“Facebook-ის მეშვეობით 149 259 ლარს მოტყუებით დაეუფლა" - სასამართლო თაღლითობაში ბრალდებული მამაკაცის აღკვეთის ღონისძიებაზე დღეს იმსჯელებს

სასამართლო

თაღლითობაში ბრალდებული მამაკაცის აღკვეთის ღონისძიებაზე, რომელიც "ფეისბუქზე" შექმნილი გვერდის გამოყენებით 14 მოქალაქის კუთვნილ 149 259 ლარს მოტყუებით დაეუფლა, სასამართლო დღეს იმსჯელებს.

საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დადგინდა, რომ ბრალდებული სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" შექმნილი გვერდის გამოყენებით მოქალაქეებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ჩინეთიდან სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ავეჯის და ტექნიკის დაბალ ფასში გამოწერას დაჰპირდა, თუმცა ნივთების გამოწერა არ უზრუნველყო.

"სამართალდამცველებმა ბრალდებული 20 მარტს დააკავეს, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს გამოძიებას სხვა დანაშაულებრივი ეპიზოდების დადგენის მიზნით, რის შემდგომაც შესაძლოა დაზარალებულთა რიცხვი გაიზარდოს.

საქართველოს პროკურატურა მოუწოდებს მოქალაქეებს მათ მიმართ განხორციელებული ანალოგიური ქმედების არსებობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს,"- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.