კაცი, რომელმაც დოლიძეზე ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა, კლინიკაშია გადაყვანილი

პოლიცია ლენტა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, კაცი, რომელმაც თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელია. უწყების ინფორმაციით, შემთხვევის დროს ადგილზე იყო გარდაცვლილის ორი არასრულწლოვანი შვილი.

ბრალდებული ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული.

"ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედმა თანამშრომელმა მისი ყოფილი მეუღლის და სიდედრის მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა გასროლა, რის შემდეგაც თავის არეში მიიყენა თვითდაზიანება. იგი ამჟამად გადაყვანილია კლინიკაში.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობას. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილას იმყოფებოდნენ გარდაცვლილის არასრულწლოვანი შვილები და ასევე ერთ-ერთი პირი შეესწრო მომხდარ ფაქტს", - თქვა კვარაცხელიამ.