"ბოლო დაბადების დღე და აუხდენლად დარჩენილი სურვილი..." - ზურა ბაკურაძე 46 წლის გახდებოდა
1734968444
„ბიზნესში ქალების უფრო მეტი ჩართულობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ეკონომიკის სამინისტრო მნიშვნელოვან ღონისძიებებს ატარებს ამ მიმართულებით. უკვე გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგები - პროექტებში, რომლებიც ხორციელდება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ, ქალთა მონაწილეობა გაზრდილია 30% დან 65% მდე. ეს მნიშვნელოვანი ინდიკატორია იმისა, რომ უფრო მეტი ქალი ინტერესდება სამეწარმეო საქმიანობით,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა ქალთა ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას. ღონისძიებას ორგანიზება გაუწია ბიზნესფედერაციამ „ქალები მომავლისთვის”, კომპანიების - Gazelle Finance-ისა და Visa-ს მხარდაჭერით.
თავის გამოსვლაში, მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა მთავრობის მიერ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით მიღებულ გადაწყვეტილებებზე. მისი თქმით, ბოლო ათწლეული იყო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გენდერულ ჭრილში ეკონომიკური შესაძლებლობების გათანაბრების თვალსაზრისით.
„იმ ბიზნეს სუბიექტების რაოდენობა საქართველოში, სადაც ქალები მონაწილეობენ დამფუძნებლებად, მიმდინარე წლის ივლისის მდგომარეობით 33 პროცენტამდეა გაზრდილი. თუმცა ჯერ ისევ დაბალია ქალების წილი სამუშაო ძალაში. საქართველოში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 43 პროცენტია მაშინ, როდესაც მამაკაცების ჩართულობა 65 პროცენტს შეადგენს,“ - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 2021 – 2025 წლების მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიაში ქალთა მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მისი თქმით, სამინისტროში დაიწყეს გენდერული სტატისტიკის წარმოება ყველა იმ პროგრამის მიხედვით, რომელსაც უწყება ახორციელებს. ირაკლი ნადარეიშვილმა აღნიშნა, რომ როგორც „აწარმოეს“, ისე ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებში ქალთა მონაწილეობა ყოველწლიურად იზრდება. მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა მიკროსესხების პროგრამაზე, რომლის განხორციელებაც სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ მიმდინარე წლის სექტემბრიდან დაიწყო და რომელიც ქალი მეწარმეებისთვის დამატებით შეღავათს ითვალისწინებს.
ირაკლი ნადარეიშვილმა ასევე გაამახვილა ყურადღება ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ მხარდაჭერილ პროექტებზე, რომლებიც ასევე ითვალისწინებს ეკონომიკასა და ბიზნესში ქალთა ჩართულობის ზრდას. მისი თქმით, სააგენტოს მიერ 600-ზე მეტი ქალი გადამზადდა ტექნოლოგიური უნარების განვითარების მიმართულებით. „ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი საინფორმაციო ტექნოლოგიების სასწავლო პლატფორმა Do IT in Georgia, რომლის მონაწილეთა 60 პროცენტი ქალია,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
„ჩვენ, როგორც ეკონომიკის პოლიტიკის განმსაზღვრელი ძირითადი სამთავრობო უწყება, მზად ვართ ვიმუშაოთ ყველა ინიციატივაზე, რაც ბიზნესის მხრიდან იქნება წარმოდგენილი საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნესში ქალთა უფრო მეტი ჩართულობის უზრუნველსაყოფად,“ - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
ფორუმზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილე ირაკლი გაბრიაძე და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე ლევან დარსალია, აგრეთვე ეროვნული ბანკისა და ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები. ღონისძიებას დაესწრნენ მეწარმე ქალები თბილისიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, რომლებსაც მიეცათ შესაძლებლობა დაესვათ კითხვები და გაეზიარებინათ ინფორმაცია, მათს რეგიონებში არსებული გამოწვევების შესახებ.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.