კულტურის კომიტეტმა „დიზაინის შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონებში ცვლილებები განიხილა

კულტურის კომიტეტ

კულტურის კომიტეტმა „დიზაინის შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონებში ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

„დიზაინის შესახებ“ კანონში ცვლილებები კომიტეტის წევრებს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა გააცნო.

მომხსენებლის თქმით, ცვლილებების მიზანია ისეთი ადმინისტრაციული და სამართლებრივი ჩარჩოს შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს დიზაინის ექსპერტიზის, ასევე მისი გამოყენებისა და მასზე უფლებების აღსრულების მექანიზმის დახვეწას და გაძლიერებას.

„საკანონმდებლო ინიციატივის მიზანია, დიზაინის სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე პირების უფლებები იყოს დაცული და ამავდროულად თავიდან იქნას აცილებული ცალკეული ბიუროკრატიული ბარიერები, რომლებსაც ისინი სადავო ურთიერთობის პროცესში აწყდებიან. ამ თვალსაზრისით იზრდება „საქპატენტთან“ არსებული დავების განმხილველი ორგანოს - სააპელაციო პალატის უფლებამოსილებები“, - განაცხადა ვახტანგ ბაჩიაშვილმა.

მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ასევე წარადგინა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში ცვლილებები.

მისი თქმით, ცვლილებები მიზნად ისახავს ინტერნეტ სივრცეში საავტორო და მომიჯნავე უფლების დარღვევის შემთხვევაში სწრაფი რეაგირების მექანიზმის შემოღებას. ამასთან, შესაბამისი პასუხისმგებლობა შემოდის შუალედური მომსახურების მიმწოდებლებისათვის.

როგორც კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ განაცხადა, ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საავტორო უფლებების დაცვის მიმართულებით. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ხელოვანებს ჰქონდეთ გარანტია, რომ მათი ნამუშევრები უკანონო გამოყენებისაგან იქნება დაცული.

კომიტეტმა სხდომაზე განხილულ საკითხებს მხარი დაუჭირა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.