6 ათასი დევნილი ოჯახი მიიღებს უახლოესი წლების განმავლობაში ბინებს - მიხეილ სარჯველაძე

ბინა

„არანორმალური ტემპი აქვს აღებული დევნილთა განსახლების პროცესს. 35000-ს გასცდა დაკმაყოფილებული დევნილი ოჯახების რიცხვი. აღსანიშნავია მიმდინარე პროექტები - 6000 ბინაზეა საუბარი, რაც მიმდინარე მშენებლობებს მოიცავს“, - აღნიშნულის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ მშენებლობები საქართველოს 5 ქალაქში მიმდინარეობს.

„თბილისში მიმდინარეობს მასშტაბური მშენებლობა, ქუთაისში ფინალურ ეტაპზე ვართ და ძალიან ახლო მომავალში უკვე განაწილდება ბინები ოჯახებზე, ეს არის ბორჯომი, რუსთავი, სულ მალე დაიწყება მშენებლობა ზუგდიდში.

დევნილთა განსახლება მკაფიო რეგლამენტაციისა და დევნილი ოჯახების ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე მიმდინარეობს. მთავარი განმსაზღვრელი არის საჭიროება, რომელიც შეიძლება, ოჯახის წინაშე იდგეს, შესაბამისად მიიღება გადაწყვეტილება. თუმცა, ამას წინ უძღვის საკმაოდ შრომატევადი შეფასების პროცესი. ახლაც ქუთაისში მიმდინარეა ასეთი პროცესი, სადაც ვახორციელებთ შეფასებას საანკეტო მონაცემებისა და კონკრეტულად ვიზიტები ხორციელდება ოჯახებთან“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ დევნილთა განსახლების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და სახელმწიფო საკუთარ ვალდებულებებს სრულად შეასრულებს.

ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.