არჩილ გორდულაძე: ახლა ბატონ ანიტას მოუწევს, რომ თავისი უდანაშაულობა დაამტკიცოს სამართლიან სასამართლოში

არჩილ გორდულაძე

ახლა ბატონ ანიტას მოუწევს, რომ თავისი უდანაშაულობა დაამტკიცოს სამართლიან სასამართლოში, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ „ქრონიკასთან“.

დეპუტატი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ლევან ხაბეიშვილის დაკავებას გამოეხმაურა.

„ელემენტარულ ტყუილთან გვაქვს საქმე. საარჩევნო დაპირება კეთდება ყველას მიმართ და ეს არის პროგრამების სახით გათვალისწინებული. რაც შეეხება დანაშაულს, რომელიც ქრთამის მიცემას გულისხმობს, რამდენიმე ათეული წელია სისხლის სამართლის კოდექსში პირდაპირ მითითებულია, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგელობა დგება იმ პირების მიმართ, რომლებიც ვინმეს რაიმე ქმედების სანაცვლოდ ფულს, ან სხვა ნებისმიერ მატერიალურ, თუ არამატერიალური სიკეთეს ჰპირდებიან. ეს არის ჩვეულებრივი ქრთამის საჯაროდ დაპირება. ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს იურისტებს უწოდებენ, ამით მათ შორის შეურაცხყოფას აყენებენ უნივერსიტეტებს, სადაც ისწავლეს და ამავდროულად, არიან ერთი ჩვეულებრივი ცრუპენტელები და ახლა ცდილობენ გაშიფრული აგენტი რამენაირად დაიცვან. ახლა ბატონ ანიტას მოუწევს, რომ თავისი უდანაშაულობა დაამტკიცოს სამართლიან სასამართლოში“, - აღნიშნა გორდულაძემ.

სუს-მა ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯარო დაპირების ფაქტზე დააკავა.