ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები ლეობენის სამთო უნივერსიტეტის რექტორს შეხვდნენ

სამთო უნივერსიტეტი

საქართველოს პარლამენტის ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი აკაკი ალადაშვილი და მეგობრობის ჯგუფის წევრები ირაკლი შატაკიშვილი და მარიამ ლაშხი ლეობენის სამთო უნივერსიტეტის რექტორს პიტერ მოზერს შეხვდნენ.

მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის აკაკი ალადაშვილის თქმით, ლეობენის სამთო უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტის მიზანია პარტნიორული ურთიერთობების დამყარება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან და მემორანდუმის ხელმოწერა.

„შეთანხმება გულისხმობს თანამშრომლობას სხვადასხვა საერთაშორისო პროგრამებში, მათ შორის „Erasmus+“-ის ფარგლებში. ასევე, სტუდენტების და პროფესორ-მასწავლებელთა გაცვლით პროგრამებს. ჩვენი მეგობრობის ჯგუფი მზად არის აქტიურად დაუჭიროს მხარი ავსტრიასთან თანამშრომლობის გაძლიერებას“, - განაცხადა აკაკი ალადაშვილმა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის ელჩი რობერტ გერშნერი.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.