„ამ პროცესების ხელოვნურად შეჩერებაც წარმოუდგენელია...“ - პედიატრი ინგა მამუჩიშვილი მშობლებს მიმართავს

ინგა მამუჩიშვილი

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ინგა მამუჩიშვილი სოციალური ქსელის მომხმარებლებს მნიშვნელოვან ინფორმაციას უზიარებს:

„არ ინერვიულოთ, მშობლებო, 2 წლიდან 6 წლამდე ჩვენი პატარები ვირუსებთან ურთიერთობის და მათ მიერ გამოწვეული ინფექციების აქტიურ ფაზაში არიან, უნდა გაიცნონ და მერე შექმნილი იმუნური მეხსიერების წყალობით მარტივად გაუმკლავდნენ, ეს არის ბუნებრივი მოვლენა…

თქვენი წუხილიც მესმის, მაგრამ ისევე, როგორც სტიქიას ვერ ვაჩერებთ, ამ პროცესების ხელოვნურად შეჩერებაც წარმოუდგენელია!

ერთი მხრივ, ბოროტები არიან ეს პათოგენები, მაგრამ, მეორე მხრივ, ზრუნავენ იმუნიტეტის მდგრადობაზე, ცოტა ნამეტანი კი მოსდით, მაგრამ მაინც!

მთავარია არ დაისტრესოთ, რაც უფრო მედგრად შეხვდებით და დაუცაცხანებთ, მით უფრო მარტივად დატოვებენ ორგანიზმს! სტრესული გარემოს და ცუდი გუნება-განწყობის მოყვარულები არიან მიკროორგანიზმები, ხალასი და ბედნიერი ადამიანების აუტანლობა სჭირთ!

დაიცავით ჰიგიენური ეტიკეტი, კარგად იკვებეთ, წყალი სვით ბევრი, ძილი მოიწესრიგეთ, ფიზიკურ აქტივობას არ მოერიდოთ, შეძლებისდაგვარად იხალისეთ და შეუქმენით პოზიტიური სამყარო პაწუკებს. მიყვარს ბავშვები და ვეთაყვანები ყველას, ვისაც მათზე ზრუნვა ძალუძთ“, – წერს პედიატრი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში.