1791575460
„რეპუტაციის შემლახველი მასალები გადაცემულია იურისტებისთვის...“ - ნუცა ბუზალაძე მიმართვას ავრცელებს
მომღერალი ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას ავრცელებს და ეხმაურება 2014 წელს, საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსზე „ახალი ტალღა“ გადაღებულ ფოტოს, რომელზეც რუსეთის დროშის გამოსახულებიანი სპორტული ფორმა აცვია. მომღერალი განმარტავს ფოტოს გადაღების გარემოებებს, საუბრობს საკუთარ პოზიციაზე რუსეთის მიმართ და აცხადებს, რომ მის შესახებ გავრცელებული, სავარაუდოდ, ცრუ და რეპუტაციის შემლახველი მასალები იურისტებს სამართლებრივი შეფასებისთვის გადაეცა.
„ასევე მინდა გამოვეხმაურო ფოტოს, რომელსაც ბოლო პერიოდში ზოგიერთი ადამიანი სრულიად არასწორი კონტექსტით ავრცელებს და ცდილობს, კიდევ ერთხელ მომაკრას არასწორი იარლიყი.
2014 წელს, 17 წლის ასაკში, საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსზე „ახალი ტალღა“ (იურმალა) პირველი ადგილი დავიკავე! სწორედ ამ გამარჯვებამ ერთ დღეში მთელი საქართველოს მასშტაბით გამხადა ცნობილი და ჩემი კარიერის სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო.
რაც შეეხება ფოტოს, რომელზეც სპორტული ფორმა მაცვია და რუსეთის დროშაა გამოსახული ეს ფორმები კონკურსის ორგანიზატორებმა ყველა მონაწილეს ჩაგვაცვეს ნომრების არჩევის დღეს. დაახლოებით 29 მონაწილე ვიყავით და ყველას ერთნაირი სპორტული ფორმა გვეცვა. ამის გადამოწმება 2014 წლის კონკურსის ფოტოებით ძალიან მარტივია.
ეს ფოტო ჩემს სოციალურ ქსელში უკვე 12 წელია დევს. არც წამიშლია, არც დამიმალავს და არც ამის საჭიროება მქონია. სიმართლე გითხრათ, მაშინ არც კი მიმიქცევია ყურადღება, სად რომელი დროშა იყო გამოსახული. მე ვიყავი 17 წლის გოგო, რომელიც საერთაშორისო კონკურსზე საქართველოს წარმოადგენდა და, სხვა მონაწილეების მსგავსად, ორგანიზატორების მიერ დადგენილ წესებს იცავდა.
მე იქ არ წარმოვადგენდი რუსეთს. მე წარმოვადგენდი საქართველოს და ჩემს ქვეყანას პირველი ადგილი მოვუტანე!
ახლა კი ერთი ძალიან მარტივი კითხვა მაქვს:
რატომ ავრცელებთ 2014 წლის ფოტოს ასეთი მონდომებით, მაგრამ არ ავრცელებთ ჩემს 2023 წლის ამერიკულ პოდკასტს, რომელიც American Idol-ის შემდეგ ჩავწერე?
იმ პოდკასტს, სადაც პირდაპირ ვამბობ, რომ ჩემი ქვეყანა რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, ვსაუბრობ რუსეთის მიმართ საქართველოში არსებულ დამოკიდებულებაზე და ჩემი ოჯახის ისტორიაზე.
სადაც ვყვები, რომ მამაჩემი საქართველოს ომებში იბრძოდა და დღესაც ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს ებრძვის, რადგან თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი სამშობლოსთვის ბრძოლას შესწირა. ასევე ვსაუბრობ იმაზე, რომ დედაჩემის მხრიდან ჩემი ნათესავები აფხაზეთიდან დევნილები არიან.
რატომ არ ავრცელებთ ამ სიტყვებსაც იმავე მონდომებით?
იმიტომ ხომ არა, რომ ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება იმ წარმოდგენას, რომლის შექმნასაც ჩემ შესახებ წლებია ცდილობთ?
ძალიან მარტივია 17 წლის ასაკში გადაღებული ფოტოს ამოღება, მისთვის სასურველი მნიშვნელობის მინიჭება და შემდეგ ამით ადამიანის პოლიტიკური შეხედულებების შეფასება. მაგრამ ადამიანის პოზიციას ერთი ფოტო კი არა, მისი სიტყვები, გადაწყვეტილებები და ცხოვრებისეული არჩევანი განსაზღვრავს.
წლებია ცდილობთ წარმოაჩინოთ, თითქოს ჩემი არჩევანი რუსეთია და არა ევროპა ან ამერიკა.
ჩემი არჩევანია ლოს-ანჯელესი, ევროპა და თბილისი ადგილები, სადაც ჩემი სახლები მაქვს, ვცხოვრობ და საკუთარ მომავალს ვაშენებ!
მე რომ რუსეთში ცხოვრება ან კონცერტების გამართვა მდომებოდა, ამ არჩევანს თავად გავაკეთებდი. მაგრამ ჩემი ცხოვრება და კარიერული გეგმები სხვა მიმართულებით ვითარდება. ჩემი ოცნება ყოველთვის იყო მსოფლიო სცენაზე წარმატების მიღწევა და საქართველოს სახელის ღირსეულად წარმოჩენა.
და კიდევ ერთი — იმ ვიდეოსაც, სადაც 17 წლის ასაკში ვრეპავ, დღესაც დიდი სიამოვნებით ვუყურებ! ძალიან მომწონს ჩემი შესრულება და უზომოდ ვამაყობ იმ პატარა გოგოთი, რომელმაც საკუთარი შრომითა და ნიჭით საქართველოს საერთაშორისო კონკურსზე პირველი ადგილი მოუტანა.
არავის მივცემ უფლებას, ჩემი ქვეყნისთვის მოპოვებული წარმატება საკუთარი ინტერპრეტაციებით ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად წარმოაჩინოს.
კრიტიკა ყველას უფლებაა, მაგრამ ფაქტების დამახინჯება, ცრუ ინფორმაციის გავრცელება და ადამიანის რეპუტაციის მიზანმიმართული შელახვა სრულიად სხვა საკითხია.
ეს ჩემი ბოლო საჯარო განცხადებაა ამ თემაზე. ჩემ შესახებ გავრცელებული სავარაუდოდ ცრუ და რეპუტაციის შემლახველი მასალები გადაცემულია იურისტებისთვის სამართლებრივი შეფასებისა და შესაბამისი რეაგირებისთვის.
მე კი ვაგრძელებ იმას, რასაც მთელი ცხოვრება ვაკეთებ
ვშრომობ, ვმღერი, ვვითარდები და ვცდილობ, ჩემი ქვეყანა ღირსეულად წარმოვაჩინო.
ჩემი ისტორია ჩემმა შრომამ შექმნა და არა თქვენმა იარლიყებმა.
მადლობა და ნახვამდის!“, - წერს ნუცა ბუხალაძე.










