„ეს საბედისწერო მომენტი იყო. ასე გავიგე ჩემი დაავადების შესახებ...“ - ნინო ბაშარული მძიმე დიაგნოზსა და ოპერაციაზე

ნინო ბაშარული

მომღერალმა ნინო ბაშარულმა ცოტა ხნის წინ თურქეთში ოპერაცია გაიკეთა. ყველაფერმა კარგად ჩაიარა, რეაბილიტაციაც წარმატებით გადალახა და საქართველოში ახალი და საინტერესო გეგმებით დაბრუნდა. 

ნინო ბაშარული: თურმე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს ხელახლა დაბადებას. ჩემში მნიშვნელოვანი გარდასახვა მოხდა. ოპერაციის შემდეგ ბევრი რამ სხვა თვალით დავინახე. დღეს კი, ჩემს დაბადების დღეზე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რამ მოხდა – გავაცნობირე რატომ დავიბადე, რა არის ჩემი ცხოვრების მთავარი დანიშნულება. თურმე, ამის გასააზრებლად ადამიანმა ძალიან ბევრი განსაცდელი უნდა გამოიარო. იშვიათად, რომ ვინმე ამაში მარტივად გაერკვეს. მე 44 წლის ასაკში გავიგე, რომ თანდაყოლილი ფილტვის მანკი მქონდა. მანამდე ძალიან ვწვალობდი, ვიტანჯებოდი ფილტვების ანთებებით. ეს არ იყო შემთხვევითი. ალბათ, უნდა გამევლო ეს გზა, უნდა მემუშავა იმისთვის, რომ ძლიერი ვყოფილიყავი და ჩემი მთავარი დანიშნულება გამეცნობიერებინა. აკვიატებული სურვილები ბავშვობიდან ყველას გვაქვს, მაგრამ ის ხშირად იცვლება, ზუსტად იმიტომ, რომ ჩვენმა სულმა ჯერ ზუსტად არ იცის მისი მთავარი დანიშნულება. მე ეს ამ წელს, ჩემს დაბადების დღეს გავიაზრე. ახლა ნამდვილად ვიცი, რისთვის დავიბადე და რა უნდა ვაკეთო.

- როგორც თქვით, ფილტვებთან დაკავშირებული პრობლემა ბავშვობიდან გქონდათ. ეს დაავადება ახლა როგორ აღმოაჩინეთ?

– ეს იყო თანდაყოლილი დაავადება, რომლის არსებობის შესახებაც 44 წლამდე არაფერი ვიცოდი. მით უმეტეს, არ ვიცოდი თუ მე ეს პრობლემა მქონდა. წლის განმავლობაში 6-8-ჯერ მიხდებოდა ფილტვების ანთების გადატანა. ასეთ შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ ერთ მშვენიერ დღეს პნევმონიით გადაიწვას ადამიანი და სხვა სამყაროში გადავიდეს. მე ვფიქრობ, რომ სიმღერამ გადამარჩინა. მეგობრებიც მეთანხმებიან და მეხუმრებიან კიდეც, რომ არ გემღერა, ალბათ, გადაგვეწვებოდიო (იცინის). სიმღერის დროს ფილტვები აქტიურად მუშაობს, სწორად სუნთქავ და ეს ორგანო თავის ფუნქციას აქტიურად ასრულებს. ფაქტობრივად, ჩემს ფილტვებს მოდუნების საშუალებას არ ვაძლევდი და ალბათ, ამიტომაც მოვედი 44 წლამდე. თან, მე მხოლოდ სცენაზე კი არა, აბსოლუტურად ყველგან ვმღეროდი. ამიტომ თამამად ვამბობ, რომ სიმღერამ გადამარჩინა.

– 44 წლის განმავლობაში, თან წელიწადში 8-ჯერ ფილტვების ანთება თუ გქონდათ, რაც ექიმის გარეშე ვერ ჩაივლიდა, როგორ მოხდა, რომ ეს პრობლემა აქამდე ვერ აღმოაჩინეს?

– მე, ფაქტობრივად, „არამიანცში“, პულმონოლოგთან ვცხოვრობდი. ანთებების დროს ის მიკეთებდა საჭირო კვლევებს, მაგრამ ეჭვი არასდროს გასჩენიათ, რომ მე ასეთი დაავადება მქონდა. საქმე ისაა, რომ ეს დაავადება უიშვიათესია. მე ვფიქრობ, რომ საქართველოში ამის პრაქტიკა არ ჰქონდათ და ამიტომ ვერ ამოიცნეს. ალბათ, სპეციალისტიც არ მხვდებოდა შესაბამისი ცოდნის და არც ტექნოლოგია გვაქვს სათანადო. სრულიად შემთხვევით მომიწია ამერიკულ ჰოსპიტალში მისვლა და ძალიან გამიმართლა. ჩემდა ბედად, იქ აღმოჩნდა უჭკვიანესი აკადემიკოსი ირაკლი ავაზაშვილი, რომელმაც უყურა, უყურა ჩემს რენტგენის სურათს და მითხრა, რომ რაღაც ეჭვი ჰქონდა და კატე უნდა გადამეღო. ეს საბედისწერო მომენტი იყო. ასე გავიგე ჩემი დაავადების შესახებ. გავიგე ისიც, თუ რატომ მქონდა წელიწადში ექვსჯერ თუ რვაჯერ ფილტვების ანთება. თურქეთში მომიწია წასვლა და ოპერაციის გაკეთება. ოპერაცია ფანტასტიკურ კლინიკაში ფანტასტიკურმა ქირურგმა გამიკეთა. რეაბილიტაციაც ძალიან კარგად გავიარე. რეაბილიტაცია ოპერაციაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. სრულიად უსაფრთხოდ უნდა იყო, ინფექცია არ უნდა განვითარდეს, ექთნების მუდმივი ყურადღებაა საჭირო და ფაქტობრივად, ანგელოზებივით დამტრიალებდნენ თავს. ტექნოლოგიებიც ძალიან მაღალ დონეზე აქვთ განვითარებული, არაჩვეულებრივი პროფესიონალები ჰყავთ და სრულიად განკურნებული და გაჯანსაღებული ჩამოვედი. ახლა ველოდები, როდის გაიზრდება ფილტვი. ის ნაწილი, რომელიც ორგანიზმს აზიანებდა, ამოჭრეს და ფაქტობრივად, ნახევარი ფილტვი დამრჩა, რომელსაც გაზრდისთვის ნახევრიდან ერთ წლამდე სჭირდება.