1772437203
ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენცია - „მწვანე ჰორიზონტები: ბიოლოგია, ბიოტექნოლოგია და გარემოს ჯანმრთელობა“ გაიმართა
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 85 წლისთავის საიუბილეო ღონისძიებათა ფარგლებში, მიმდინარე წლის 27-28 თებერვალს აკადემიაში ჩატარდა ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენცია - „მწვანე ჰორიზონტები: ბიოლოგია, ბიოტექნოლოგია და გარემოს ჯანმრთელობა“, რომელიც მიეძღვნა გამოჩენილი მეცნიერისა და მოღვაწის აკადემიკოს სერგი დურმიშიძის ხსოვნას.
კონფერენცია ფოკუსირებულია საქართველოს ბიომრავალფეროვნების, მათი დაცვის, ინფექციური დაავადებებისა და პარაზიტების, ნარჩენების მართვის თანამედროვე ეკოლოგიურ მეთოდებზე, გარემოს მდგრადობასა და ეკოლოგიურ ინოვაციებზე.
27 თებერვალს კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა. მოხსენებაში - „სერგი დურმიშიძის სამეცნიერო მოღვაწეობა“, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ აღნიშნა ბატონი სერგის სამეცნიერო მიღწევები, მისი ორგანიზაციული საქმიანობა, რაც პირველ რიგში უკავშირდება მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტის დაარსებას, მისი სამეცნიერო მიმართულებების განსაზღვრას და განვითარებას. „მცენარეთა ბიოქიმიის ლაბორატორიიდან სერგი დურმიშიძის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტამდე“, ამ სახელწოდების მოხსენებით აკადემიკოსმა თინათინ სადუნიშვილმა წარმოადგინა ინსტიტუტის დაარსების ისტორია, მისი პროგრესი და მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარების მიღწევები.
27 თებერვალს პირველ სესიაზე კონფერენციის მონაწილეებმა წარმოადგინეს ზეპირი და სტენდური მოხსენებები. მოხსენებების თემატიკა მრავალფეროვანი იყო და წარმოადგენილ იქნა შედეგები კვლევებისა როგორც ქვეყნის ბიომრავალფეროვანი ფლორის, ფაუნის და მიკროორგანიზმების მრავალფეროვნებაზე, ისე მათ გამოყენებაზე ბიოტექნოლოგიებში, როგორიცაა ბიომონიტორინგი, ბიოინდიკაცია, გარემოს ბიოტექნოლოგიები, მცენარეთა დაცვის ინოვაციური გარემოსადმი მეგობრული ტექნოლოგიები, ფუნქციური სურსათის წარმოების ბიოტექნოლოგიები და სხვ. წარმოდგენილ იქნა ასევე პრეზენტაციები კლიმატის გლობალური ცვლილების გავლენაზე ეკოსისტემებზე; ქალაქ თბილისის ჰაერის დაბინძურების ბიომონიტორინგზე ბრიოფიტების საშუალებით, და სხვ.
კონფერენციაში 40 მდე ახალგაზრდა მეცნიერი მონაწილეობდა ქვეყნის ყველა უმაღლესი საგანმანათლებო და სამეცნიერო კვლევითი ორგანიზაციებიდან, მათ შორის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტიდან, ილის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან, საქართველოს უნივერსიტეტიდან, გიორგი ელიავას ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტიდან, უხერხემლოთა კვლევითი ცენტრიდან, ასევე გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს მონიტორინგის დეპარტამენტიდან, და სხვ.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდა მეცნიერებმა საზღვარგარეთიდან: ბურსას ტექნიკური უნივერსიტეტიდან (თურქეთი) - წარმოადგინა, ფრაიბურგის უნივერსიტეტიდან (გერმანია), ბასკეთის უნივერსიტეტიდან (ესპანეთი) და პოსა და ადურის ქვეყნების უნივერსიტეტიდან (საფრანგეთი). მათი მოხსენებები წარმოდგენილ იქნა 28 თებერვალს ონლაინ.
კონფერენციის ორგანიზატორები არიან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და აკადემიის ბიოლოგიურ მეცნიერებათა განყოფილება. საორგანიზაციო-სამეცნიერო კომიტეტის თავმჯდომარე გახლდათ აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე, ხოლო წევრები: აკადემიის ბიოლოგიურ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი თინათინ სადუნიშვილი; აკადემიის წევრ-კორესპონდენტები - გია ნახუცრიშვილი, გია ხატისაშვილი, გიორგი ჯაფოშვილი და ბიოლოგიურ მეცნიერებათა განყოფილების სწავლული მდივანი მაია გრიგოლავა.
კონფერენციის მონაწილეებს დაურიგდათ დაბეჭდილი მოსაწვევი/პროგრამა და კონფერენციის მასალები (კომპიუტერული უზრუნველყოფა განახორციელა პაატა ქორქიამ). კონფერენციის მონაწილეებს აკადემიის მხარდაჭერით გადაეცათ საჩუქრად ასევე წიგნები: ალექსანდრე დიდებულიძე, თინათინ სადუნიშვილი „აგრობიოლოგიური მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კომერციალიზაცია. საქართველოს პერსპექტივები“. ISBN 978-9941-8-6791-0. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, თბილისი, 2024.











