გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტებმა, 2023-2024 წლებში, იმერეთის (ქუთაისი, სამტრედია, წყალტუბო, თერჯოლა, ტყიბული, ზესტაფონი, ხონი, ვანი და ბაღდათი), სამეგრელოს (ფოთი, ზუგდიდი, ჩხოროწყუ, ხობი, წალენჯიხა, მარტვილი, სენაკი, აბაშა), რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის (ამბროლაური, ცაგერი, ლენტეხი) და გურიის (ლანჩხუთი) მხარეებში გეოლოგიური აგეგმვითი სამუშაოები განახორციელეს.
სამინისტროს ინფორმაციით, გეოლოგიური კვლევების საფუძველზე, მომზადდა 1:200 000 მასშტაბის სახელმწიფო გეოლოგიური რუკები, ასევე, მინერალური რესურსებისა და ტექტონიკური რუკების კომპლექტი, შესაბამისი გეოლოგიური ანგარიშით, რომელიც მოიცავს ინფორმაციას სამიზნე არეალის ფარგლებში არსებული გეოლოგიური პირობების შესახებ.
„მითითებულ ტერიტორიებზე, გასული საუკუნის 80-იანი წლების შემდეგ, სახელმწიფო გეოლოგიური რუკების შედგენა არ განხორციელებულა. 2014-2023 წლებში მომზადდა კახეთის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, ასევე რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის და გურიის ნაწილების სახელმწიფო გეოლოგიური რუკები.
გეოლოგიური ანგარიში წარმოადგენს საფუძველს გეოლოგიის ყველა მიმართულებისთვის, მათ შორის, სტიქიური გეოლოგიური პროცესების, მიწისქვეშა წყლების, სასარგებლო წიაღისეულის და სხვა ტიპის გეოლოგიური კვლევებისთვის და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქვეყანაში არსებული გეოლოგიური პრობლემების მართვის თვალსაზრისით.
დაინტერესებულ პირებს გეოლოგიური ანგარიშის გაცნობა გარემოს ეროვნულ სააგენტოში დაცულ არქივში შეუძლიათ“, - აცხადებენ სააგენტოში.