რატომ არ შეიძლება აღდგომამდე წითელი კვერცხის ჭამა?
1745009148
მსოფლიოში ისევ "ოზემპიკის" ბუმია. მას შემდეგ, რაც შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ შექმნილმა პრეპარატმა წონის კლების ეფექტი გამოავლინა, მისი გამოყენება გასახდომად ექიმის ჩარევის გარეშე უკონტროლოდ დაიწყო. მეტიც - დაიწყეს რეკლამირება ჰოლივუდის ვარსკვლავებმა, კიდევ უფრო გაიზარდა ინტერესი და ახლა მას და მის ანალოგებს არასრულწლოვნები მშობლისგან მალულად, ონლაინ სივრცეში ყიდულობენ და მოიხმარენ.
GLP აგონისტს უკუჩვენებების ჩამონათვალი ვრცელი აქვს. მას ანოტაციაში უწერია, რომ 18 წლამდე მოზარდებში სასტიკად იკრძალება, შესაბამისად, გართულების რისკი ბავშვებში კიდევ უფრო დიდია, ვიდრე ზრდასრულებში.
მომღერალმა თეონა კონტრიძე 14 წლის ქალიშვილს "ოზემპიკის" ინექცია ექიმის დანიშნულებით გაუკეთა. ახლა ყველას მოუწოდებს, მისი შეცდომა არ გაიმეორონ.
"ოზემპიკი" და მისი ანალოგები თუ ექიმის მიერ ინიშნება, შეძენა ფორმა 100-ით ქსელურ აფთიაქებში შეიძლება, მაგრამ თუ მისი მოხმარება დანიშნულების გვერდის ავლით გადაწყვიტეს, მათ შორის, მოზარდებმა, ამისთვის ონლაინ სივრცეს იყენებენ.
"კურიერი P.S-მა" ექსპერიმენტი ჩაატარა და დადასტურდა, რომ ამ გზით არასრულწლოვანისთვის წამლის შესყიდვა მარტივია.
ასეთი არაკეთილსინდისიერი გამყიდველების შემთხვევაში, საეჭვოა მედიკამენტების ტრანსპორტირების და შენახვის პირობებიც. "ოზემპიკს" და მის ანალოგებს აუცილებლად სჭირდება სამაცივრე პირობები, ხშირ შემთხვევაში კი უცხო ქვეყნიდან წამალი ცივი ჯაჭვის გარეშე ჩამოაქვთ. შესაბამისად, უკუჩვენებების ალბათობაც კიდევ უფრო იზრდება.
GLP აგონისტები ჯერ კიდევ ახალბედა მედიკამენტებად ითვლება, შესაბამისად, უკუჩვენებების და გართულებების ჩამონათვალი როგორი შეიძლება იყოს გრძელვადიან პერსპექტივაში, უცნობია. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის სურსათისა და წამლის სააგენტომ "ოზემპიკი" დიაბეტისა და სიმსუქნის სამკურნალო პრეპარატად აღიარეს, მნიშვნელოვანია მისი პოზიტიური გავლენის ალბათობა პაციენტის ჯანმრთელობაზე აჭარბებდეს რისკების ჩამონათვალს. ამიტომ, აუცილებელია მისი და მისი მონათესავე პრეპარატების გამოყენება არ მოხდეს ექიმის ჩარევის გარეშე.