ფულის გამოძალვა კრიმინალური ავტორიტეტის „ფოლადას“ სახელით - დაკავებულია 2 პირი

 შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის, მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარების ბრალდებით წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ორი პირი: 1962 წელს დაბადებული ე.მ. და 1981 წელს დაბადებული ა.გ. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში, მარნეულში მცხოვრებ რამდენიმე მოქალაქეს მობილურ ტელეფონებზე დაუკავშირდნენ უცნობი პირები კრიმინალური ავტორიტეტის „ფოლადას“ სახელით და მოსთხოვეს თანხების გადახდა, წინააღმდეგ შემთხვევაში სიცოცხლის მოსპობითა და ქონების განადგურებით დაემუქრნენ.

„სამართალდამცველებმა საქმეზე კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირების ვინაობა მალევე დაადგინეს და ბრალდებულების სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.