თანამედროვე გლობალიზაციის პროცესების კარნახს - მაშინ უნა ვთქვათ, რომ დღევანდელი საქართველოს მდგომარეობა მეცნიერების თვალსაზრისით არანაირად არ არის დამაკმაყოფილებელი.

ობიექტურობისათვის უნდა აღინიშნოს, რომ გასული საუკუნის 90-იანი წლები, საქართველოს დამოუკიდებლობის პირველი ათწლეული ჩვენი ქვეყნისთვის აღმოჩნდა უმძიმესი განსაცდელი - პროვოცირებულმა კონფლიქტებმა და ღრმა პოლიტიკურმა კრიზისმა გამოიწვია სერიოზული საარსებო პრობლემები. გაჩნდა რესურსების დეფიციტი, ეკონომიკური დეგრადაცია, ეროვნული ვალუტისა და მყარი რეზერვების არარსებობა... ასეთ დროს, ჩვეულებისამებრ, ჩნდება იმის განცდა, რომ ინტელექტუალური პროცესები, მეცნიერება, შემოქმედება ფუფუნების საგანია და ახლა ქვეყანას ამისთვის „არ სცხელა“. ასეთი ფიქრი სერიოზული შეცდომაა. ასე რომ ემსჯელათ ჩვენს წინაპრებს, გაპარტახებულ ტაო-კლარჯეთში უწინარესად საეკლესიო-სამონასტრო ცხოვრების აღორძინებაზე არ იფიქრებდნენ და ვერც მომავალი ძლიერი საქართველოს საფუძველს შექმნიდნენ. მაგრამ ამაზე საუბარი წყლის ნაყვაა იმათთან, ვინც, საზოგადოდ, ნიჰილისტურად უყურებს ჩვენი ქვეყნის ინტელექტუალურს და შემოქმედებით მემკვიდრეობას...

სწორედ ამ აბუჩი მსოფლმხედველობისა და ცივი პრაგმატიზმის მატარებლები მოვიდნენ მართვის სადავეებთან ამ საუკუნის დასაწყისში და, რეფორმის სახელით, შეგნებულად თუ შეუგნებლად, მიზანმიმართულად და აზრისა და მიზნის გარეშე პირწმინდად მოშალეს მეცნიერების არსებული სისტემა, თანაც ისე, რომ ალტერნატიული, ახალი სისტემის ჩამოყალიბებაზე არათუ არ უფიქრიათ, არამედ, როგორც შედეგებმა გამოაჩინა, დასაშვებადაც კი არ მიიჩნიეს რაიმე ფორმით ასეთი სისტემის ჩამოყალიბება. რაში გამოიხატა მათეული „რეფორმა“:

გაუქმდა მეცნიერებათა აკადემიის სისტემა;

უნივერსიტეტებში გაუქმდა ე.წ. სამეცნიერო სექტორი და შესაბამისი თანხები გადავიდა სამინისტროს განკარგულებაში;

გაიყინა კვლევითი დაწესებულებების სახელფასო ფონდი;

შეიქმნა სახელმწიფო საგრანტო ფონდი და სახელმწიფო სახსრების უდიდესი ნაწილი გადავიდა თავისუფალ კონკურსებში;

გაუქმდა სამეცნიერო ხარისხები და წოდებები;

მოიშალა ახალგაზრდების მოზიდვის შესაძლებლობა სამეცნიერო ასპარეზზე;

უნივერსიტეტებში გაუქმდა კათედრები, ის უმთავრესი უჯრედი, სადაც ბუნებრივად ხდებოდა სინთეზი საუნივერსიტეტო განათლებისა და აკადემიური მეცნიერებისა, სადაც უშუალოდ გადაეცემოდა ახალ თაობას მოძღვართა სამეცნიერო ესტაფეტა...

ამიტომაც რა გასაკვირია, რომ ამ „რეფორმამ“ არანაკლები ზიანი მიაყენა ჩვენს საუნივერსიტეტო განათლებას (და, ცხადია, ზოგად საგანმანათლებლოსაც). აი, უმთავრესი მიზეზები, რის გამოც ჩვენი ნიჭიერი ახალგაზრდობა უკანმოუხედავად ცდილობს ბედის ვარსკვლავის სხვა ქვეყნებში ძებნას!..

სხვათა შორის, ამ საფრთხეებზე ღიად ვლაპარაკობდი ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც აღნიშნულ პოლიტიკას ჯერ კიდევ მხოლოდ კონტურები უჩანდა, კერძოდ, მაშინ, 2004 წელს დავწერე ვრცელი ნარკვევი „ჟამი მეცნიერების გამოსარჩელების“, რომლის შეფასებებიც, სამწუხაროდ, დღესაც არ კარგავს სიმწვავეს.

- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის რეფორმის შედეგები - რა იყო და რა პრობლემების წინაშე აღმოვჩნდით?

საქართველოს მეცნიერებათა აკადემია იყო ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი ეროვნული მონაპოვარი, ღირსეული განაცხადი მეოცე საუკუნის მაღალგანვითარებულ ერთა ოჯახში. ეს ნიშნავდა იმას, რომ საქართველოს ჰქონდა ფუნდამენტური, საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული სრული სპექტრი. მათ შორის, რამდენიმე სამეცნიერო სკოლა (მათემატიკის, ფიზიოლოგიის, ფსიქოლოგიის, ენათმეცნიერების...) მაღალი საერთაშორისო აღიარების იყო. აკად. თამაზ გამყრელიძის ფორმულირებით, ქართული სამეცნიერო სკოლები უპასუხებდნენ მსოფლიო მეცნიერების მოთხოვნებს და ზოგ შემთხვევაში თვითონ განსაზღვრავდნენ ამ დონეს. აკად. გიორგი კვესიტაძე იგონებს, რომ აშშ ექსპერტების შეფასებით, საქართველო მესამე ადგილს იკავებდა მაშინდელი საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიებს შორის. თავად ეროვნული აკადემიის ჩამოყალიბების პროცესიც დაუჯერებლად სწრაფი ტემპით განვითარდა. 1918 წელს დაფუძნებული ეროვნული უნივერსიტეტი საოცრად ნაყოფიერი წიაღი აღმოჩნდა მეცნიერებათა დარგების სისხსავსე განვითარებისათვის. მას შემდეგ, რაც ივანე ჯავახიშვილმა უნივერსიტეტი გახსნა, იმდენად მაღალი ტემპი ჰქონდა მეცნიერების განვითარებას საქართველოში, 15 წელიც არ იყო გასული, რომ უკვე გაჩნდა უნივერსიტეტის ფარგლებში სამეცნიერო ინსტიტუტები, რომელთა მასშტაბი იმ სივრცეში ვეღარ ეტეოდა. 1933 წლიდან იმდროინდელმა საბჭოთა კავშირმა საქართველოს შესთავაზა, რომ აქ, სამხრეთ კავკასიაში გახსნლი იყო საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის ფილიალი. მაგრამ ეს ინიციატივაც არასაკმარისი აღმოჩნდა, რადგან ქართული მეცნიერება ერთობ ინტენსიურად ვითარდებოდა და, აი, 1941 წელს დაფუძნდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემია. აკადემიის ფარგლებში უსწრაფესად განვითარდა სამეცნიერო დარგები, ისე, რომ ამ დროიდან მეოთხედი საუკუნის შემდეგ 80-მდე სტრუქტურა მოიაზრებოდა აკადემიის სისტემაში.

გასული საუკუნის ბოლო ოცწლეულში დაწყებული საბჭოური სისტემის კრიზისი, ცხადია, აკადემიური მეცნიერების ორგანიზაციაზეც აისახა, თუმცა მეცნიერებათა ცალკეული დარგები პოზიციებს არ თმობდნენ და ადეკვატურად უპასუხებდნენ ახალი დროის საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნოლოგიურ გამოწვევებს.

ამას ყველა კარგად ხედავდა, მათ შორის, დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ლიდერებიც, მაგრამ იდეოლოგიას დასჭირდა და ახალმა „რეფორმატორებმა“ საბჭოურ სისტემად შერაცხეს მეცნიერების აკადემიური ორგანიზაცია. ეს წმინდა წყლის დემაგოგია იყო, რადგან აკადემია გერმანული სამეცნიერო სისტემის პროდუქტი იყო, რომელიც სათავისოდ გამოიყენა ჯერ მეფის რუსეთმა, შემდეგ კი თავის ინტერესებს მოარგო საბჭოთა კავშირის მმართველობამ.

ერთი სიტყვით, აკადემიის სამეცნიერო სისტემა ამ პიარული იარლიყით დაშალეს ისე, რომ შედეგებზე არც უფიქრიათ (უფრო სწორად, იმ სავალალო პერსპექტივას, რასაც მეცნიერებას უმზადებდნენ, ფიქრი აღარც სჭირდებოდა!). როგორც ქვეყნის მაშინდელი პრეზიდენტი თავის მოგონების წიგნში უგბილი პირდაპირობით აღიარებს, აკადემია მთლიანად უნდა გამეუქმებინა, მაგრამ ივანიშვილმა არ დამანებაო.

ასე რომ, აღნიშნული ვოლუნტარისტული გადაწყვეტილების შედეგად დატოვეს მხოლოდ აკადემიის პრეზიდიუმი (აკადემიის წევრთა კორპუსი), ხოლო მისი სამეცნიერო სტრუქტურები დამოუკიდებლად დაუქვემდებარეს განათლების სამინისტროს. მივიღეთ ის, რომ ეს ინსტიტუტები მექანიკურად აღმოჩნდნენ დაკავშირებული სამინისტროსთან, რომელშიც შესაბამისი კომპეტენციის ადამიანი ფაქტობრივად არ მოიძებნებოდა. მათ არ შეეძლოთ გაეკონტროლებინათ, ასრულებდა თუ არასამეცნიერო გეგმას ესა თუ ის კვლევითი დაწესებულება, რა პრობლემების წინაშე იდგნენ ისინი. მოიყვანეს თავიანთი „კომისრები“ და დაიწყო ინსტიტუტების კვდომის პროცესი; გაიყინა ინსტიტუტების ბიუჯეტები, შტატების განახლება აღარ ხდებოდა და, შედეგად, მეცნიერების აწყობილი სისტემიდან ჩვენ მივიღეთ ნანგრევები, რომლის„ფორმირების“ პროცესი მიმდინარეობდა 5-6 წლის განმავლობაში (2006-2011). ამის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ ეს ინსტიტუტები სამინისტროდან უნივერსიტეტებისთვის გადაებარებინათ. ამ გადაბარების დროს ინსტიტუტებს გაუუქმეს დამოუკიდებელი იურიდიული სტატუსი და მიუერთეს ფაქტობრივ უფუნქციო სტრუქტურულ ერთეულებად. არავის უკითხავს მათთვის, რამდენად სჭირდებოდა ამა თუ იმ უნივერსიტეტს მსგავსი ინსტიტუტები, მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ ამ უნივერსიტეტებს ხშირად თავად ჰქონდათ ანალოგიური სტრუქტურები და წარმოიქმნებოდა არცთუ უმნიშვნელო ინტერესთა და უფლებათა კოლიზია.

მოსალოდნელია გაგიჩნდეთ კითხვა: საჭიროებდა თუ არა მეცნიერებათა აკადემიის სისტემა რეფორმირებას იმ ახალი პირობების გათვალისწინებით, რაც ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებისა და საერთაშორისო პოლიტიკური პარადიგმის ცვლილების პროცესს მოჰყვა?

ამგვარი რაციონალური ცვლილებების აუცილებლობა, ცხადია, იკვეთებოდა ყოველივე იმის გათვალისწინებით, რაც ქართული სახელმწიფოებრიობის სრულფასოვანი განვითარებისა და, რაც მთავარია, მისი რესურსების ფარგლებში იქნებოდა შესაძლებელი. შესაძლებელია ამისთვის სისტემის ოპტიმიზაცია გვეწოდებინა, მაგრამ ახლა ამ დაკარგულ შესაძლებლობაზე შეჩერება არაფრის მომცემია. იმის დასტურად კი, რომ სამეცნიერო საზოგადოება საქმიანად განსჯიდა ამ პრობლემას, დაგისახელებთ ჯერ კიდევ 1989 წელს გამოქვეყნებულ წერილს აკად. მერაბ ალექსიძისას, რომელიც სამეცნიერო სისტემის შესაძლო განვითარებას ეხებოდა. იყო სხვა პუბლიკაციებიც...

- როგორ გესმით განათლებისა და მეცნიერების ინტეგრაცია და რა შედეგები გვაქვს ამ მიმართულებით?

ეს სიტყვა - ინტეგრაცია - ეწერა „რეფორმატორების“ დროშაზე და ამ „პროგრესული“ ლოზუნგით მოხდა ბევრი გაუაზრებელი შეთქვეფა: ფაკულტეტების ინტეგრაცია, სასწავლო კურსების ინტეგრაცია, აკადემიური ფუნქციების ინტეგრაცია, რაც მთავარია, განათლებისა და მეცნიერების ინტეგრაცია...

რამდენიმე წლის წინ ერთ პუბლიცისტურ წერილზე ვმუშობდი და თავად გავაკეთე მარტივი სტატისტიკა: უბრალო აღრიცხვით აღმოჩნდა, რომ, მაგალითად,ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერებათა დოქტორებისა და კანდიდატების თითქმის ნახევარი „რეფორმამდელ“ პერიოდში დაკავშირებული იყო შესაბამის კათედრასთან უნივერსიტეტში,ასწავლიდა და საკვალიფიკაციო შრომაში ხელმძღვანელობდა მაშინდელ სტუდენტებსა და ასპირანტებს. ინტეგრირების ლოზუნგით მომხდარი რეფორმის შემდეგ აღმოჩნდა, რომ იმავე მეცნიერთა უმეტესობა აღარ არის დაკავშირებული უნივერსიტეტთან, მას არათუ ლექციის ჩატარების, არამედ აკადემიური ხარისხის მაძიებლის (მაგისტრანტის, დოქტორანტის) ხელმძღვანელობის უფლება არა აქვს. ეს, რა თქმა უნდა, არ არის„ინტეგრაცია“. ამას უფრო მეცნიერების გამოთიშვა ჰქვია სასწავლო პროცესისგან. ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი, რამაც დასცა უმაღლესი სასწავლებლის დონე.

ტრადიციული უნივერსიტეტის დარგობრივი კათედრა იყო იდეალური ასპარეზი სტუდენტისა და მეცნიერი-პროფესორის შემოქმედებითი კავშირისთვის. ისინი არა მხოლოდ სასწავლო, არამედ სამეცნიერო გაზიარების პროცესში ხდებოდნენ კოლეგა-პარტნიორები და, შემდგომ, კონკურენტებიც კი. პროფესორის ლექციის თემატიკაზე სტუდენტებთან პრაქტიკულად მუშაობდა მისი ასპირანტი თუ მაძიებელი და ასე ხვეწდა საკუთარ კონკურენტუნარიანობას. მე ასე მესმის ინტეგრაცია: მეცნიერული ცოდნის მატარებელი პროფესიულ ცოდნას გადასცემს მოწაფეს და, იმავე დროს,აყალიბებს ღირსეულ შემცვლელად... ახლა მეცნიერთა უმეტესობას ეს შესაძლებლობა წართმეული გვაქვს

- როგორც თქვენი საუბრიდან ჩანს, არცთუ სახარბიელოდ მიმდინარეობს თაობათა ცვლის პროცესი მეცნიერების სფეროში. რაში ხედავთ გამოსავალს?

თაობათა ცვლის ბუნებრივი პროცესი, სამწუხაროდ,არა მხოლოდ მეცნიერების სფეროშია დარღვეული, არამედ ის ქვეყნის ქმედუნარიანობის სერიოზული პრობლემაა. როდესაც ქვეყნიდან მილიონ-ნახევარი უპირატესად აქტიური ასაკის მოქალაქე უცხო ქვეყნებში არის მიგრირებული, ეს სერიოზულად აისახება ჩვენს შრომის ბაზარზე. მევენახეს ხელის შემშველებელი გაქცევია, მესაქონლეს ნახირის გამყოლი არა ჰყავს, ასაკოვან ოსტატს ხელობის მცოდნე შეგირდი ვერ უპოვია, ხშირად ახალი ტექნიკური მოდელის კვალიფიციურ ხელოსანს ვერ იპოვით, მედიცინაში დამხმარე პერსონალის სერიოზული ნაკლებობაა... რაც შეეხება მეცნიერების სფეროს, აქ ყველაზე სავალალო მდგომარეობაა. ჩვენი სტუდენტი ახალგაზრდობა სამეცნიერო პერსპექტივაზე, ჩვეულებისამებრ, არ ფიქრობს. ამას, გარდა მეცნიერული ასპარეზის განსაკუთრებული „ეკლიანობისა“, სამი ობიექტური ფაქტორი განაპირობებს: უმთავრესი ის, რომ მეცნიერის შრომის ანაზღაურება ჩვენს ქვეყანაში ყველაზე დაბალია; მეორეც - სამეცნიერო კვალიფიკაციის გაზრდის შესაძლებლობა მოჭრილია; მესამეც - მეცნიერების სფეროში სამუშაო ადგილის მოპოვებასა და, მით უფრო, კარიერულ წინსვლაზე ფიქრი თითქმის უიმედოა. ამიტომაც, ვისაც კი ინტელექტუალური შესაძლებლობები „აწუხებს“, სხვა ქვეყნებში მიდის სასწავლებლად და სამუშაოს საძებნელად. ასე რომ, ჩვენს მომავალ თაობას, სამეცნიერო ცვლას ვერ ვუქმნით ინტელექტუალური განვითარების შესაფერის პირობებს და ვერ ვთავაზობთ შესაფერის შემოქმედებით პერსპექტივას. შეიძლება ითქვას, აკადემიურ თაობათა შორის საბედისწერო წყვეტაა, ჩვენ უპირატესად ვეღარ ვახერხებთ ჩვენი სამეცნიერო ცოდნის გადაცემას მომავალ თაობებში...

ამ არასახარბიელო სურათს აკადემიური საფეხურების მონაცემებს შორის მხოლოდ სტატისტიკური შედარებაც კი ნათლად წარმოგვიდგენს. ეროვნული გამოცდების გავლით აბიტურიენტთა 96-96 პროცენტი ხვდება სხვადასხვა უნივერსიტეტის სხვადასხვაგვარ სწავლებაზე. ამათგან უმეტესობა ამაოდ ხარჯავს დროსა და რესურსებს, სრულიად უშედეგოდ ამთავრებს ბაკალავრიატის ოთხწლიან კურსს, რაც კვალაფიკაციის თვალსაზრისით ფუჭი შედეგია. რა ნაწილი აგრძელებს ამათგან მაგისტრატურის საფეხურზე სწავლას? მესამედიც არა! - ამით ყველაფერია ნათქვამი. აკადემიური დოქტორანტურის საფეხური ხომ ბოლომდე აშიშვლებს სისტემის საგანგაშო ნაკლოვანებებს...

ამიტომაც არის, რომ დღეს დარგში არათუ კონკურენციის, არამედ ერთი კვალიფიციური სპეციალისტის პოვნაც კი ხშირად სერიოზული პრობლემაა.

- როგორია ქართველოლოგიის დღევანდელი მდგომარეობა და რაში ხედავთ გამოსავალს შექმნილი ვითარებიდან?

იმ პრობლემებს შორის, რაც ქართული სამეცნიერო სკოლების შენარჩუნებას უკავშირდება, განსაკუთრებული ადგილი უკავია ქართველოლოგიის, ქართველოლოგიური დარგების მოვლა-პატრონობას. შეიძლება ყველაფერზე თქვას ადამიანმა უარი, მაგრამ საკუთარ ვინაობაზე ვერ იტყვი უარს, თუნდაც სულაც უსახსროდ დარჩეს. სწორედ ასეთია ჩვენი ერისათვის ქართველოლოგია. სწორედ ასე ეპყრობა ყველა თავმოყვარე ერი და ქვეყანა საკუთარ კულტურულ მემკვიდრეობას და უპირველესად მას არ ტოვებს სხვათა იმედად. ამისი საუკეთესო მაგალითია, კერძოდ, ფრანკოფონიური პოლიტიკა, რომელსაც საფრანგეთის რესპუბლიკა განსაკუთრებულ რესურსებს ახმარს მსოფლიოს არაერთ რეგიონში...

ჩვენ ვცხოვრობთ უკიდურესად პრაგმატულ ეპოქაში, როდესაც ღია მსოფლიო ბაზარი და საინფორმაციო სივრცე აკონტროლებს ყველაფერს, რასაც კი შეიძლება ღირებულება ჰქონდეს. ასეთ გამოყენებით ურთიერთობებს განეკუთვნება მეცნიერებაც და ის მეცნიერებიც, რომლებიც ახალ სამეცნიერო იდეებს ატარებენ. საკმარისია თქვენ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სფეროში რაიმე ფასეული შექმნათ და „მუშტარი“ მსოფლიოს არაერთი ორგანიზაციიდან თუ ფონდიდან გამოგიწვდით ხელს. ნამდვილი მეცნიერული სიახლე, საბედნიეროდ, უმეურვეოდ არ რჩება და ამისი დასტურია ქართველი მათემატიკოსების, ფიზიკოსების, მიკრო ბიოლოგების წარმატებები საერთაშორისო არენაზე (ამჯერად გვერდი ავუაროთ ე.წ. „ტვინების გადინების“ პრობლემას). მაგრამ ასე არ არის ქართველოლოგიურ სფეროებში, იშვიათი გამონაკლისის გარდა, მისი მეურვე და გულშემატკივარი მხოლოდ საქართველო და ქართველი ხალხი შეიძლება იყოს. ამიტომაც სჭირდება სახელმწიფოს ქართველოლოგიის განვითარების ერთიანი პოლიტიკა, რადგანაც შესაბამისი მემკვიდრეობა ძალიან დიდია, ხოლო ჩვენი ქვეყნის რესურსები ძნელად გასწვდება ამ დიდი მემკვიდრეობის მოვლას. ფიგურალურად რომ ვთქვათ, მთელი საქართველო რომ ჩავებათ ჩვენი წინაპრების კულტურული მონაპოვრების მოვლა-პატრონობაში, ვერც კი გავწვდებით მთელ ამ საგანძურს!..

ქართველოლოგიურ დარგებს წარმოადგენს ის მეცნიერებები, რომლებიც იკვლევენ ქართველი ხალხის მატერიალურ და სულიერ კულტურულ მემკვიდრეობას, ჩვენი ქვეყნის დიდი წარსულის უძვირფასეს მონაპოვრებს - ისტორიას, ენას, ლიტერატურას, ხელოვნებას... ამაზე ვერ იტყვის ქვეყანა უარს, რადგან ამით უარს ამბობს თვითმყოფადობაზე. ეს არის ჩვენთვის სასიცოცხლო ამოცანა. მთელი საქართველო და დღევანდელი ხელისუფლებაც, ვფიქრობ, კარგად ხედავს, რომ ჩვენი თვითმყოფადობის დაცვის ამოცანები უპირველესად ეროვნული (სახელმწიფო) ენის შენარჩუნებას, მისი საარსებო სივრცის გაჯანსაღება-გაფართოებას გულისხმობს.

- აკმაყოფილებს თუ არა ქართული სახელმწიფო ენის განვითარების სამამულო პოლიტიკა საერთაშორისო სტანდარტებს და, თუ არა, რას შესთავაზებდით საზოგადოებას?

დღეს, გლობალიზაციის პირობებში, ენების დაცვის საკითხი განსაკუთრებულად დგას. ევროპული ქვეყნები იძლევიან სანიმუშო მაგალითებს სახელმწიფო ენების დაცვა - განვითარების მიმართულებით. ენობრივი პოლიტიკის თანამედროვე პრინციპები სწორედ თანამედროვე ევროპულ სივრცეში ჩამოყალიბდა. ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში უმალვე დაინახავთ ამას. ამავე თვალით თუ შევხედავთ ჩვენი სახელმწიფო ენის მდგომარეობას, ბევრი რამ არ შეეფერება საერთაშორისო სტანდარტებს, როგორც სხვა შემთხვევებისთვის გვიყვარს ამ კრიტერიუმით თავის მოწონება. აბა, რას ჰგავს, ამ თვალსაზრისით ჩვენი უმშვენიერესი დედაქალაქი, ანდა ჩვენი რეგიონები... უფრო საგანგაშოა ენაში მიმდინარე სიღრმისეული პრობლემები...

უნდა ითქვას, რომ ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სახელმწიფო ენის საკანონმდებლო უზრუნველყოფის მიმართულებით. ახალ კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის სტატუსი კიდევ უფრო ამაღლდა. ამით სახელმწიფო ენის კანონი, რომელიც 2015 წელს მივიღეთ, აყვანილ იქნა ორგანული კანონის რანგში. დაარსდა საგანგებო სამთავრობო სტრუქტურა  - სახელმწიფო ენის დეპარტამენტი. დღეს ეს ყველაფერი კი არსებობს, მაგრამ რეალურად სახელმწიფო ენის დაცვის რეალური პროგრამა არ ხორციელდება, პირდაპირ რომ ვთქვათ, ჩვენს ქვეყანას არა აქვს სახელმწიფო ენის განვითარების ერთიანი პოლიტიკა.

-  ამჟამად თქვენ ხელმძღვანელობთ მეცნიერებათა აკადემიის „რუსთაველის კომიტეტს“. რა ამოცანებს წყვეტა დღეს ეს სტრუქტურა და რა არის მისი პერსპექტიული გეგმები?

„რუსთაველის კომიტეტი“ საკმაოდ დიდი ტრადიციის სამეცნიერო სტრუქტურაა, მისი სრული სახელწოდებაა „ვეფხისტყაოსნის“ აკადემიური ტექსტის გამოცემისა და „ქართული ენის თესაურუსის“ კომიტეტი“. ის მემკვიდრეა„ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის დამდგენი კომისიისა, რომელიც საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის ბრძანებით შეიქმნა 1962 წელს, უპირველესად რუსთაველის 800 წლისთავის საიუბილეო მზადების ნიშნით, იმ იუბილესი, რომელიც 1966 წელს გაიმართა მართალაც დიდი მასშტაბით. ამის შემდეგ კომისიამ კიდევ უფრო გააღრმავა და გააფართოვა რუსთაველის პოემისა და, საზოგადოდ, იმ კულტურული გარემოს კვლევა, რომელმაც ამ გენიალური ნაწარმოების შექმნა განაპირობა. აღნიშნული კომისიის მუშაობის შედეგები თვალსაჩინოა პოემის აკადემიური ტექსტის დადგენაში; „ვეფხისტყოსნის“ რამდენიმებაკადემიური გამოცემა, ხელნაწერი ვარიანტების კვლევა და პუბლიკაცია მისი დამსახურებაა; კომისიის მუშაობის განსაკუთრებული ასპექტია იმ ლექსიკოგრაფიული ბაზის შექმნა, რომელიც ყველაზე სრული ამსახველი იყო ქართული ენის დიდი მწიგნობრული ისტორიისა.

სწორედ ამ ბაზის საფუძველზე დაისახა მიზნად აკად. თამაზ გამყრელიძემ, რომ, გარდა ვეფხისტყაოსნის ტექსტის შესწავლისა, კომიტეტს დაეწყო ქართული ენის თესაურუსის (ანუ ისტორიული ლექსიკონის) შედგენა. მეცნიერების განვითარების ამ ეტაპზე დასახული მასშტაბური ამოცანის განხორციელების შესაძლებლობას ქმნის ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება ენობრივი ამოცანების გადაწყვეტაში.

ამ ეტაპისათვის „რუსთაველის კომიტეტს“ უკვე აქვს მნიშვნელოვანი წარმატებები, რამდენადაც მან საკუთარი ამოცანებისათვის შექმნა მოცულობითი ციფრული ტექსტური ბაზა, რომელიც დაუქვემდებარა ლემატიზაციის ერთიან წესებს და ელექტრონული სახით უკვე შექმნა ორი ლექსიკოგრაფიული პროდუქტი: „ვეფხისტყაოსნის შესიტყვებათა ლექსიკონი“ და „ქართული ბიბლიის სიმფონია-ლექსიკონი“. მალე მათ საზოგადოება ბეჭდური სახითაც იხილავს.

ამავე დროს, არსებითად სრული სახით პირველად გამოიცემა პოემა იმ ძველი ქართული ორთოგრაფიით, რომელიც ყველაზე უკეთ უნდა ასახავდეს ავტორისეულ ენობრივ პოზიციას.