ხმა მიეცი საქართველოს - თბილისი და ბათუმი ევროპის საუკეთესო ტურისტულ მიმართულებათა ნომინაციაზეა წარდგენილი​

თბილისი ამინდი

საერთაშორისო სამოგზაურო პლატფორმებზე თბილისი და ბათუმი, როგორც კულტურული და დასასვენებელი ცენტრები, განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს.

საქართველო იმ ქვეყნების რიგში მოხვდა, რომლის ორი ქალაქი – თბილისი და ბათუმი, ევროპის საუკეთესო ტურისტულ მიმართულებათა ნომინაციაშია წარდგენილი.

ევროპის ყველაზე სასურველი ტურისტული მიმართულების გამოსავლენად ხმის მიცემა უკვე დაწყებულია. ეს პროცესი 17 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

მოგზაურობის მსურველს ზღვა ინფორმაციის ეპოქაში უხილავი მრჩეველი ერთ-ერთ საუკეთესო მიმართულებად უკვე დიდი ხანია საქართველოს სთავაზობს.

უკვე ქვეყანაში ჩამოსულს კი, ყველაფრის მცოდნე გიდი, პირველს მზის და ვარდების მხარეს ურჩევს. დედაქალაქის ტურის პირველი ლოკაცია რასაკვირველი თბილისის შექმნის ლეგენდის ადგილია. ადგილი, სადაც ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის აღმოსავლეთი და დასავლეთი, ისტორია, კულტურა, ეთნიკური მრავალფეროვნება, სტუმართმოყვარეობა და ბევრი ფერი.

სტუმარიც თბილისის ესთეტიკის გავლენის ქვეშ მალევე ექცევა.

აბანოთუბნიდან რამდენიმე ნაბიჯში ხვდება ისტორიული ქალაქის ყველაზე თანამედროვე არქიტექტურას და სწორედ აქედან ადის იშვიათი ტრანსპორტით თბილისის უმაღლეს წერტილზე.

ეს მარშრუტი თბილისის დათვალიერებისას ბანალურია, თუმცა შთამბეჭდავი, ამიტომ სწორედ ამ მიმართულებას სთავაზობს ინტერნეტ გიდი საქართველოს დედაქალაქის ვიზიტორებს.

თბილისის რამდენიმე საათიანი ვიზუალური შეცნობის შემდეგ, ახალი ხიბლი გასტრო-ტურით შემოდის, უკვე ყველასთვის კარგად ნაცნობი ქართული კერძებით. გარდა ინტერნეტ ტრენდებისა, საიდანაც ქართულ სამზარეულოს მხოლოდ ხინკლითა და ხაჭაპურით იცნობენ, ადგილზე ჩამოსულებს კიდევ უფრო მრავალფეროვანი სუფრა ხვდებათ. ქართული სუფრა კი, ქართული ღვინის გარეშე არ ჩაივლის.

თბილისში ჩამოსულებს დიდი ალბათობით იმაშიც გაუმართლებთ, რომ კულტურულ ღონისძიებებზე დასწრებასაც შეძლებენ. ამ ქალაქში ყოველდღე რაღაც ხდება, რაც ნებისმიერი გემოვნების ვიზიტორს მოხიბლავს.

კულტურულ საღამოს თბილისის ღამის ცხოვრება ანაცვლებს, ეს არის ის, რითაც ეს ქალაქი მსოფლიო მასშტაბით იპყრობს განსაკუთრებით ახალი თაობის გულებს.

ზაფხულის ცხელ დღეებში თბილისი სტუმრებს ზღვასაც სთავაზობს, მაგრამ პატარას.

ეს ქვეყანა თავს სანაპიროებით სულ სხვა ქალაქით იწონებს.

თუ საქართველოს სტუმარს საზღვაო დასვენება ხიბლავს, ამისთვის ქვეყნის რუკაზე მონიშნულია ბათუმი. ქალაქი, სადაც შავი ზღვა ხან ლურჯია, ხანაც ფირუზისფერი და ის ყოველ საღამოს შთანთქავს ნარინჯისფერ მზეს.

დედაქალაქის მსგავსად ბათუმიც კონტრასტების ქალაქია: ახალი და ძველი, ისტორიული და მოდერნისტული, სიმშვიდე და ენერგიული ქაოსი, ქალაქი სადაც ყველა იპოვის მის წილ ბათუმს.

თბილისი და ბათუმი ახლა ახალი აღიარების ეტაპზეა, პოპულარულმა ბრიტანულმა სამოგზაურო გამოცემამ საქართველოს ეს ორი ქალაქი მილიონობით მკითხველით, ევროპის ყველაზე სასურველი ტურისტული მიმართულების ნომინაციაზე წარადგინა. მათ კონკურენცია უნდა გაუწიონ ისეთ ქალაქებს, როგორებიც არის: მადრიდი, ათენი, პორტო, ბერლინი, სტამბოლი და სხვა არანაკლებ პოპულარული ქალაქები.

სამოგზაუროდ საუკეთესო ქალაქები, რეგიონები ქვეყნები და ახალი მიმართულებები მკითხველის მიერ შეირჩევა. გამარჯვებულების გამოსავლენად ხმის მიცემა უკვე დაწყებულია. საქართველოს ხმას მისცემს სავარაუდოდ ბევრი ვისაც ამ ქვეყანამ უკვე უმასპინძლა, მათთვის კი ვისაც ჯერ კიდევ სჭირდება გზამკვლევი ეს ნომინაცია იქნება საუკეთესო საშუალება დაინტერესდნენ პატარა ქვეყნის დიდი ისტორიით.