„ბიჭი ადგა და ეზოში თავისი ფეხით გამოვიდა თურმე...“ - ტაძრის ისტორია, სადაც სასწაულები ახლაც ხდება
1755539309
დასრულდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო ცენტრ „ავაზას“ მშენებლობა, – ამის შესახებ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცახდა.
მისი თქმით, „ავაზას“ ისტორიული სტადიონი გადაცემული ჰქონდა კერძო მესაკუთრეს, თუმცა მოხერხდა მისი დაბრუნება და დღეისთვის დედაქალაქს აქვს რეაბილიტირებული სპორტული სკოლა.
„ავაზას“ ისტორიული სტადიონი გადაცემული იყო კერძო საკუთრებაში და გარკვეული დროის შემდეგ მას ეხსნებოდა ყველანაირი ვალდებულება. მფლობელს შეეძლო, იქ სხვადასხვა პროექტი განეხორციელებინა, თუნდაც საცხოვრებელი კორპუსების. მფლობელებთან მოლაპარაკებების შედეგად, მოხერხდა შეთანხმება, განხორციელდა ადგილმონაცვლეობა და „ავაზას“ სტადიონი დაუბრუნდა მუნიციპალიტეტს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისი თქმით, ფეხბურთის ფედერაციას თბილისის მერიისგან „ავაზას“ სპორტული კომპლექსი საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოწყობის ვალდებულებით გადაეცა.
„დღეს ქალაქს უკვე აქვს მოწესრიგებული და განახლებული „ავაზას“ საფეხბურთო სკოლა. აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად გამოყენებული იქნა უეფა-სა და ფიფა-ს გრანტები. კომპლექსის ტერიტორიაზე მოეწყო ახალი სტანდარტული მოედანი ტრიბუნითა და განათებით, მინი მოედანი ტრიბუნითა და განათებით და გასახდელი კორპუსი. ახალი ინფრასტრუქტურის გამოყენებას უფასოდ შეძლებენ ბავშვთა ადგილობრივი საფეხბურთო სკოლები და გოგონათა გუნდები“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
მან თანამშრომლობისთვის და გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს, ასევე, ვიცე-პრეზიდენტ ალექსანდრე იაშვილსა და გენერალურ მდივან დავით მუჯირს, ასევე, სხვა ფედერაციის თანამშრომლებს.
„ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი პროექტების განხორციელება. ეს არ არის პირველი პროექტი და ძალიან კარგი მაგალითი გვაქვს იმისა, თუ როგორ შეიძლება, ორი უწყების თანამშრომლობით გაკეთდეს ქალაქისთვის სასიკეთო და მნიშვნელოვანი სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტები. რა თქმა უნდა, „ავაზას“ სტადიონი არ იქნება ბოლო პროექტი. ჩვენ გვაქვს საკმაოდ ამბიციური გეგმები და მომდევნო წლების განმავლობაში საკმაოდ კარგი პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.