ტრაგედია მსახიობ ზურაბ ცინცქილაძის ოჯახში
1752576837
სადგურის მოედანზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება - ადგილზე სამართალდამცველები და შესაბამისი სამსახურები მუშაობას განაგრძობენ. ავარიული კორპუსის ფასადის ნგრევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. მეორე ცხედარი მაშველებმა გვიან ღამით ნანგრევებში იპოვეს. კლინიკაში რჩება დაშავებული მოქალაქე. ნგრევა გუშინ მოხდა, სავარაუდოდ, ჩამოიშალა სახურავისა და ფასადის ნაწილი.
ძებნა-შველის ოპერაცია დასრულებულია, თუმცა ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს, პარალელურ რეჟიმში შენობაში მუშაობენ ექსპერტები. გარე პერიმეტრი კი სრულიად შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტით, განთავსებულია რკინის ჯებირები და უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე ადგილობრივებს, აქ მყოფ ადამიანებს შენობასთან მიახლოება არ ეძლევათ. ასევე შეზღუდულია საავტომობილო მიმოსვლა თევდორე მღვდლის ქუჩაზე. ბუნებრივია, ჩვენ ვესაუბრეთ ადგილობრივებს, აქ მცხოვრებ ადამიანებს, რომლებიც გარე პერიმეტრზე იმყოფებიან და ისინი გვიდასტურებენ, რომ აქ მცხოვრები ყველა ადამიანი ინფორმირებული იყო იმასთან დაკავშირებით, რომ შენობა იყო ავარიული და მასში ცხოვრება იყო საშიში.
ადგილობრივები ასევე ყვებიან, რომ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები გამგეობასთან, თუმცა აქ მცხოვრვები ადამიანების უმეტესობა ოჯახების უმეტესობა წინააღმდეგი იყო გასახლების და წინააღმდეგი იყო იმის, რომ ესარგებლათ თბილისის მერიის ჩანაცვლების პროგრამით.
"ისეთი ხმა იყო, ჩვენ, ოჯახის წევრებს მიწისძვრა გვეგონა. რომ გამოვედით, საკმაოდ დიდი ბინა არის და მეორე მხრიდან, რომელი მხრიდანაც ჩამოვარდა ეს პარაპეტი, ჩემი რძალი გამოვიდა ბავშვებით და ჩამოინგრაო. შიშში, რა თქმა უნდა, ჩამოვედით სულ ყველა ეზოში, მაგრამ ნამდვილად არ გვეგონა, ის თუ ჩამოინგრეოდა. ჩვენ გვქონდა გახსნილი ბზარები, რომელიც იყო მე-5 სადარბაზოში, რომ იქ რაღაცა ფრაგმენტები ჩამოვარდა, მაგრამ ეს ამხელა მასა თუ ჩამოვარდებოდა, ნამდვილად არავის არ ეგონა. თუმცა სახლი ავარიულია, ექსპერტიზის სამხარაულის დასკვნაც არის. არაერთხელ იყო მოსული გამგეობიდანაც, მერიიდანაც, რომ ჩანაცვლებით პროგრამას გვთავაზობდნენ, გვეუბნებოდნენ, რომ აქვე დაინგრევა ეს სახლი და აქვე აგიშენდებათ, ჩვენ ვუზრუნველვყოფთ, როგორც გუშინ მყისიერად გადაგვიყვანეს სასტუმროებში, დაგვაბინავეს. გვიქირავებდნენ ბინებს, მაგრამ ძალიან ბევრი მეაზობელი უარზე იყო.
მეც თანახმა ვიყავი იმიტომ, რომ პატარა მცირეწლოვანი შვილიშვილები მყავს და მინდოდა მშვიდად მეცხოვრა და არ ვყოფილიყავი იმის შიშში, რომ რაღაც არ მოხვედრილიყო", - აცხადებს ადგილობრივი.