1794936548
„გიგა სასიკვდილოა? შენ გაჩვენებ სეირს!“ - ხმაური იყო სასამართლოში, სადაც გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ნია იმნაძისა და ანასტასია ბერუაშვილის პროცესი უნდა გაიმართოს
თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც გარდაცვლილი მასწავლებლის გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ორი არასრულწლოვნის, ნია იმნაძისა და ანასტასია ბერუაშვილის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, ხმაური იყო.
გიგა ავალიანის დედის, ეკა კუპატაძის გაღიზიანება სასამართლოს შენობაში ბრალდებულ ნია იმნაძის ადვოკატის, გიორგი ლეკიშვილის შესვლამ გამოიწვია, რომელმაც რამდენიმე დღის წინ საჯარო ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა.
„გიგა სასიკვდილოა? შენ გაჩვენებ სეირს, შენ გაგებინებ პასუხს! უპასუხე, გიგა სასიკვდილოა?",- მიმართა ეკა კუპატაძემ ადვოკატს.
სიტუაცია მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა განმუხტეს.
„ეს არასრულწლოვნები დუმილის უფლებას იყენებენ, ასე რომ, ისინი არ დაიკითხებიან. საქმეში მყარი და პირდაპირი მტკიცებულებებია, დარწმუნებული ვარ, ამ მტკიცებულებებს გაიზიარებს სასამართლო და მაქსიმალურ სასჯელს მიუსჯის. ერთი რამ მინდა ვთქვა, როცა დანაშაულს სჩადის არასრულწლოვანი, მაშინ ხომ არის დანაშაულისთვის მომწიფებული? ასევე მიმღებლობა უნდა ჰქონდეს სასჯელის ზომის მიმართ. ის, რომ არასრულწლოვანია და გოგონაა, არ ამართლებს იმ სასტიკ დანაშაულს, რომელიც ჩაიდინეს. არავისგან წუხილი არ დაფიქსირებულა, უფრო მეტიც, ინტენსიურ რეჟიმში ნია იმნაძის ოჯახი, მისი ადვოკატი, მათი წრე აქტიურად თავს გვესხმის. უზრდელი სიტყვებით, საცინლად იგდებენ ამხელა მკვლელობას, არავის არაფერს ვაპატიებ!
თქვენ შეგნებულად არ დაგისვამთ კითხვა და მადლობა, ამისთვის, დიახ, პროფესიონალს დღეს ჩემთვის არ უნდა დაესვა. ყბადაღებულ ვიდეოსთან დაკავშირებით ვიტყვი ჩემს სათქმელს, რაც ადვოკატმა გიორგი ლეკიშვილმა გაავრცელა. პირველ წინადადებაში -"არავინ იმსახურებს სიკვდილს, თუმცა, გიგა ავალიანი იმსახურებს სიკვდილს"! ამისთვის ის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს, ვპირდები გიგა ავალიანს! მეორე წინადადება - სხვისი დანაშაულისთვის სხვა არ უნდა დაისაჯოს. გიორგი ლეკიშვილი პასუხს აგებს თავისი დანაშაულისთვის და არა სხვისი დანაშაულისთვის",- განაცხადა კუპატაძემ.










