მადლობა პოლიციას, მყისიერი რეაგირებისთვის - რა შეემთხვა გიორგი ფხაკაძეს

გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე პროფესორი გიორგი ფხაკაძე წერს, რომ უცხო პირმა ქუჩაში შეურაცხყოფა მიაყენა და მისი მისამართით, სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი სიტყვები გააჟღერა. 

მისივე თქმით, ამაზე სამართალდამცავმა უწყებამ სწრაფი რეაგირება მოახდინა, რისთვისაც მადლობას უხდის.

მადლობა პოლიციას მყისიერი რეაგირებისთვის.

გუშინ, შუადღისას ჩემი მეგობრის მამის პანაშვიდზე მივდიოდი, საკმაოდ დამწუხრებული, და ყვავილებს ვყიდულობდი, როდესაც მძღოლმა მანქანა გააჩერა და მკითხა: „შენ ხარ ის კაცი, ვინც ეს COVID-ის ამბავი მოაწყო და შეგვაშინა?“

ვუპასუხე: „თუ გაქვთ შეკითხვები, სიამოვნებით გიპასუხებთ.“

ამის შემდეგ მან შეურაცხყოფა მომაყენა და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი სიტყვებიც მითხრა.

ამ დროს კამერა ჩავრთე, გადავუღე მანქანას ფოტოები, ასევე გადავიღე თვითონ პიროვნება და მანქანაზე არსებული ნიშანი, რომელიც, როგორც მივხვდი, მიუთითებდა მის კავშირს რომელიღაც სამთავრობო სამსახურთან.
შემდეგ პოლიციას, 112-ს დავუკავშირდი და დეტალურად ავუხსენი სიტუაცია. მივაწოდე პირის მანქანის ნომერი, აღვნიშნე, რომ მან შეურაცხყოფა მომაყენა და სიცოცხლის ხელყოფის მუქარა გამოთქვა, და ვთხოვე, კანონის შესაბამისად გაეწიათ რეაგირება.

სასიამოვნოდ გამიკვირდა, რომ გლდანი-ნაძალადევის მე-9 სამმართველომ უსწრაფესად მოახდინა შესაბამისი რეაგირება. პიროვნება იდენტიფიცირებული იქნა, ყველა საჭირო ზომა გატარდა, ხოლო 24 საათში პოლიციამ დამიდასტურა, რომ კანონის ფარგლებში ყველა აუცილებელი ნაბიჯი გადაიდგა.

ეს შემთხვევა არა მხოლოდ საქართველოს პოლიციის მაღალი პროფესიონალიზმის დადასტურებაა, არამედ მნიშვნელოვანი გზავნილი ყველა დამნაშავესა და მოძალადისთვის – საქართველოს პოლიცია პროფესიონალურად და მტკიცედ ასრულებს თავის მოვალეობას.

ასევე, ეს მნიშვნელოვანი გაკვეთილია თითოეული ჩვენგანისთვის – არ უნდა მივმართოთ თვითნებურ ქმედებებს, არამედ ვენდოთ პოლიციის პროფესიონალიზმს და მივმართოთ სამართლებრივ გზებს. როდესაც ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში, ჩვენი უფლება და ვალდებულებაა, დავეყრდნოთ კანონს და მის დამცველებს.

ამ წერილით განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პოლიციას, განსაკუთრებით კი გლდანი-ნაძალადევის მე-9 სამმართველოს, მათი ოპერატიულობისა და პროფესიონალიზმისთვის. თქვენი სწრაფი და ეფექტური მუშაობა მართლაც დასაფასებელია!“ - წერს ფხაკაძე.