Exclusive: გაიცანით 11 წლის სოფია გიორგაძე, რომელმაც მილანის Fashion Week-ზე უკრაინელი დიზაინერი წარადგინა

სოფია გიორგაძე

27 თებერვალს, Villa Clerici-ის ბრწყინვალე გარემოში გამართულმა ღონისძიებამ, ალბათ, დამსწრეების გულებში წარუშლელი კვალი დატოვა. მთელი მსოფლიოდან, მილანის მოდის კვირეულის პრესტიჟულ სცენაზე ოთხი დიზაინერის - LUXE LIVING FASHIONS BY LAVITIA DAVIS-ის, DEVORAH VIICTOR-ის, BY VEL-ის და STOLL-ის ნამუშევრები იყო წარმოდგენილი.

ქართული საზოგადოებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან პოდიუმზე 11 წლის სოფია გიორგაძეც გამოჩნდა. ამ სფეროში გამოუცდელმა ქართველმა გოგონამ უკრაინელი დიზაინერი (BY VEL) წარადგინა და დაკისრებულ მისიას თავი შესანიშნავად გაართვა. 

ბოლო წლებში, ქართველები საერთაშორისო მოდის ინდუსტრიაში უფრო და უფრო მეტი აღიარებით სარგებლობენ და როგორც ჩანს, სოფიაც უკვე მათ რიგებს განეკუთვნება, რადგან ჩვენების შემდეგ, თანამშრომლობაზე ერთი შეთავაზება უკვე მიიღო.

გამორჩეული გარეგნობის მქონე გოგონას მეგობრები სულ ეუბნებოდნენ, რომ მოდის სამყაროში ბედი უნდა ეცადა და ბოლო დროს, სოფიამ სამომავლო პროფესიაც აირჩია, სურდა მოდელი გამხდარიყო. თუმცა, ეს ყველაფერი დაუგეგმავად და მოულოდნელად მოხდა... 

უფრო მეტს სოფიას დედა, მარიამ ვაჩნაძე გვიამბობს:

„სრულიად შემთხვევით, საქართველოში მათი უკრაინელი წარმომადგენელი გავიცანი, რომელმაც სოფია დაინახა და შემომთავაზა ჩვენებაზე გაყვანა. რა თქმა უნდა, დავთანხმდი. ვკითხე, მანამდე რაიმე მომზადება ხომ არ უნდა გაევლო, რადგან გამოცდილება საერთოდ არ ჰქონია. მითხრეს, რომ სპეციალური სწავლება არ იყო საჭირო, ბავშვებმა ბუნებრივად უნდა წარმოაჩინონ თავიო.

კი ნერვიულობდა, მაინც პირველი ჩვენება იყო, თუმცა, მთელი ცხოვრება ამაზე ოცნებობდა. ბოლო დროს, სულ ამბობდა, მოდელი უნდა გავხდეო. აი, ასე შემთხვევით აღმოვჩნდით მილანის Fashion Week-ზე. ეს ყველაფერი ძალიან მოეწონა. 

- ამ ჩვენების შემდეგ, სხვა შემოთავაზება ხომ არ მიგიღიათ?

- დიახ, უკვე გვაქვს შემოთავაზება. ივნისში, რომში სხვა დიზაინერთან მოუწევს მუშაობა. რა თქმა უნდა, აუცილებლად წავიყვან. 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by by Vel 🇺🇦 (@by_vel)

- მოგვიყევით მის ემოციებზე, პოდიუმზე თავდაჯერებული იყო?

- „ბევრი ხალხი იქნება?“ „როგორ უნდა გავიარო?“ „რომ გამეცინოს?“ „სჯობს, შენ არ დაგინახო“ - ასეთი ემოციები ჰქონდა. იყო ცოტა სტრესში და დაძაბული.

როცა პოდიუმზე გამოვიდა, არაფერი ეტყობოდა. ძალიან თავდაჯერებული იყო, ეს კადრებშიც ჩანს. ცხადია, ტრენინგი გაიარა და ასწავლეს, სად, როგორ და რანაირად უნდა გაევლოთ. ძალიან კარგად გაართვა თავი, ყველა კმაყოფილია.