VIDEO: „ჩაეხუტეთ მამას, იზეიმეთ...“ - დედების წერილები ციხიდან შვილებს და ცხოვრება გისოსებს მიღმა

წერილები ციხიდან

წლის მთავარი დღესასწაულისთვის ყველა ოჯახში განსაკუთრებული სამზადისია. ყველას განსხვავებული ოცნება აქვს, თუმცა არის ადგილი, სადაც თითქმის ყველას მხოლოდ ერთი სურვილი აერთიანებს - თავისუფლება. "კურიერი P.S." წინასაახალწლო სამზადისის გადასაღებად ქალთა ციხეში შევიდა, სადაც 300-ზე მეტი პატიმარია. სხვადასხვა დანაშაულისთვის მსჯავრდადებული ქალები ცდილობენ ერთმანეთს შეუქმნან სადღესასწაულო განწყობა. ქალთა ციხეში, წლევანდელი წელი განსაკუთრებულია. განსაკუთრებულს კი პატარა ალისა ქმნის - ბავშვი, რომელიც ციხეში დაიბადა და გისოსებს მიღმა იზრდება.

პატიმრების ხმები 7 თვის ალისას დაბადებიდან ესმის. გოგონა ჯერ დაბადებული არ იყო, როდესაც დედა დააპატიმრეს. გაჩნდა და ბინაც აქ, გისოსებს მიღმა დაიდო. უჩვეულო, თუმცა ზრუნვით და სიყვარულით სავსე გარემოში. სპეციალურად მისთვის მოწყობილ, ყველაზე ლამაზ საკანში, პირველ ახალ წელს და პირველ საჩუქარს ელოდება. ნაძვის ხე დედასთან ერთად ააწყო. სურვილი ჩაფიქრებულია - მალე გაიცნოს და-ძმა, რომლებსაც ჯერ ვერ შეხვდა.

ციხეში დაბადებულ ალისას იმაში ნამდვილად გაუმართლა, რომ დედასთან განშორება არ განუცდია. ეს არც ელოდება, რადგან აქ ცხოვრების უფლება 3 წლამდე აქვს, ზუსტად იმდენ ხანს, რამდენიც დედას თავისუფლებამდე აშორებს.

სინანულით სავსე სივრცეში არიან დედები, რომლებიც შვილებს ციხემ დიდი ხნით დააშორა. ფურცლებზე ყველა სიტყვა მონატრებულ ოჯახის წევრებს ეკუთვნით. #5 დაწესებულების ბიბლიოთეკაში დედებმა "კურიერი P.S."-ს საახალწლოდ დაწერილი წერილები ანახეს

წერილები გაგზავნილია, სურვილები ჩაფიქრებული. სევდას საახალწლო სამზადისი ანაცვლებს. საკნებში ყველა პირობაა იმისთვის, რომ ტრადიციული სადღესასწაულო ვახშამი მოამზადონ. ეს ყველაფერი არ არის - დღესასწაულის უკეთ აღნიშვნისთვის პატიმრებს ახალი წლის ღამეს საკნებიდან გასვლის და ერთად შეხვედრის საშუალებაც აქვთ.

ახლა წლის მთავარი ღონისძიებისთვის ემზადებიან. მოწესრიგდნენ, გენერალური რეპეტიცია გაიარეს და სცენაზე გადიან. ხალხური ცეკვები და სიმღერები, თეატრალური დადგმები, ღონისძიებისთვის პატიმრებმა კოსტიუმები საკუთარი ხელით შეკერეს.

ვინც სცენაზე არ დგას, მაყურებელია - კონცერტს საპატიო სტუმრის რანგში 7 თვის ალისა ესწრება.

 

ასევე ნახეთ:

„თავს ისევ მიმზიდველად იგრძნობთ...“ - დასახელდა 2024 წლის იღბლიანი ზოდიაქოს ნიშნები

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გააკეთონ ზოდიაქოს ნიშნებმა ახალ წლამდე...