„საირმეს რეკრეაციული ფერმის“ ტერიტორიაზე სკოლის მოსწავლეებისთვის შემეცნებითი ტური ჩატარდა

საირმე

იმერეთის რეგიონში მდებარე, ბიომრავალფეროვნებით გამორჩეულ საირმეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგებთან ერთად სტუმრობდნენ. საშუალო და უფროსკლასელების, სულ 35 მოზარდის მასპინძელი „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ იყო. მოსწავლეებმა წინასწარ სპეციალურად მონიშნული ადგილები მოინახულეს, მათ შორის წითელი მინდორი, ტყის მასივი და ჩანჩქერი. გაეცნენ მცენარეთა იშვიათ სახეობებს და რეკრეაციული ფერმის შესახებ მიიღეს ინფორმაცია. 

„საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“, პირველად ისტორიაში, კავკასიურ კეთილშობილ ირემსა და არჩვს გაამრავლებენ. ინვესტორი ვანისა და ბაღდათის მდინარეებში მთის კალმახის გამრავლებაზეც იზრუნებს. პროექტის განსახორციელებლად 5 წლის განმავლობაში არანაკლებ 4 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება.

ირაკლი გორგოძე, „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ დირექტორი: „საირმეს რეკრეაციული ფერმის" ტერიტორიაზე სიამოვნებით ვუმასპინძლეთ სკოლის მოსწავლეებს. შევეცადეთ, მათთვის მიგვეწოდებინა საინტერესო ინფორმაცია ჩვენი გეგმებისა და განხორციელებული აქტივობების შესახებ.

გვინდა, ადგილობრივმა მოსახლეობამ, განსაკუთრებით კი მომავალმა თაობამ იცოდეს ყველა იმ სიკეთის თაობაზე, რომელსაც ჩვენი ისტორიული პროექტი მოიტანს გრძელვადიან თუ მოკლევადიან პერსპექტივაში. საუბარია როგორც ბუნებრივი რესურსების დაცვასა და ათვისებაზე, ისე დასაქმებაზე, ამ უნიკალური ტერიტორიის პოტენციალის მაქსიმალურ ათვისებასა და ტურიზმის განვითარებაზე. ეს ყველაფერი კი საბოლოოდ რეგიონის ცნობადობის გაზრდასა და ეკონომიკურ გაძლიერებას შეუწყობს ხელს“.

„საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ტურისთვის, პირველი ექსკურსიისთვის სკოლა საგანგებოდ შეირჩა. მეორე საჯარო სკოლაში ეკოკლუბი ფუნქციონირებს, რომელშიც სხვადასხვა კლასის მოსწავლეები არიან გაწევრიანებულები. ეკოლოგია, უნიკალური ფლორა, ფაუნა, ბუნებაზე ზემოქმედების რისკები და დაცვა მათი ინტერესის სფეროა.

ლაშქრობისას მოზარდებს მეგზურობა „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ რეინჯერებმა გაუწიეს. დაათვალიერებინეს ტყის მასივი და წითელი მინდორი. ერთ-ერთი გაჩერება იყო ჩანჩქერი, რომელიც წელიწადის ყველა სეზონზე გამორჩეული სანახავია. ამასთანავე, სტუმრებმა პროფესიონალებისგან მიიღეს რეკომენდაციები ლაშქრობის წესების შესახებ - როგორ უნდა განსაზღვრონ მიმართულება, გამოიყენონ კომპასი, მართონ ნარჩენები და არ დატოვონ კოცონი უყურადღებოდ. რეინჯერებმა სკოლის მოსწავლეებს თავიანთი საქმიანობის საინტერესო დეტალებიც გაუზიარეს.

ტურს დავით ლიკლიკაძე უძღვებოდა, რომელმაც ახალგაზრდებს წაუკითხა ლექცია თემაზე - „ეკოლოგია და ადამიანის როლი ეკოსისტემის შენარჩუნებაში“.

 

ექსკურსიის ორგანიზატორი „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ ადმინისტრაცია იყო. გაწერილი გეგმის მიხედვით, ექსკურსიები რეგიონის სკოლის მოსწავლეებისთვის მოეწყობა, შემდეგ არეალი გაფართოვდება და საგანმანათლებლო ღონისძიებებში ჩართვას სხვა მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მოზარდები და ახალგაზრდებიც შეძლებენ.

პარალელურად, ტერიტორიაზე სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება. უახლოეს მომავალში 13 000 ჰექტარ ფართობზე ადგილობრივი თუ უცხოელი ტურისტებისთვის კეთილმოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, ასევე განისაზღვრება რუკები ლაშქრობისათვის. მოგზაურთა უსაფრთხო და საინტერესო გადაადგილებისათვის კი სპეციალური მანიშნებლები განთავსდება.

აღსანიშნავია, რომ „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ მიმდინარე წელს უკვე ჩაიდო 700 000 ლარის ინვესტიცია. დასაქმდა 6 რეინჯერი და 1 სპეციალისტი. ასევე მათ გადაეცათ მაღალი გამავლობის 4 ავტომობილი, ბაგის ტიპის 2 ავტომობილი, 2 თოვლმავალი და 2 ცხენი.

პროექტის ფარგლებში უკვე დამონტაჟდა 25 ფოტოხაფანგი, რომელთა რაოდენობაც უახლოეს პერიოდში გასამმაგდება. მონიტორინგისთვის შეძენილია მაღალი ხარისხის 1 დრონი.

„საირმეს რეკრეაციული ფერმის“ პროექტის ფარგლებში, მდინარე წაბლარისწყლის ერთ-ერთ შენაკადში წითელწინწკლებიანი კალმახის თვალის სტადიაზე არსებული 30 000 ქვირითი გაეშვა.

ხაზგასასმელია, რომ ტყით სარგებლობის საშუალება ადგილობრივ მოსახლეობას არ შეეზღუდება. ისინი ტერიტორიაზე კანონით დაშვებული ნებისმიერი საქმიანობის შესრულებას შეძლებენ.