„ქათამი არ უნდა გაირეცხოს - ესაა საერთაშორისო ორგანიზაციების რჩევა, ჩემი პირადი მოსაზრებით კი...“ - ირაკლი არაბულის რეკომენდაცია

ირაკლი არაბული

ქათამი არ უნდა გაირეცხოს, ესაა საერთაშორისო ორგანიზაციების რჩევა, - ამის შესახებ სურსათის უვნებლობის სპეციალისტი, ირაკლი არაბული „დღის პოსტში“ საუბრობს და განმარტავს, როგორ დავამუშაოთ ხორცი სწორად.

ბევრ საერთაშორისო ორგანიზაციაში მიღებულია პრაქტიკა, რომ ქათმის ხორცი არ უნდა გაირეცხოს, რადგან როდესაც იკვლება, სასაკლაოში არსებობს წესი - აუცილებლად უნდა დაფასოვდეს გარეცხილი ქათამი და შემდეგ მოხვდეს რეალიზაციაში. 

მიუხედავად ამ წესებისა, ჩემი პირადი აზრია, რომელიც რეალურ ფაქტებს ეფუძნება, რომ სასურველია, ქათამი გაირეცხოს და კარგად დამუშავდეს. რა თქმა უნდა, წყლით გარეცხვის შემთხვევაში, იმ პათოგენურ მიკროორგანიზმებს, რომლებიც შეიძლება ქათამს ჰქონდეს გარეკანზე, ვერ მოვაცილებთ. ერთადერთი შესაძლებელია, ფიზიკურად რაიმე ნარჩენი ჰქონდეს და მოვაცილოთ. 

ზოგი წერდა, სოდით ვრეცხავ, მჭადის ფქვილით ვრეცხავო... - არ სჭირდება, გავრეცხოთ მაქსიმალურად მსუბუქად. და უკვე, როცა თერმულად დამუშავდება, მოიხარშება, შეიწვება აუცილებლად მოკვდება, თუ რამე მავნე პათოგენური მიკროორგანიზმი არსებობდა. დუღილის შემთხვევაში 100 გრადუსზე კვდება, შეწვისას - შიდა ტემპერატურა მინიმუმ, 75 გრადუსი უნდა იყოს. როცა ყველაფერს მოვრჩებით, საფუძვლიანად დავამუშაოთ ნიჟარა,“ - ამბობს ირაკლი არაბული.