გაფრთხილება! წყალი 9 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1735067272
რა სახის აღმკვეთ ღონისძიებას გამოიყენებს სასამართლო ვარკეთილში მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებულ პირთან დაკავშირებით, დღეს გახდება ცნობილი.
ახალგაზრდა მამაკაცმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით მისივე თანატოლი სასიკვდილოდ გაიმეტა, სამი კი დაჭრა.
რა გახდა ფიზიკური დაპირისპირებისა და მკვლელობის მოტივი, ჯერ უცნობია. მამაკაცი, რომელსაც ერთ-ერთმა თავდამსხმელმა დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, 25 წლის მიშო ქავთარაძეა. კადრებში ჩანს, რომ მის საშველად ადგილზე იმყოფება მამაც, რომელსაც დანით ასევე მძიმე დაზიანებები მიაყენეს. ფაქტს ადგილობრივებიც ადასტურებენ.
მოკლულის მამის გარდა, თავდამსხმელმა ცივი იარაღით დაჭრა კიდევ ორი ახალგაზრდა - რატი ბაშალეიშვილი და ნოდარ რეხვიაშვილი. ორივე მიშო ქავთარაძის ახლო მეგობრები არიან და, სავარაუდოდ, კონფლიქტში მის დახმარებას ცდილობდნენ. ახლობლები ამბობენ, რომ სამივე დაჭრილი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობისა და სამი ადამიანის დაჭრის ფაქტზე სამართალდამცველებმა 20 წლის მამაკაცი დააკავეს. ის წარსულში ერთხელ უკვე არის ნასამართლევი და მკვლელობის დროს პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა. ადგილობრივებისთვის დამნაშავის ვინაობა, ჯერჯერობით, უცნობია.
20 წლის მამაკაცს მძიმე დანაშაულისთვის ბრალდება უკვე წარედგინა. მას 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.