1790255236
კადრები ფარნავაზ მეფეზე მდებარე ბინიდან, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა - რას ჰყვება მეპატრონე
ცოტა ხნის წინ "კურიერი" იმ ბინაში იმყოფებოდა, სადაც სამართალდამცველებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს. მკვლელობის ჯგუფურად მომზადებისა და "ქურდული სამყაროს" წევრობის საქმეზე პოლიციამ ერთ-ერთი პირი სწორედ ფარნავაზის ქუჩაზე აიყვანა, დანარჩენი ორი სამართალდამცველებმა გურიაში დააკავეს.
ბრალი დაუსწრებლად წარედგინება საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდს. გამოძიების ინფორმაციით, ორმა ბრალდებულმა ერთ-ერთი პირის მკვლელობა დაგეგმა.
დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები საზღვარგარეთ მყოფ "კანონიერ ქურდს" ალექსანდრე ქურასბედიანს დაუკავშირდნენ და მკვლელობის დრო და ადგილი განსაზღვრეს, დანაშაულის სისრულეში მოსაყვანად კი თბილისიდან გურიის რეგიონში ჩამოიყვანეს პირი, რომელსაც დაკავების შემთხვევაში მატერიალურ უზრუნველყოფასა და პენიტენციურ დაწესებულებაში მფარველობას დაჰპირდნენ.
„დამიკავშირდნენ დილის 5 საათის შემდეგ. რეკავდნენ და ტელეფონზე ხმა გათიშული მქონდა, ღამით ვთიშავ ხოლმე მაინც ხმას. რომ დამირეკეს, მითხრეს, რომ ასეთი და ასეთი სიტუაცია არისო, ბინა თქვენს განკარგულებაშიაო, კი-მეთქი და გადმოვედი ეგრევე, იმიტომ, რომ სავალდებულო არისო თქვენი დასწრება, ყველაფერი კანონიერების ფარგლებში მოხდებაო.
რომ მოვედი, უკვე იყვნენ ბინაში. რომ შევედი, ეს ბიჭი უკვე იჯდა იქ, ხელბორკილები ჰქონდა ხელებზე უკვე და უბრალოდ გამომძიებელმა ოქმი შეადგინა.
მერე, სხვა მათი თანამშრომლების თანდასწრებით, ოქმი შეივსო, ამოიღეს ტელეფონები მათი, დალუქეს, როგორც წესია, ყველაფერი ისე გააკეთეს. ჩხრეკასაც დავესწარი - სავალდებულო არისო, რომ მაინც ნახოთ, ყველაფერი კანონის ფარგლებში ხდებაო.
ესაუბრნენ დედამისს, ახსენეს რომელიღაცა მუხლი და მერე განუმარტეს, რომ ქურდულ სამყაროსთან კავშირის თაობაზე ხდება ეს დაკავება", - აცხადებს ბინის მეპატრონე.

















