1752783948
საქართველო უმცირესობის უფლებების დაცულობის გაუმჯობესებით 21-ე საუკუნის საუკეთესო ხუთეულშია, 2012 წლის შემდეგ განცდილი პროგრესით მსოფლიოში მე-12 ადგილს იკავებს და მსოფლიოს 40 საუკეთესო ქვეყანას შორისაა

„ატლანტიკურმა საბჭომ“ კეთილდღეობის 2025 წლის ინდექსის სრული დეტალური საანგარიშგებო მონაცემები გამოაქვეყნა. კვლევაში, საზოგადოებრივი კეთილდღეობა გააზრებულია არა მხოლოდ მოსახლეობის შემოსავლების დონის, არამედ სოციალური თანასწორობის, უმცირესობათა უფლებების დაცულობის, გარემოს დაცვის, განათლების და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის თვალსაზრისით.
უმცირესობის უფლებების ინდექსის შეფასების 100%-იანი სისტემით საქართველომ 74.8% დააფიქსირა და მსოფლიოს 164 ქვეყნიდან 40 საუკეთესოს შორის 39-ე ადგილზე დაწინაურდა.
უმცირესობების უფლებების დაცულობის ინდექსი ასახავს დისკრიმინაციას ან/და ადამიანთა გარიყვას საჯარო სერვისებიდან, სახელმწიფო სამსახურებიდან ან ბიზნესშესაძლებლობებიდან გენდერული ნიშნით, პოლიტიკური აფელირების და სოციალური ჯგუფის (ეთნიკური, რასობრივი, ენა, რეგიონი, კასტა, რელიგიური, იმიგრაციული სტატუსი და ა.შ.) კუთვნილების საფუძველზე.
უმცირესობის უფლებების დაცულობის შეფასების გაუმჯობესებით საქართველო 21-ე საუკუნის საუკეთესო ხუთეულში მოხვდა. ორგანიზაციის დასკვნით, ჩვენს საუკუნეში, ანუ 2001-2024 წლების პერიოდში მსოფლიოში უმცირესობის უფლებების დაცულობა მხოლოდ 0,01% პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა, ევროკავშირში კი პირიქით 0,9 პროცენტული პუნქტით გაუარესდა. შედარებისთვის ამ პერიოდში საქართველოში უმცირესობის უფლებების დაცულობის მაჩვენებელი 14 პუნქტით არის გაზრდილი. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, ის ფაქტი, რომ საქართველო მსოფლიოში მე-12 ადგილზე გავიდა 2012 წლის შემდეგ განცდილი პროგრესის მიხედვით. ორგანიზაციის შეფასებით, ბოლო 12 წელიწადში საქართველოში უმცირესობის უფლებების დაცულობის ინდექსი 6,2 პუნქტით გაუმჯობესდა. შედარებისათვის ამ პერიოდში ევროკავშირის მაჩვენებელი გაუმჯობესების ნაცვლად 2 პროცენტული პუნქტით არის გაუარესებული.
2012 წლის შემდეგ გლობალურ რეიტინგში საქართველო 12 ადგილით დაწინაურდა და დღეს უმცირესობის უფლებების დაცულობით მსოფლიოში 39-ე ადგილზეა, რეიტინგით კი უსწრებს ნატოს და ევროკავშირის წევრს 9 სახელმწიფოს: დიდ ბრიტანეთს, პოლონეთს, ხორვატიას, რუმინეთს, უნგრეთს, ალბანეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, მონტენეგროს, თურქეთს
თავისუფლების და კეთილდღეობის ინდექსებს „ატლანტიკური საბჭოს“ თავისუფლების და კეთილდღეობის ცენტრი აწარმოებს და ძირითადად ეფუძნება მსოფლიო ბანკის გლობალური მმართველობის ინდიკატორების, გაეროს, ამერიკული ორგანიზაცია ჰერითიჯ ფაუნდეიშენის და ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ დეტალურ საერთაშორისო კვლევებს, მეცნიერულ ექსპერტიზას და აგრეგირებულ ინდექსებს.