„მერაბი კაკულის სანახავად დეკემბერში იყო ჩასული, დამშვიდობებასავით გამოვიდა... მამაჩემი ძალიან მძიმედ არის“ - როგორ იხსენებს სანდრო სეფაშვილი ოჯახის ყველაზე დიდ მეგობარს?

კაკული

"დღეს მზის ჩასვლამდე უნდა დაეკრძალათ. ასეთია წესი. აქედან ისრაელში ჩასვლა ვერ მოხერხდა, იმის გამო, რომ ფრენა არ არის და ვერც მოესწრებოდა, მაგრამ შემდგომ პერიოდში, როგორც კი საშუალება მოგეცემა, აუცილებლად ჩავალთ" - ამბობს სანდრო სეფაშვილი მერაბ სეფაშვილის ვაჟი, რომელმაც მომღერალ კაკული გურიელაშვილის სახით, მათი დიდი და საერთო ოჯახის ღირსეული წევრი დაკარგა.

ქართველების საყვარელი მომღერალი გუშინ, 59 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბატონი კაკული სიმსივნეს დიდხანს ებრძოდა, ბოლო თვეში კი ძალიან დამძიმდა. 

- მამაჩემი და კაკული ძმებივით იყვნენ - დღემდე ოჯახის წევრებივით ვართ. ჩვენი ოჯახები ცალ-ცალკე არ განიხილება - ერთი მთლიანია... კაკული ადამიანებზე, მეგობრებზე და ორ ქვეყანაზე შეყვარებული კაცი იყო... მამაჩემი ძალიან მძიმედ არის, ძალიან განიცდის, მგლოვიარე მდგომარეობაშია და არა მარტო მერაბი, მთელი ჩემი ოჯახი ასე ვართ. ძალიან დამწუხრებულები ვართ... კი ვიცოდით, რომ ეს დღე დადგებოდა, მძიმე სენს ებრძოდა, მაგრამ მაინც ვერ გავიაზრეთ ბოლომდე, რაც მოხდა... ახლაც არ მჯერა, რომ მასზე წარსულ დროში ვლაპარაკობ... დაახლოებით 4 წლის წინ დაუდასტურდა მძიმე სენი. იცოდა ყველაფერი, არც ერთი წამი არ დანებებულა და ბოლომდე ვაჟკაცურად იბრძოდა, სიცოცხლეზე უზომოდ იყო შეყვარებული. ისრაელში ყველაფერს აკეთებდნენ მისი ჯანმრთელობისთვის, მაგრამ თვითონ მდგომარეობა ჰქონდა მძიმე. ეს 4 წელი გააძლებინეს და აცოცხლეს. მას იმედი ჰქონდა, რომ დაძლევდა და მოერეოდა. მკურნალობის პარალელურად სცენაზეც იდგა და მღეროდა. საქმიანობა ერთი წუთი არ გაუჩერებია. გაუსაძლისი ტკივილებისა და იმ ყველაფრის ფონზე, მაინც ახერხებდა სიმღერას, ხალხის გახარებას და მოსიყვარულებას. სხვას არ აგრძნობინებდა, რომ ცუდად იყო. მას სულ პოზიტიურად და კარგ ხასიათზე ნახავდი.

- როგორც გავიგეთ, ცოტა ხნის წინ, მერაბი სანახავად ყოფილა ჩასული...


- კი, დეკემბერში მერაბის სოლო კონცერტი რომ იყო, კაკულიმ ვერ მოახერხა ჩამოსვლა, რადგან მაგ პერიოდში განსაკუთრებით დამძიმდა. მამაჩემი, თავისი კონცერტის მერე, პირველივე რეისით წავიდა... დამშვიდობებასავით გამოვიდა, მოინახულა და მოესიყვარულა. უკვე ცუდად იყო, საუბარიც უჭირდა, მაგრამ გონება არ დაუკარგავს. ბოლომდე გონებაზე იყო.

წყარო: ambebi.ge

ასევე დაგაინტერესებთ:

VIDEO: ნანუკა გუდავაძე ოჯახურ, უთბილეს კადრებს გვიზიარებს

თბილისში, გიორგი ნაზღაიძეზე თავდასხმა სცადეს