1743141376
ქვეყანაში ტურისტული ვიზიტები საგრძნობლად მომატებული და წლიდან წლამდე მზარდია, რაც ხაზს უსვამს მოთხოვნის სტაბილურ აღმასვლას - გიორგი დოლიძე

ქვეყანაში ტურისტული ვიზიტები საგრძნობლად მომატებული და წლიდან წლამდე მზარდია, რაც ხაზს უსვამს ქვეყანაზე მოთხოვნის სტაბილურ აღმასვლას, - აცხადებს კომპანია HSC Group Hospitality-ს დირექტორი გიორგი დოლიძე, რომლის კომპანიაც ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ობიექტს მართავს.
მისი განმარტებით, მაღალი სეზონი აპრილიდან დაიწყო.
„2025 წლის მაღალი სეზონი დავიწყეთ აპრილიდან და დღემდე საშუალოდ 80-85%-იან დატვირთულობას ვინარჩუნებთ. ასევე, ვვარაუდობთ, რომ მომდევნო თვეები, ოქტომბრის ბოლომდე ამ მონაცემებით გავალთ. მნიშვნელოვნად გაზრდილია ჩინეთის, გალფის ქვეყნების, ევროპისა და ისრაელის (გარდა ომის პერიოდის) მოქალაქეების შემოდინება ჩვენს ქვეყანაში. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო რეგიონში ინარჩუნებს ტურისტულად ყველაზე მიმზიდველ, უსაფრთხო და სტაბილური ქვეყნის სტატუსს, სადაც ტურისტებს შეუძლიათ 4 სეზონზე მიიღონ მრავალფეროვანი შეთავაზებები, როგორც აქტიური დასვენების, ასევე კულტურული, ღვინის და სხვადასხვა სახის ტურების კუთხით“, აცხადებს გიორგი დოლიძე.
მისვე თქმით, ქვეყანაში გაზრდილია მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების რაოდენობაც.
„გაზრდილია მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების შემოდინებაც ჩინეთიდან და ევროპის ქვეყნებიდან. ჩვენი ქვეყნისთვის სწორედ ეს არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, ბაზრების დივერსიფიკაცია, მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების რიცხვის გაზრდა, შესაბამისი პოზიცინიონირება და ევროპელი ტურისტების მოზიდვისკენ მიმართული საერთო ძალისხმევა როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სექტორისგან“, - აცხადებს HSC Group Hospitality-ს ხელმძღვანელი.
მისი თქმით, იმისათვის, რომ ქვეყანამ არსებული სტატისტიკური მაჩვენებლები შეინარჩუნოს და გააუმჯობესოს კიდეც აუცილებელია, რომ მუდმივად ვიზრუნოთ მაღალი კლასის მომსახურების დანერგვასა და სერვისის ხარისხის გაუმჯობესებაზე.
„წლიდან წლამდე სასტუმროებსა და ტურიზმის სფეროში მუშაობა თანამშრომლებისთვის უნდა გავხადოთ მეტად პრესტიჟული. როგორც ვხედავთ, მომატებულია და იმატებს საერთაშორისო ბრენდების შემოსვლა საქართველოში, რაც ქვეყანას მეტად გაუწევს პოპულარიზაციას და საერთო ჯამში მოთხოვნას გაზრდის. ასევე, მომსახურების ხარისხს.
ჩვენი კომპანიაც ორიენტირებულია საქართველოში ისეთი პროექტების კეთებით, სადაც მონაწილეობს და შემოგვყავს საერთაშორისო ბრენდული ობიექტები, გათვლილია ძირითადად მაღალ სეგმენტებზე, აქვთ განსაკუთრებული ფასეულობები, კონკურენტული უპირატესობები, წვლილი შეაქვთ რეგიონის და ქვეყნის პოპულარიზაციაში, მსოფლიო ტურისტულ რუკაზე მაღალი კლასის განთავსების ობიექტების მონიშვნასა და შესაბამისი დონით დასაქმებაზე. გვყავს შვეიცარიული პარტნიორი კომპანია, რომლის ხელმძღვანელსაც ისე მოსწონს საქართველო, 3 წელია აქ ცხოვრობს ოჯახთან ერთად და გვეხმარება ევროპული ხარისხის დანერგვასა და სხვადასხვა პროექტების ევროპული გამოცდილების იმპლემენტაციაში.“, აცხადებს დოლიძე.
HSC Group Hospitality-ის გუნდი სტუმარმასპინძლობის სფეროში გამოცდილი და პროფესიონალი კადრებითაა დაკომპლექტებული და დღეისათვის მისი პორტფელი ქვეყნის მასშტაბით ბევრ სასტუმროს აერთიანებს, მათ შორისაა Glarros OldTown, Holiday Inn Resort, BlueSky Towers, AGARANI Estate, Home2Suites by Hilton და სხვადასხვა მიმდინარე სამშენებლო სასტუმრო პროექტები.