"ეს ვნება ძლიერ გვაზიანებს, თვით ლომიც ისე არ გლეჯს შიგნეულობას, როგორც მრისხანება სხეულს..." - წმინდა მამები ძლიერ ცოდვაზე

ლოცვა

მრისხანება ერთ-ერთი ძლიერი ცოდვაა. მას უნდა ვებრძოლოთ და ჩავახშოთ. ეს ვნება ძლიერ გვაზიანებს.

მოკლედ, წაიკითხეთ წმინდა მამათა დარიგებანი.

მონაზონი, რომელიც მონასტერში სხვა მონაზვნებთან ერთად ცხოვრობდა და ხშირად მარცხდებოდა მრისხანებისგან, საკუთარ თავს უთხრა: უდაბნოში წავალ, იქ ვერავის წავეჩხუბები და ამ ვნებისგან მოვისვენებ. მონასტერი დატოვა და უდაბნოში დასახლდა.
ერთხელ ჭურჭელი წყლით აავსო და მიწაზე დადგა. ჭურჭელი უეცრად გადაყირავდა. ეს მეორედაც განმეორდა და მესამედაც. მონაზონი გაბრაზდა და ჭურჭელი მიწას დაანარცხა და დოქი გატყდა. უკანა გზაზე მონაზონი დაფიქრდა, მიხვდა, რომ მტერმა დასცინა და თქვა: აი მარტო ვარ, მაგრამ მრისხანების ვნებამ მაინც დამამარცხა. მონასტერში დავბრუნდები: როგორც ჩანს, საკუთარ თავთან ბრძოლა და მოთმინება, განსაკუთრებით კი ღვთის შეწევნა ყველგან საჭიროა. და მონაზონი თავის მონასტერში დაბრუნდა, მიხვდა რომ ადგილზე კი არა თავად მასზე იყო დამოკიდებული, მრისხანებაში ჩააგდებდა თავს თუ არა.
 

რა არის მრისხანება?
 მრისხანება არის სისხლის დუღილი გულში და მის სიახლოვეს, რაც ხდება ნაღვლის აორთქლებისა თუ ამღვრევის გამო; ზოგჯერ მრისხანებას თან ახლავს შურისძიების გრძნობაც, რამეთუ, როცა შეურაცხყოფას გვაყენებენ, ანდა გვგონია, რომ შეურაცხყოფა მოგვაყენეს, მრისხანება შეგვიპყრობს ხოლმე, ანუ იმ გრძნობით ვართ აღვსილნი, რომელშიც აღრეულია რისხვა და სწრაფვა შურისძიებისკენ.
 
არსებობს სამი სახეობა მრისხანებისა:  გაღიზიანება (გაფიცხება),  გაბოროტება და  შურისძიება.
 გაღიზიანებად (სიფიცხედ) იწოდება დასაწყისი მრისხანებისა, როცა ის აღიგზნება.
გაბოროტება არის ხანგრძლივი მრისხანება, ანუ დახსომება ბოროტისა, გულღრძოობა.
შურისძიების გრძნობა იმგვარი მრისხანებაა, რომელიც ხელსაყრელ შემთხვევას ეძიებს ბოროტისათვის სამაგიეროს გადასახდელად.

***

"საკუთარი ნების გატარებას ნუ დაიჩემებ, რადგან ეს მრისხანებას შობს" - წმ. ბასანოფი დიდი და იოანე წინასწარმეტყველი.

"თუ გრძნობ, რომ მრისხანება მოგეძალა, დადუმდი და ნურაფერს იტყვი მანამ, სანამ განუწყვეტელი ლოცვითა და საკუთარი თავის ყვედრებით არ დაწყნარდება შენი გული" - ღირსი ილარიონ ოპტინელი.

აი, რას ამბობდა მრისხანებაზე წმინდა იოანე ოქროპირი

"მართლაც, ეშმაკეულზე ნაკლებად როდი მძვინვარებს მრისხანე! შეხედე, როგორ შედის მრისხანების დემონი ადამიანში, ეშმაკეულივით ჭკუიდან გადაჰყავს და ვითარების საწინააღმდეგოდ აქეზებს: ისინი ვერაფერს ხედავენ საღად და ისე იქცევიან, თითქოს მსჯელობის უნარი ჰქონდეთ დაკარგული. ამგვარად, მრისხნებით გაცეცხლებულნი არაფრად აგდებენ გვერდით მყოფებს, ივიწყებენ ნათესაობას, მეგობრობას, ზრდილობას, ღირსებას, ანგარიშს არ უწევენ არავის და მრისხანებით შეპყრობილნი, უფსკრულში ცვივიან.

უფრო დიდი საშინელება რაღა შეიძლება იყოს, როცა ამ ვნებას დამონებულნი და დამარცხებულნი ხშირად მკვლელობამდეც მიდიან?! სწორედ ამიტომ სურს ნეტარ პავლეს ამ ბოროტების ამოძირკვა და წერს: „ყოველი სამწარე და რისხვაჲ და გულის წყრომაჲ და ღაღადებაჲ და გმობაჲ მოისპენ თქუენ შორის ყოვლითურთ უკეთურებით“ (ეფ. 4: 31).

არა მარტო ის არ მსურს, რომ მრისხანებდეთ და მძვინვარებდეთ, არამედ ისიც, რომ ხმამაღალი სიტყვითაც არ მიმართოთ სხვას, – ამბობს მოციქული, – და აქ მრისხანებით გამოწვეულ ყვირილს გულისხმობს, მაგრამ როდესაც სულში ვნებაა და გულში – ქედმაღლობა, მაშინ ენასაც აღარ ძალუძს სიტყვების ხმადაბლა წარმოთქმა, არამედ შინაგან სულიერ მდგომარეობას ავლენს და ამიტომაც უყვირის მოყვასს. ამგვარად, სურს რა ნეტარხსენებულ მოციქულს, რომ მისი მსმენელნი მუდმივ სიმშვიდეში ცხოვრობდნენ და ბოროტება სრულიად ამოიძირკვოს, შეგვაგონებს: „მრისხანება ანუ ყოველი გულისტკივილი, რა მიზეზითაც არ უნდა იყოს წარმოშობილი, გააფთრება და ყვირილი, განაგდეთ თქვენგან“.

ხოლო ვინც ამგვარ მშვიდ მდგომარეობაში იმყოფება, ის ყოველთვის მყუდრო ნავსაყუდელშია და დაცულია ყოველგვარ ამქვეყნიურ ღელვათაგან, არ ეშინია ქარიშხლის, არც გემის დაღუპვის, აუღელვებლად განლევს ცხოვრებასა და მარადიული და ენითგამოუთქმელი სიკეთებისათვის განამზადებს საკუთარ თავს.

***

როდესაც შენს მტერს დაინახავ და გაგახსენდება, რამდენი უსიამოვნების მოსმენა და მოთმენა მოგიწია, შეეცადე დაივიწყო ეს ყველაფერი. და თუ მაინც იფიქრებ მათ შესახებ, მაშინ ეშმაკის ნამოქმედარად მიიჩნიე ისინი, თავად კი ის გაიხსენე, რაც მას კარგი უთქვამს და გაუკეთებია შენთვის; და თუ ამ მოგონებებზე შეაჩერებ შენს ყურადღებას, მალევე შეწყვეტ მასთან მტრობას, მაგრამ თუ მაინც მხილებას განიზრახავ, ან მისთვის ანგარიშის გასწორებას, ჯერ ვნებები და მრისხანება დაიცხრე და შემდეგ ამხილე: ამგვარად ადვილად შეძლებ გაიმარჯვო მასზე.

მრისხანებისას არ შეგვიძლია ვთქვათ ან მოვისმინოთ რაიმე სასარგებლო, ხოლო ამ ვნებისგან გათავისუფლებულნი არც თავად ვიტყვით საწყენ სიტყვას და არც სხვების ნათქვამს მოვისმენთ ამგვარად, რადგან, ჩვეულებრივ, ვღიზიანებდით არა იმდენად სიტყვების, არამედ – იმის გამო, რომ წინასწარ ვიყავით მტრულად განწყობილნი. ხშირად, როდესაც იმავე შეურაცხმყოფელი სიტყვებით კარგ გუნებაზე მყოფთ გვეხუმრებიან მეგობრები ან პატარები – არათუ არ ვგრძნობთ რაიმე უსიამოვნებას და ვბრაზდებით, არამედ ვიღიმებით და ვიცინით კიდეც. ეს იმიტომ, რომ მშვიდად ვართ და არ ვუსმენთ მრისხანების სულით, ასე რომ, თუ მტრების მიმართაც დაიცხრობ მრისხანებას, ვერანაირი სიტყვა ვერ შეძლებს შენს განაწყენებას.

***

იფიქრე, რომ მრისხანება მხეცია, და როგორც ლომებს წვრთნის ზოგიერთი, ასევე შეეცადე, რომ საკუთარ თავზე იმუშაო და დაამშვიდო და მოათვინიერო შენი თავგასული გონება, რადგან მრისხანებას ისეთი საშინელი კბილები და ბრჭყალები აქვს, რომ, თუ არ დააოკებ, ყველაფერს გაანადგურებს. თვით ლომი და იქედნეც კი ისე არ გლეჯენ შიგნეულობას, როგორც მრისხანება ანადგურებს მათ რკინის კლანჭებით. ის არა მარტო ვნებს სხეულს, არამედ მის სულიერ აშლილობას იწვევს, ჭამს, ფლეთს, სულიერ ძალებს აცლის და არაფრის მაქნისად აქცევს. როცა შიგნიდან ჩნდება ჭიები, სუნთქვა ძნელდება, რადგან ისინი შიგნეულობას მთლიანად ჭამენ. მაშ, როგორღა შევძლებთ რაიმე სასიკეთოს წამოწყებას, თუ ასეთ გველს ჩვენ შიგნით დავაბუდებთ (ვგულისხმობ მრისხანებას) - რომელიც ჩვენს შიგნეულობას ანადგურებს? როგორ განვიკურნოთ ამ წყლულისაგან? განვიკურნებით, თუ იმგვარ რამეს დავლევთ, რომელსაც შეუძლია შიგნით მყოფი ჭიებისა და გველების დახოცვა! მაგრამ რომელ სასმელს აქვს ასეთი ძალაო, იკითხავ. ქრისტეს პატიოსან სისხლს, თუ ის სასოებით იქნება მიღებული. მას შეუძლია განკურნოს ყველა სნეულება, შემდეგ – საღვთო წერილის მოსმენასა და მოწყალების გაღებას. ამგვარად შევძლებთ ვნებების მოკვდინებას, რომლებიც ჩვენს სულს ასუსტებენ. ასეთ შემთხვევაში – ვიცხოვრებთ, ახლა კი არაფრით ვართ მკვდრებზე უკეთესნი.

***

საყვარელო, არაფერია მრისხანებასა და უადგილო გაღიზიანებაზე უარესი. მრისხანებას არ უყვარს გადადება, იგი ბობოქარი ვნებაა. ხშირად მრისხანებაში მყოფი ისეთ სიტყვას იტყვის, რომ მთელი ცხოვრებაა საჭირო მის გამოსასყიდად; ან ისეთ საქმეს ჩაიდენს, რომელიც მთელ ცხოვრებას დაუნგრევს. საშინელებაა: მოკლე დროში, ერთი საქციელი, ხშირად ერთი სიტყვაც კი მარადიულ სიკეთეებს გვაკარგვინებს და უსარგებლოდ აქცევს ჩვენს მრავალ შრომას. ამიტომ, გევედრებით, ყველა ღონე იხმარეთ, რომ მოათვინიეროთ ეს მხეცი.