ძალიან სამწუხაროა, როდესაც ევროკავშირის ელჩი, გერმანიის ელჩიც შეგვიძლია მაგალითად მოვიყვანოთ, ხვდებიან ექსტრემისტებს, ფაშისტებს - ლევან მაჭავარიანი

ლევან მაჭავარიანი

პოლიტიკური განხილვის თემაა ევროკავშირის ელჩის შეხვედრები აქტივისტებთან. "ქართული ოცნება" პაველ ჰერჩინსკის ვენის კონვენციის დარღვევასა და ძალადობის წახალისებაში ადანაშაულებს.

მიზეზი 2 დღის წინ, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის პარალელურად გამართული შეხვედრაა, რა დროსაც პაველ ჰერჩინსკი აქტივისტებს ესაუბრა. ერთ-ერთი, ვინც ფოტო-ვიდეო მასალა თავად გაავრცელა, პოლონეთის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული, "სოლიდარობის ფონდ პიელ საქართველოს" წევრი ანანო ცინცაბაძეა.

ის აქტიურად მონაწილეობს ევროკავშირის ღონისძიებებში და თანამშრომლობდა "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდთანაც".

მმართველ გუნდში ევროკავშირის ელჩი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევასა და რადიკალიზმის წახალისებაში დაადანაშაულეს.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, აღნიშნული ქმედებებით ჰერჩინსკი ექსტრემიზმის წახალისებას ცდილობს.

"ძალიან სამწუხაროა, როდესაც ევროკავშირის ელჩი, გერმანიის ელჩიც შეგვიძლია მაგალითად მოვიყვანოთ, ხვდებიან ექსტრემისტებს, ფაშისტებს. მათთან ერთად ფოტოებში პოზირებენ, აგულიანებენ და ეუბნებიან, რომ ისინი მომავალი თაობის მაგალითები არიან და ა.შ.

შეგვიძლია ირიბადაც და პირდაპირაც ჩავთვალოთ, რომ არის ექსტრემიზმის წახალისების მცდელობა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან სამწუხაროა, თუმცა ელჩები აგრძელებენ ასეთი ტიპის ქმედებებს. ყურადღებასაც არ ვაქცევთ იმიტომ, რომ ვიცით, მათი დღის წესრიგი აგებულია ქვეყანაში რადიკალიზმზე.

ქალბატონი ჩინჩალაძე, გორდულაძე, გამოირჩევიან სუპერ ექსტრემიზმით,რადიკალიზმით და ფაშიზმით თავიანთი პოსტებით, თუ პირდაპირი მოწოდებებით. ძალიან ბევრი მასალა არსებობს მათთან დაკავშირებით ინტერნეტს სივრცეში. ძალიან სამწუხროა, რომ ამათ აგულიანებენ", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.