„ახლა ომია. მე საქართველოდან ვარ. ჩემმა ქვეყანამაც არაერთხელ გადაიტანა ომი...“ - ქართველი გოგოს შთამბეჭდავი გამოსვლა გერმანულ კონკურსში

ლიზი გოზალიშვილი

კიდევ ერთი ქართველი მომღერლის წარმატებით გამოსვლა გერმანულ Voice-ში -19 წლის ქართველმა მომღერალმა ლიზი გოზალიშვილმა გერმანულ Voice-ის შესარჩევ ტურში მაიკლ ჯექსონის სიმღერა Earth Song იმღერა.

მომღერალი სცენაზე უკრაინის დროშის ფერებში ჩაცმული გავიდა და განაცხადა, რომ იგი საქართველოდანაა. გერმანიის Voice-ში მონაწილეობა მისი დიდი ხნის ოცნება იყო.

„ასეთი კონტროლის ქონა ამ სიმღერაზე ისე, რომ შენს სიმღერად აქციო, თითქმის შეუძლებელია. ყველამ იცის ეს სიმღერა, ყველას უმღერია ან მოუსმენია. აქამდე არავინ მინახავს, რომ ვინმეს ასე თავისად ექცია, ისე კარგად, როგორც - შენ“, - უთხრა სიმღერის შესრულების შემდეგ ქართველ მომღერალს ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა. ამის შემდეგ მათ მაიკლ ჯექსონის ცნობილი ჰიტი დუეტში იმღერეს.

კითხვაზე თუ რატომ აირჩია Earth Song, ქართველმა მომღერალმა განაცხადა: „სიმღერა ისეთ თემას ეხება, რაც ძალიან აქტუალურია. მსოფლიოში დღეს ისევ ომია. მე საქართველოდან ვარ. ჩემმა ქვეყანამაც არაერთხელ გადაიტანა ომი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ სიმღერით მე ვთქვა ის, რასაც ვფიქრობ“.