ეპოქა, რომლის დადგომასაც მეცნიერები სულ მცირე 30 წლის შემდეგ ვარაუდობდნენ - დედამიწის 20 ყველაზე ცხელი დღე

გაუსაძლისი სიცხე

დედამიწის 20 ყველაზე ცხელი დღე, შეცვლილი კლიმატი და ეპოქა, რომლის დადგომასაც მეცნიერები სულ მცირე 30 წლის შემდეგ ვარაუდობდნენ. კლიმატური პრობლემების გადასაჭრელად დაწყებული ბრძოლა, ექსპერტების აზრით მეტ გააქტიურებასა და ძალისხმევას მოითხოვს.

"მეცნიერები გვეუბნებიან, რომ დედამიწა ახლა კივის, რამდენიმე 10-ეული წელი ჩვენ გვაფრთხილებდნენ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ და ეს დრო დადგა, კლიმატის ცვლილების ბომბი აფეთქდა და ახლა შედეგებს ვიმკით", - აცხადებს კლიმატური ცვლილებების წამყვანი სპეციალისტი, ჯეი ინსლი.

"უნდა შეიქმნას გრილი ზონები ქალაქებში, სადაც ხალხს შეეძლება სიცხისგან თავის დაღწევა. გრძელვადიან პერსპექტივაში კი უნდა ვიპოვოთ გზები, როგორ შევინარჩუნოთ სიგრილე პლანეტის დაბინძურების გარეშე. ჩვენ სიცხის განმეორებით ტალღებს ვნახავთ მსოფლიოს ყველა რეგიონში", - ამბობს ანალიტიკოსი რეიჩელ ქაითი.

რეკორდული სიცხეების ტალღაა ევროპაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და აზიაში. მსოფლიოში ხანძრების რაოდენობა მატულობს. უკვე 10 დღეა ცეცხლის სხვადასხვა კერას ებრძვიან საბერძნეთში. ტურისტული კუნძული როდოსიდან ყველაზე მასობრივი ევაკუაცია განხორციელდა. ხანძრის გამო ტერიტორიის დატოვება 19 000 ადამიანს მოუწია.

"შევიტყვეთ, რომ შესაძლოა ევაკუაცია დაგვჭირვებოდა მას შემდეგ რაც კვამლმა ჩვენს სასტუმრომდე მოაღწია. სიტუაცია სულ უფრო და უფრო უარესდებოდა. გვესმოდა ვერტმფრენების ხმა. მთაზე ცეცხლის კერები დავინახეთ. პანიკა დაიწყო. ყველა ავტობუსებისკენ გარბოდა. ჩვენ გაგვიმართლა და შევძელით ავტობუსში ასვლა", - განაცხადა ტურისტმა ჰელენ პიკერინგმა.

საბერძნეთისგან განსხვავებით ტყის ხანძარი უჩვეულოა შვეიცარიისთვის. უკვე ერთი კვირაა, ალპებში იტალიის საზღვართან ახლოს სათხილამურო კურორტზე ტყის ხანძარს ებრძვიან. ცეცხლის სწრაფი გავრცელების გამო რამდენიმე სოფლიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოახდინეს, ცეცხლის ჩაქრობის პროცესში სახანძრო სამსახურებთან ერთად ჩართული იყო სამხედრო და სამოქალაქო ვერტმფრენები.

"ამ დროისთვის ვითარება მშვიდია, მაგრამ ყველაფერი ქარზეა დამოკიდებული, არსებობს იმის რისკი, რომ ხანძარი კვლავ გავრცელდეს", - აცხადებს პოლიციის სპიკერი ედრიენ ბელვალდი.

რეკორდული ტემპერატურის გამო მსოფლიოში გაზრდილია ელექტრო ენერგიის მოხმარება. გაგრილების სისტემამ კომუნალური გადასახადების ზრდაც გამოიწვია. სიცხეებმა პრობლემა შეუქმნა სოფლის მეურნეობის სექტორსაც. განსაკუთრებით დაზარალდა ესპანეთი სადაც გვალვის გამო შესაძლოა მოსავალი მნიშვნელოვნად შემცირდეს.

"ეს ნამდვილად ორმაგი დარტყმაა, რადგან არა მხოლოდ ნაკლები ვაჭრობა გვაქვს, არამედ ჩვენი ხარჯები, როგორიც ელექტროენერგიის გადასახადია, ახლა უფრო მაღალია", - განაცხადა ადგილობრივმა მეწარმემ, ჯოი ბრაუნ მერედიტმა.

"ამჟამად არ ვიყენებ კონდიციონერს, რადგან გადასახადი ძალიან მაღალი იქნება. ვცდილობ ნაკლები სურსათი ვიყიდო და დავზოგო ფული გადასახადებისთვის", - ამბობს ადგილობრივი, მარია როდრიგესი.

სპეციალისტები ყოველწლიურად ტემპერატურის კიდევ უფრო მატებას და გლობალური დათბობის პროცესების დაჩქარებას ვარაუდობენ. გამოსავალი კი მათი შეფასებით, გარემოზე ზრუნვისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა.