ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმებას იწყებს - დეტალები

ჯანდაცვის სამინისტრო

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული და ფინანსური შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობა 185 ათასია, ასეთი ოჯახების წევრთა რიცხვი კი - 710 000. ბაზაში რეგისტრირებული 400 ათასამდე ოჯახიდან, ნახევარზე მეტი არ იღებს ფულად შემწეობას, მაგრამ მათი მნიშვნელოვანი ნაწილი სარგებლობს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვადასხვა ტიპის შეღავათით.

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ეს მონაცემები არ შეესაბამება მოქალაქეთა რეალურ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, ვინაიდან წლების განმავლობაში არ ხდებოდა ბაზაში რეგისტრირებულ პირთა მდგომარეობის სისტემური და რეგულარული გადამოწმება. ახლა ბაზაში ირიცხებიან ისეთი ოჯახები, რომლებსაც მიღებული აქვთ რამდენიმე ათეული ათასი ლარის შემოსავალი, ან ფლობენ ძვირადღირებულ ავტომობილებს.

ამიტომ, ჯანდაცვის უწყებამ სოციალური ბაზის გადამოწმების გადაწყვეტილება მიიღო.

ჯანდაცვის მინისტრი უკვე შეხვდა სოციალური მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელებსა და სერვისცენტრების წარმომადგენლებს. დაისახა ერთიანი სამოქმედო გეგმა.

ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ შემწეობის მიმღები პირების რაოდენობა, ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფების მიერ, მანიპულაციებისა და ყალბი შთაბეჭდილებების შესაქმნელად გამოიყენებოდა. ახალი გადაწყვეტილება კი პოლიტიკურ სპეკულაციებს წერტილს დაუსვამს და, ამავე დროს, ხელს შეუწყობს სამართლიანი სოციალური სისტემის ჩამოყალიბებას.

რეფორმის საჭიროებას აღიარებენ, თუმცა "ქართული ოცნების" პირობებში განხორციელებულ რეფორმას არ ენდობიან ოპოზიციაში. მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ სახელმწიფო დახმარების მიმღებთა სიმრავლე ქვეყანაში არსებულ სოციალურ ფონს ასახავს.

მმართველ გუნდში იმ გარემოებებზე ამახვილებენ ყურადღებას, რის გამოც ბოლო წლების განმავლობაში სოციალურად დაუცველთა რაოდენობა გაიზარდა. საუბარია პანდემიის პერიოდში დაწესებულ მორატორიუმზე, როდესაც ბაზაში ოჯახებს აღარ ამოწმებდნენ. ამის გამო, სოციალურად დაუცველთა რეესტრში დღემდე რჩებიან ადამიანები და ოჯახები, რომლებსაც აღარ აქვთ სახელმწიფოს მხრიდან სოციალური დახმარების მიღების აუცილებლობა.

ჯანდაცვის სამინისტრო მოუწოდებს ყველას, ვისაც ეხება სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმების პროცესი, თავი შეიკავონ ყოველგვარი სიყალბისგან. უწყებაში განმარტავენ, რომ პროცესი მკაცრი ზედამხედველობით განხორციელდება.