VIDEO: ქართული ქოლ-ცენტრი ყაზახეთში და დაკავებული საქართველოს 24 მოქალაქე - რა სქემით მუშაობდნენ დამნაშავეები

ქოლცენტრები

ქოლცენტრები, საიდანაც ყაზახეთის მოქალაქეებს დიდი ოდენობით თანხები გამოსძალეს - ასე აშუქებს ყაზახური მედია ქალაქ ალმათში ჩატარებულ სპეცოპერაციას. დაკავების ღონისძიება ადგილობრივი პოლიცია რამდენიმე დღის განმავლობაში გეგმავდა. გამოძიების ცნობით, სპეცდანიშნულების რაზმი ქართველების მიერ ორგანიზებულ ქოლცენტრში შევიდა. დაკავებულია საქართველოს 24 მოქალაქე. ინფორმაცია “კურიერს“ პირადად დაუდასტურეს ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ყაზახეთის საგამოძიებო ორგანო, დაკავებულთა ვინაობას არ აკონკრეტებს, თუმცა უწყების მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ სპეცოპერაციის დროს დაპატიმრებულებს შორის არიან ქალებიც.

ქოლცენტრების ქსელთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გაკეთდა ყაზახეთის კიბერ უსაფრთხოების დეპარტამენტში. უწყების ხელმძღვანელმა პირადად განმარტა, თუ რას საქმიანობდა საქართველოს მოქალაქეებისგან შემდგარი დაჯგუფება კონსპირაციულ ოფისში. ანალოგიური სპეცოპერაციები ალმათის გარდა ჩატარდა ყაზახეთის სხვა ქალაქებშიც.

გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულებრივმა დაჯგუფებამ მოიპარა ერთ-ერთი კომპანიის მონაცემთა ბაზა, რის შემდეგაც კლიენტებს თაღლითური გზით თანხები გამოსძალეს. სატელეფონო ზარის ავტორები, მოქალაქეებს არწმუნებდნენ, რომ კონკრეტულ ანგარიშებზე თანხის ჩარიცხვით დიდ მოგებას ნახავდნენ, რეალურად კი ფული თაღლითების მართვის ქვეშ მყოფ ანგარიშებზე ირიცხებოდა.

სპეცოპერაციის დროს ალმათში განთავსებული ქოლცენტრიდან ამოღებულია საბანკო ბარათები, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული მონაცემთა ბაზები, კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები. დაკავებულებს ბრალი კიბერ თაღლითობის მუხლით უკვე წარუდგინეს.