„დღეს მოგიყვებით, თუ როგორ დავბრუნდი, იმის მიღმა, რაც მითქვამს და იცით...“ - გიორგი კეკელიძის ემოციური პოსტი

გიორგი კეკელიძე

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს გამარჯვებაზე, დაბრუნებაზე, რომელიც აქამდე არასდროს უთქვამს:

პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

დღეს მოგიყვებით, თუ როგორ დავბრუნდი. ანუ იმის მიღმა, რაც მითქვამს და იცით. აქამდე სულ ტანჯვაზე ვწერდი და მერე გადარჩენაზე გიყვებოდით. გადარჩენა ექიმებისა იყო. დაბრუნება - ჩემი.

ორი გადამწყვეტი ნაბიჯია: ნება და მოძრაობა. ნებას სიცოცხლის სურვილი ბადებს, მოძრაობას კი ნება გაიძულებს.

წესი ჩემეული. პირველი და უკანასკნელი:შეცურე იმ მდინარეში, რომელიც იცი, რომ შენზე ღრმა არ არის, მაგრამ მაინც გგონია, რომ დაიხრჩობი. აკვიატებული ფიქრები, შფოთვა, ობსესიები, ფობიები ხომ სხვა არაფერია, თუ არა განცდა შიშისა, რომელიც ცოდნით უსაფუძვლოა. ,,სხვა არაფერია" - ცოტა ისეთი ნათქვამია, იოლი. მთელი უბედურებაც ეგ არის, რომ განცდა და ცოდნა ვერ რიგდებიან ხოლმე და ეგ ტოლია ჯოჯოხეთის. შენ უნდა შეარიგო. ხოლო შერიგება დიდი და ხანგრძლივი ვარჯიშია.წარმოიდგინეთ პატარა ბავშვი, რომელიც სიარულს და სამყაროს სწავლობს. არა. წარმოიდგინეთ პატარა ბავშვი დიდი სხეულით და უზარმაზარი ვალდებულებებით. და იგივე მისიით. კომპიუტერი სადღაც მედო და უბრალოდ, ჩართვა მეშინოდა. ელექტრონულ ფოსტაში და სოციალურ ქსელში შესვლა ხომ საერთოდ - ,, პაროლი შემეშლება!", ,,დამბლოკავენ!" და მერე უარესი - ,,იქ რა დამხვდება!"ჰოდა, ვთქვი - ,,რადგან გადავრჩი - მე შევძლებ!" ,,მე ვარ ადამიანი - ყველაზე გამძლე და ჯიუტი არსება დედამიწაზე!" ,,მე შემიძლია ფერისცვალება - უპირატესობა ადამიანად ყოფნის!".

ახლა მართლა ასე ფრთიან ფრაზებად რომ არ შემოვძახე, კი ხვდებით, უბრალოდ განწყობა მართლა ამგვარი იყო და დავიწყე:ოცჯერ დავაზუსტე ფინანსური დეკლარაცია. ასჯერ გამოვცვალე სოციალური ქსელის პაროლი დავიწყების რისკთან ახლოს მყოფი კომბინაციებით. ყოველდღე ჩავდიოდი სავაჭრო ცენტრების პარკინგზე და ნაძალადევი ღიღინით ვიღებდი დგომის საშვებს. ვდგებოდი საშინელ საცობებში. შევდიოდი ჩიხებში, სადაც მანქანის მობრუნებას საათი სჭირდება და ნიუანსური, ნელი მანევრები.

საშინელი სიმშვიდის დაძალებით ვრეცხავდი თეფშებს. უმცირესი ნაკეცების გათვალისწინებით ვაუთოებდი - ღმერთო ჩემო! მაგრამ კიდევ უფრო ღმერთო ჩემო! - ცალი თვალით ვიქტორ ფრანკლს ვკითხულობდი და ცალით Prime-House - ს ვუყურებდი - მერწმუნეთ, ძალიან ჰგავს ცივი და ცხელი აბაზანის ლამის ერთდროულ მიღებას და ეს უკანასკნელი კიდევ, როგორც გამოცდილი ხალხი ამბობს, დიდად სასარგებლოა.

მოკლედ, ვაკეთებდი ყველაფერს, რაც მანამდე ნერვებს კაწრავდა - შფოთვებისას კი არა, დეპრესიამდეც კი. საზარელი ძალისხმევით ვცდილობდი, რომ ტვინი ყოფას დაბრუნებოდა და დაემახსოვრებინა ძველებურად ყოფნა.მეორე სართულის აბაზანში, სადაც სიცოცხლესთან გამოსალმება ვცადე და მისი კარის შეღებაც მზარავდა, შუაღამისას ვდგებოდი და შევდიოდი. მერე წყალს ვავსებდი, ვეფლობოდი - სანამ გაგუდვის განცდა არ შემეგებებობდა და ჰოპ! ამოვიყვანთავდი და ჰაერს ვჭამდი, კი არ ვსუნთქვადი. საბოლოოდ, ასე დავაჯერე თავს, რომ იმ ოთახში სიცოცხლე უფრო მიცდიდა, ვიდრე სიკვდილი.ყოველ მომდევნო წუთს ვაიძულებდი მიებაძა წინა, ძველებურისთვის.გვიანამდე ვუცქერდი ვარსკვლავებს და ფიქრებში ვუშვებდი ყველაზე საშინელ სცენარებს, რომლის პროლოგიც კი მზარავდა მანამდე. მივყვებოდი ფიქრებს ბოლომდე, სულ ბოლომდე და ნელ-ნელა მივხვდი, რომ ვარსკვლავებს კი აღარ ვუმზერდი, ვარსკვლავებიდან ვიყურებოდი და ეს ფიქრები, ეს გამოგონილი შიშები, ძალიან ცუდი ადამიანების მიერ ცილისწამებებით მორწყული, ძალიან სასაცილოები და პატარები ჩანდნენ ასე შორიდან. და მერე ახლოდანაც სასაცილოები გახდნენ.რადგან ადამიანი ვარჯიშია, ადამიანი არის გამეორება.და ნაბიჯ-ნაბიჯ დავუბრუნდი შეშლილ რეჟიმს.და კიდევ. იმთავითვე - ადამიანი უდრის ბაძვას. ის ბაძავს საკუთარ რაობას - გარდაუვალ რუტინას ადამიანად ყოფნის. არ ვიცი, იყო თუ არა ვინმე ბარათაშვილზე ზუსტი, როცა ეკლესიასტესეული ამაოების საპირწონედ ამოთქვა, დაუკვირვებელი გაფიქრებით უიმედო და შემგუებელი სიტყვები : ,,მაგრამ რადგანაც კაცნი გვქვიან, შვილნი სოფლისა, უნდა კიდეცა მივსდიოთ მას, გვესმას მშობლისა". არადა, თუ დააკვირდებით, ყველაზე იმედიანი ეს ფრაზაა - ცხოვრებას გვაიძულებს და ყველაზე შეუგუებელიც - ,,მერანი" დაწერა ამ კაცმა ბოლო-ბოლო. ვიღაც ზედაპირულმა, შეიძლება ეგრეც გვითხრას, მშობელს კი არ უნდა დაუჯერო, უნდა განავითარო და შეცვალოო. კაი, კაცო! და ოლოლო მას! არ ერგება გამოცანა! ,,გვესმას მშობლისა" მისი ქმედებების კი არა, რაობის გამეორებაა - ცოცხლად ყოფნის მისტერიის, რომელიც მერე შეიძლება სწორედაც რომ შეცვალო და განავითარო. ეგ შეცვლა კიდევ, ადამიანობიდან ამოვარდნამდეც მიგვიყვანს, თუ საქმე გენიოსთან გვაქვს. ანუ ,,ბედის სამძღვარს'' გადალახავთ - თუმცა მანამდე არ გვეტკინოს არაფერი მე და თქვენ - მოდი, ჯერ აქაურ საქმეს მივხედოთ.ტვინიც ასე ბაძავს საკუთ თავს, ფიქრს ფიქრის ასლად ჭრის და იმეორებს. ძნელია ავ აზრებში გაჯიუტებული გონების მოთვინიერება, მაგრამ ძნელია და არა შეუძლებელი - ახალი მეხსიერება უნდა დაიბადოს!ხოლო ბაძვის შემჩნევა ძველი ამბავია და პლატონისეული მიმეზისის არისტოტელესეული გაგება არის ის ბაძვა, რომელიც ჩვენ გამოგვადგება. ანუ ქმნა. მოძრაობა შესაბამისად. ვიცი, გგონიათ, დავიღალე ამდენი წერით, გამოვფილოსოფოსდი და უკვე ვახურებ, მაგრამ მერწმუნეთ - არა. ადამიანები სულ აკვირდებოდნენ საკუთარ თავს და ჩვენ ყველა დაკვირვებას უნდა დავაკვირდეთ. გამოგვადგება. ძალიანაც.და განა ყველაფერი დასრულდა. ჩემს სხეულს დამახსოვრებული აქვს საშინელი შეგრძნებები და იმეორებს. ხან ტურბულენტური ჩავარდნებიც არის, ოღონდ მხოლოდ ტურბულენტური და არა ავიაკატასტროფა - ეს ზუსტად ვიცი. მაგალითად, თუ მძღოლის გვერდით ვზივარ და თუ დღეა თანაც და ამ დროს ჩამეძინა - საზარელი განგაშით მეღვიძება ორიოდ წამში, ლამის ყვირილით და ღამემდე მოწამლულის შეგრძნება მაქვს, ჩხვლეტა და ჭიანჭველები. ხან უამისოდაც. და ახლა ვსწავლობ ბიოქიმიას, სხეულს, მის პასუხებს ფსიქიკის კითხვებზე, ძილის ალგორითმს, სიზმრების ექოს, გამას და ბეტას, სიტყვების და სინაფსების ნეირონულ კავშირებს. მოკლედ, ათას საჭირო აბდა-უბდას. მერე ამაზეც მოგითხრობთ.ახლა კი:მე გავიმარჯვე. გაიმარჯვებთ თქვენც!“,-წერს გიორგი კეკელიძე.