1741179176
ჭიათურის კრიზისის ქრონოლოგია - „ჯორჯიან მანგანეზი“ განცხადებას ავრცელებს

„ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურის კრიზისის ქრონოლოგიის შესახებ ვრცელ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მანგანუმის მოპოვების მკვეთრმა ზრდამ, ბაზარზე ახალი რეალობა შექმნა. ახალი დაბალფასიანი და მაღალხარისხიანი კონცენტრატის გამოჩენამ ქართული მადნის კონკურენტუნარიანობა შეამცირა. ჭიათურაში ისედაც შემცირებული მადნის რეზერვების ათვისება ახალი გამოწვევების წინაშე დადგა. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო მანგანუმის მადნის მოპოვებაში საქართველოს წილი მხოლოდ 2%-ია.
არსებული გლობალური რეალობის გათვალისწინებით, ჯორჯიან მანგანეზი ჭიათურის საწარმოებში ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებას და მადნის მოპოვების ეფექტიანობის ზრდას წლების განმავლობაში ცდილობდა. ამ მიმართულებით გადადგმული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ახალი გამამდიდრებელი ქარხნის აშენება.
1. ᲐᲮᲐᲚᲘ ᲒᲐᲛᲐᲛᲓᲘᲓᲠᲔᲑᲔᲚᲘ ᲥᲐᲠᲮᲐᲜᲐ
ვინაიდან ჭიათურაში არსებული ძველი ქარხნები სრულად ამორტიზებული იყო როგორც ტექნოლოგიური, ასევე კონსტრუქციული თვალსაზრისით, 2017 წელს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ახალი, თანამედროვე ტიპის ქარხნის მშენებლობის თაობაზე, რომლის საინვესტიციო ღირებულება 47 მილიონ ლარს შეადგენდა. გეგმური გათვლების საფუძველზე, ახალი ქარხანა ე.წ. ცოფის ტერიტორიაზე, საერთაშორისოდ აღიარებული გერმანული კომპანია AllMinerals-ის მიერ აშენდა. ქარხნის მთავარი მიზანი იყო მადნის გამდიდრების მაჩვენებლის გაუმჯობესება, რაც თვითღირებულების შემცირების განმაპირობებელი იქნებოდა. ეს კი საბოლოოდ კომპანიის ეკონომიკურ მდგრადობას გააუმჯობესებდა. ახალი გამამდიდრებელი ქარხნის ამუშავების პროცესში, მაქსიმალური შედეგის მისაღწევად, ადგილობრივ სპეციალისტებთან ერთად, კომპანიამ მოიწვია მაღალკვალიფიციური უკრაინელი ინჟინრები და ტექნოლოგები, რომლებიც მადნის გადამუშავების პროცესში გამოცდილები იყვნენ.
2. ᲗᲐᲜᲐᲛᲨᲠᲝᲛᲚᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲤᲘᲪᲕᲘᲡ ᲥᲠᲝᲜᲝᲚᲝᲒᲘᲐ
ჯორჯიან მანგანეზის მიერ გაწეული ძალისხმევის მიუხედავად, ახალი ტექნოლოგიების დანერგვის პროცესს თან დაერთო შიდა კრიზისი და სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, რაც დამატებით შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგენდა. კერძოდ, 2019 წელს ქარხნის ამუშავების პარალელურად, კომპანიაში დაიწყო მასშტაბური გაფიცვა, რომელიც უკავშირდებოდა სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასების მატებას. გაფიცვის მასშტაბებმა უმოკლეს დროში კომპანიას მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზიანი მიაყენა. მაღაროელთა მიერ წარმოების შეჩერებამ მადნის მოპოვებისა და მიწოდების დეფიციტი გამოიწვია, რამაც მთელი საწარმოო ჯაჭვი დააზიანა და პროდუქციის გადამუშავების მოცულობა შეამცირა.
საბოლოოდ, ჯორჯიან მანგანეზი დაეთანხმა პროფკავშირების მოთხოვნას და ხელფასების ზრდა ეტაპობრივად განხორციელდა. ერთი წლის განმავლობაში, მაღაროელების ანაზღაურება ჯამში 35%-ით გაიზარდა, რაც კომპანიამ საფინანსო ინსტიტუტებიდან დამატებითი თანხების მოზიდვით შეძლო. პროფკავშირებთან შეთანხმების შედეგად, ჭიათურაში საწარმოო პროცესი სრული დატვირთვით განახლდა. პანდემიის დროს, წარმოების მოცულობის შემცირების მიუხედავად, კომპანიას არ შეუჩერებია მუშაობა. დასაქმებულების ხელშეწყობით შეძლო შეენარჩუნებინა მთლიანი სამუშაო ძალა, რაც დადებითად აისახა რეგიონის ეკონომიკაზე და ქვეყნის საექსპორტო მაჩვენებელზე.
2021 წელს ჯორჯიან მანგანეზის დასაქმებულებმა კვლავ მოითხოვეს ხელფასის მატება. კომპანიამ ამ შემთხვევაშიც გაითვალისწინა დასაქმებულთა მოთხოვნა და 3700 თანამშრომელს ანაზღაურება 250 ლარით გაუზარდა, რამაც მადნის თვითღირებულება კიდევ უფრო გააძვირა. 2023 წლის 1 თებერვლიდან “ჯორჯიან მანგანეზს“ სამწუხაროდ მოუწია, ე.წ. დროებით სამუშაო რეჟიმზე გადასულიყო. გაჩერებული საწარმოსა და მძიმე ფინანსურ პირობებში კომპანიამ უზრუნველყო კადრების შენარჩუნება და მის მიერ, პროფ კავშირთან დადებული კოლექტიური ხელშეკრულებით აღებული პირობები სრულად შეასრულა. გაჩერებული საწარმოს პირობებში თანამშრომლებს ხელფასის 60% შეუნარჩუნა. ეკონომიკური გამოწვევების ფონზე, “ჯორჯიან მანგანეზმა” არსებული კრიზისის დასაძლევად და მადნის თვითღირებულების შესამცირებლად, უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით ახალი სამუშაო გეგმა შეიმუშავა, რომლის მიზანიც მანგანუმის კონცენტრატის ზარალიანობის შემცირება იყო.
ახალ სამუშაო მოდელს მაღაროელთა უკმაყოფილება მოჰყვა, რაც პროტესტში გადაიზარდა. 2023 წლის 6 ივნისს ჭიათურაში 3 000-მდე მაღაროელი გაიფიცა. მათი ძირითადი მოთხოვნა გაჩერებულ საწარმოში ხელფასის 20%-იანი ზრდა იყო. პროტესტი შეთანხმებით დასრულდა. “ჯორჯიან მანგანეზი” და დასაქმებულები ხელფასის 11,9%-ით ზრდაზე შეთანხმდნენ და შექმნეს სამუშაო ჯგუფი, რომლის ფარგლებშიც ერთობლივად უნდა შეემუშავებინათ კრიზისის დაძლევის გზები. პროფკავშირების მონაწილეობით, სამუშაო ჯგუფის მუშაობის შედეგად, მოპოვების ხარჯების ოპტიმიზაციის ნაცვლად, კვლავ გაზრდილი ხარჯები მივიღეთ. კერძოდ, 2023 წლის დეკემბერი 3 მაღაროზე წლიური სახელფასო ფონდი დამატებით 5 მილიონი ლარით გაიზარდა. გაზრდილი ხარჯებისთვის კომპანიას კვლავ დამატებითი სესხების მოძიება დასჭირდა.
ხელფასების ზრდა ხდებოდა კოლექტიური ხელშეკრულებითაც, ინფლაციის მაჩვენებლის გათვალისწინებით. კოლექტიური ხელშეკრულება 2021 წლის დეკემბერში, დასაქმებულს, დამსაქმებელსა და პროფესიულ კავშირს შორის გაფორმდა. რომლის ფარგლებშიც, პროფკავშირმა „ჯორჯიან მანგანეზს“ თანამშრომლებისთვის დამატებითი ბენეფიტების შეთავაზება დააკისრა, რაც კრიზისში მყოფი კომპანიისთვის დამატებითი წნეხი აღმოჩნდა. ცხრილში გთავაზობთ წლების მიხედვით მხოლოდ ინფლაციით გაზრდილ საპროცენტო მაჩვენებლებს:
აღსანიშნავია, რომ ამ პროცესებმა თავის მხრივ მნიშვნელოვნად გაზარდა წნეხი ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაზე და წარმოება გაკოტრების რეალური რისკის წინაშე დააყენა.
3. ᲭᲘᲐᲗᲣᲠᲐ ᲛᲔᲜᲔᲯᲛᲔᲜᲢ ᲙᲝᲛᲞᲐᲜᲘ
ჭიათურის საწარმოებში კრიზისის დაძლევისა და მოპოვების თვითღირებულების შემცირების მიზნით 2024 წელს ჭიათურის საწარმოების მართვა CMC-ის გადეცა.
ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ პასუხისმგებლობა აიღო მოპოვების ოპტიმიზაციაზე, პროექტების რეალიზებასა და ტექნოლოგიურ განახლებაზე, რითაც წარმოებას თვითკმარს გახდიდა და აღარ დასჭირდებოდა დამატებითი სახსრების მოძიება. ხოლო, ჯორჯიან მანგანეზი მისგან კონცენტრატს საბაზრო ფასში შეისყიდდა.
ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი დაკომპლექტებული იყო სამთო მოპოვებისა და მადნის გადამუშავების თვალსაზრისით საერთაშორისო გამოცდილების მქონე უკრაინელი პროფესიონალებისგან. კომპანიამ აქტიურად დაიწყო ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და წარმოების პროცესის ოპტიმიზაცია. თუმცა, ამ პროცესებს თან დაერთო სოციალური წინააღმდეგობა და შუქრუთის მოსახლეობის მხრიდან მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები. 2024 წელს შუქრუთისა და კოროხნალის მაღაროების პიკეტირების შედეგად, ჭიათურაში მადნის მოპოვება 70 %-ით შემცირდა. მაღაროების პიკეტირება ადგილობრივმა ჯგუფმა მოახდინა, რასაც მხარი დაუჭირეს ჭიათურის საწარმოებში დასაქმებულებმაც, უარი თქვეს მაღაროების გახსნაზე და 8 თვის განმავლობაში, უმუშევრობის პარალელურად, ხელფასის 100%-ს იღებდნენ.
შედეგად, კომპანიამ სამწუხაროდ ვეღარ შეძლო მადნის თვითღირებულების შემცირება. თვალსაჩინოებისთვის გვინდა წარმოგიდგინოთ, წლების განმავლობაში როგორ იცვლებოდა 1 ტონა/პროცენტ მადანზე საბაზრო ფასი.
4. ᲨᲣᲥᲠᲣᲗᲘᲡ ᲞᲠᲝᲢᲔᲡᲢᲘᲡ ᲥᲠᲝᲜᲝᲚᲝᲒᲘᲐ
2019 წელს სოფელ შუქრუთის მოსახლეობამ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით აქციები დაიწყო. ადგილობრივები კომპანიას საბჭოთა პერიოდის გამომუშავების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას სთხოვდნენ. აღსანიშნავია, რომ სოფელ შუქრუთის ტერიტორიაზე კომპანიას დღემდე არ უმუშავია და შესაბამისად, არც არასდროს ჰქონია შეხება ადგილობრივების საცხოვრებელ სახლებთან.
საბოლოოდ, კომპანიასა და სოფლის მოსახლეობას შორის 2020 წელს მემორანდუმი გაფორმდა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ კომპანია შუქრუთის ტერიტორიაზე სამომავლოდ სამთო-მოპოვებით სამუშაოებს აწარმოებდა, კომპენსაციებს, ალტერნატიული ქონების შესაძენად, წინასწარ გასცემდა. თავის მხრივ კი მოსახლეობა პირობას დებდა, რომ კომპანიას შეუფერხებლად მისცემდა სამუშაოების წარმოების შესაძლებლობას.
მემორანდუმის ფარგლებში მოსახლეობის ქონების შეფასება დამოუკიდებელმა აუდიტორმა განახორციელა, რომლის მეთოდოლოგია მოსახლეობისთვის მისაღები იყო, რაც მემორანდუმზე ხელმოწერით დადასტურდა. 280 ოჯახზე გასაცემი კომპენსაციების ოდენობამ ჯამში 25 მილიონი ლარი შეადგინა.
2021 წელს რამდენიმე ოჯახმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და თანხების მიღება გრაფიკით განსაზღვრულ ვადაზე ადრე მოითხოვა. ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით კომპანიამ მათი მოთხოვნა დააკმაყოფილა და ავანსები წინასწარ გადაუხადა. ჯამში 2020 წლიდან, სამომავლო ზიანის ანაზღაურების მოცულობამ 13 მილიონი ლარი შეადგინა.
2024 წელს შუქრუთელებმა მემორანდუმის პირობა დაარღვიეს და კომპენსაციების განმეორებით აღების მოტივით, შუქრუთის მოსახლეობამ შუქრუთისა და კოროხნალის მაღაროები გადაკეტა. პროცესი დააორგანიზა იმავე ჯგუფმა, რომელიც ჯერ კიდევ 2021 წლის პროტესტის ორგანიზატორებად გვევლინებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ამ ადამიანებს სრულად ჰქონდათ აღებული კომპენსაცია.
გიზიარებთ შუქრუთის პროტესტის ინიციატორების სიას და ჩარიცხული კომპენსაციების ოდენობას, რაც საბანკო ამონაწერებით დასტურდება:
•გიორგი ნეფარიძე - 96,814 ₾
•ღენტორ გაფრინდაშვილი - 250 858 ₾
•რომან მეგრელიშვილი - 105, 031 ₾
•ჯუმბერი ცუცქირიძე - 85, 000 ₾
•ჯანიკო ლაბაძე - 185, 738 ₾
უნდა აღინიშნოს, რომ შუქრუთისა და კოროხნალის მაღაროები დღემდე პიკეტირებულია.
რადიკალური პროტესტი მძიმედ აისახა, როგორც დასაქმებულების სოციალურ მდგომარეობაზე, ისე თავად კომპანიის საქმიანობაზე. გარდა ამისა დაზარალდა შუქრუთის მოსახლეობის ის ნაწილი, რომლებიც მემორანდუმის პირობების გათვალისწინებით, თანხის მიღების მოლოდინში იყვნენ.
5. 2024 ᲬᲔᲚᲡ ᲭᲘᲐᲗᲣᲠᲘᲡ ᲡᲐᲬᲐᲠᲛᲝᲔᲑᲨᲘ ᲓᲠᲝᲔᲑᲘᲗᲘ ᲡᲐᲛᲣᲨᲐᲝ ᲠᲔᲟᲘᲛᲘ ᲐᲛᲝᲥᲛᲔᲓᲓᲐ
უსამართლო მოთხოვნების გამო, კომპანიამ ვერ შეძლო მიეღწია შეთანხმებას პროტესტანტებთან, რამაც ხელი შეუშალა CMC-ის გეგმების სრულყოფას და კომპანიას სამწუხაროდ კვლავ მოუწია მიეღო გადაწყვეტილება ჭიათურაში წარმოების სრულ გაჩერებაზე.
2024 წლის ნოემბრიდან ამოქმედდა დროებითი მართვის რეჟიმი, რომლის ფარგლებშიც თანამშრომლებს კვლავ შეუნარჩუნდათ ხელფასის 60% და საოჯახო სადაზღვევო პაკეტი.
ჯამში, გაჩერებული წარმოების 1-წლიან პერიოდში კომპანიამ ბანკებიდან აღებული კრედიტებით ხელფასის სახით 82,6 მილიონი ლარი გასცა და საკრედიტო რესურსები სრულად ამოწურა.
6. ᲭᲘᲐᲗᲣᲠᲐᲨᲘ ᲛᲘᲬᲘᲡᲥᲕᲔᲨᲐ ᲛᲝᲞᲝᲕᲔᲑᲘᲡ ᲐᲣᲓᲘᲢᲘ - DMT ᲓᲐᲡᲙᲕᲜᲐ
ჭიათურის საწარმოების ტექნიკური გეოლოგიური და ფინანსური მონაცემების შესასწავლად, ჯორჯიან მანგანეზმა მოიწვია საერთაშორისოდ აღიარებული გერმანული აუდიტორიული კომპანია DMT.
2024 წელს DMT-ის მიერ მომზადებული დასკვნით დასტურდება, რომ მიწისქვეშა მოპოვება ფინანსურად წამგებიანია!
რაც გამოწვეულია შემდეგი ფაქტორებით:
1. მადნის დაბალი ხარისხი და აქედან გამომდინარე, გადამუშავების შედეგების დაბალი ეფექტიანობა;
2. მანგანუმის კონცენტრატის ფასების სტაგნაცია და ბაზრის არასტაბილურობა;
3. შრომით ბაზარზე და ხარჯვით მასალებზე ფასების ზრდის პირობებში ძალიან მაღალი საოპერაციო ხარჯები (OPEX), განსაკუთრებით გადამუშავებისა და მიწისქვეშა მოპოვების კუთხით;
4. ინვესტიციების განხორციელება არაეფექტიანია.
7. ᲒᲐᲠᲔᲛᲝᲡ ᲓᲐᲪᲕᲐ ᲓᲐ ᲭᲘᲐᲗᲣᲠᲘᲡ ᲐᲚᲢᲔᲠᲜᲐᲢᲘᲣᲚᲘ ᲒᲐᲜᲕᲘᲗᲐᲠᲔᲑᲐ
ჭიათურაში მოპოვებითი სამუშაოების პარალელურად კომპანია მუდმივად მუშაობდა გარემოსთვის მიყენებული ზიანის შემცირებაზე.
კომპანიამ პასუხისმგებლობა აიღო მოპოვების პარალელურად რეკულტივაცია ჩაეტარებინა დაზიანებული ნაკვეთები. ასევე აღედგინა ის ტერიტორიები, რომელიც ჭიათურაში ოპერირების დაწყებამდე მემკვიდრეობად დახვდა. ჯორჯიან მანგანეზმა 2017 წლიდან დღემდე 633 ჰექტარ ტერიტორიაზე განახორციელა რეკულტივაციის სამუშაოები, რომლის ჯამური დანახარჯიც 33,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ეკოლოგიური პროექტების პარალელურად, კომპანია ასევე დიდ რესურს დებდა სოციალურ პროექტებში. პროექტების ხელშეწყობა მიზნად ისახავდა რეგიონის ალტერნატიულ განვითარებას. ეკონომიკური და სოციალური მიმართულებით. ამ მიზნით კომპანია უწყვეტად აფინანსებდა საგანმანათლებლო და სასოფლო-სამეურნეო პროექტებს. ასევე ხელს უწყობდა სპორტის, კულტურის, ტურიზმისა და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებას. მაგალითისთვის, მხოლოდ 15 სოფლის წყლით მომარაგება, კომპანიას ყოველწლიურად 3 მილიონ ლარამდე უჯდება.
8. 7- ᲬᲚᲘᲐᲜᲘ ᲙᲠᲘᲖᲘᲡᲘᲡ ᲨᲔᲓᲔᲒᲔᲑᲘ
საოპერაციო ხარჯების ზრდის მიუხედავად, ქალაქის ეკონომიკური სტაბილურობის შესანარჩუნებლად, კომპანია მაქსიმალურად ითვალისწინებდა დასაქმებულთა მოთხოვნებს.
2019 წლიდან 2024 წლამდე, თანამშრომლების სამი ფართომასშტაბიანი გაფიცვის, მოსახლეობის მხრიდან მუდმივი ხელშეშლისა და მოპოვებითი სამუშაოების პარალიზების მიუხედავად, დასაქმებულების ყოველთვიური ხელფასის ფონდი თვეში 3 მილიონი ლარიდან 8.5 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
ხელფასის წილი 1 ტონა კონცენტრანტში თუ 2019 წელს 93$ იყო, დღევანდელი მონაცემით კი 245$-მდეა გაზრდილი.
საბოლოოდ, მსოფლიო ბაზარზე კონცენტრატის ფასის კლების პარალელურად, ჭიათურაში მიწისქვეშა მოპოვების თვითღირებულების მუდმივმა ზრდამ და ხელფასების მატებამ კომპანია უკიდურეს კრიზისამდე მიიყვანა. წამგებიან კომპანიას ბანკებმა დამატებითი სესხების გაცემაზე უკვე უარი უთხრეს. სწორედ ეს გახდა მთავარი ფაქტორი, რის გამოც კომპანიამ დასაქმებულებს 2025 თებერვლის თვის 60% ვეღარ გადაუხადა. ხელფასის დაგვიანების გამო კომპანიამ ჭიათურაში მორიგი გამოსვლა მიიღო, რაც საბოლოოდ შუქრუთის მოსახლეობასთან ერთობლივ პროტესტში გადაიზარდა. მათი მთავარი მოთხოვნა კი ქალაქიდან ინვესტორის გასვლაა“, - ნათქვამია „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.