„40 წლის მამაკაცმა შეშინებულ 16 წლის მოზარდზე სექსუალურად იძალადა“ - მოძალადე დაკავებულია

sexdzaladoba

მძიმე დანაშაული თბილისში - მოზარდის მძიმე ისტორია თბილისის ერთ-ერთი გარეუბნიდან იწყება. არასრულწლოვანი შეყვარებულს შეხვდა. ავტომობილში, წყვილს ინტიმური კადრები უცნობმა მამაკაცმა ფარულად, ტელეფონით გადაუღო. სახლისკენ გზად, გოგონას უცხო კაცი აედევნა და ავტომობილში დაჯდომა მოსთხოვა. არაერთი უარის შემდეგ, მოძალადემ მოზარდს ფარულად გადაღებული ინტიმური კადრები უჩვენა და გავრცელებით დაემუქრა. შანტაჟმა 16 წლის გოგონა შეაშინა და მოძალადეს მანქანაში ჩაუჯდა. აქ კიდევ უფრო საშინელი ისტორია იწყება. მამაკაცმა, მოზარდი შეშინებული პირადი ცხოვრების საიდუმლოს გავრცელების მუქარით გააუპატიურა.

მსხვერპლმა მძიმე ისტორია ჯერ დედას გაუმხილა, შემდეგ კი, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა. ბავშვი ფსიქოლოგის თანდასწრებით გამოჰკითხეს, რთული პროცესის შემდეგ, გოგონას ჩვენებამ გამომძიებელი დამნაშავის კვალზე გაიყვანა.

მოძალადე მამაკაცი დაკავებულია და უკვე განაჩენს ელოდება. ის ბრალს არ აღიარებს. ადვოკატმა კომენტარზე უარი გვითხრა, "კურიერი პიესმა" ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენების შინაარსი გაარკვია - დაკავებული ამტკიცებს, რომ არასრულწლოვანი მასთან სექსუალურ კავშირზე თანახმა იყო.

ინტიმური კადრების მოპოვება, შენახვა, გავრცელება - გამოვლენილ დანაშაულებში ფაქტებში, რამდენიმე ტენდენცია იკვეთება - დამნაშავეები ხშირად, პირადი ცხოვრებით შანტაჟს მსხვერპლთან სექსუალური კავშირის დასამყარებლად იყენებენ, ზოგჯერ შურისძიების მიზნით, ხანდახან კი, შიშველ ფოტოებს და ვიდეოებს სოციალურ ქსელებში თანხის სანაცვლოდ ავრცელებენ. ბოლო ერთ წელში, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 54 დამნაშავე პასუხისგებაში მისცა. მსხვერპლი ყველა შემთხვევაში ქალია, მათ შორის რამდენიმე არასრულწლოვანი. მოძალადეების სქემა ასეთია - ნდობის ხარჯზე, პოტენციურ მსხვერპლს სექსუალური შინაარსის ფოტო და ვიდეო კადრების გადაღებას სთხოვენ, შემდეგ იწყება შანტაჟი და მორალურად განადგურების მცდელობა.

22 წლის გოგოს ინტიმური ფოტო-ვიდეო კადრები მისი ყოფილი შეყვარებულის სამეგობროს ხელში აღმოჩნდა. ერთ-ერთმა მათგანმა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟი დაიწყო. დაზარალებული ქალი "კურიერი პიესს" უყვება, რომ ყოფილ პარტნიორს შიშველ კადრებს მისივე მოთხოვნით, თუმცა წაშლის პირობით უგზავნიდა. მსხვერპლს ჯერ აშანტაჟებდნენ, შემდეგ კი გაირკვა, რომ ჯგუფურ გაუპატიურებას უპირებდნენ. მორალური წნეხის და მძიმე ფსიქიკური მდგომარეობის მიუხედავად გოგონამ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა. ბრალი ახალგაზრდა ქალის ყოფილ პარტნიორს და მის ორ მეგობარს წარედგინათ. ადვოკატს საუბარი არ სურს, ბრალდებულები კი ბრალს უარყოფენ.

საგანგაშო სტატისტიკის გამო, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში სპეციალიზებული სამმართველო ერთი წლის წინ ამოქმედდა. პირადი ცხოვრების საიდუმლოს გავრცელების შემთხვევაში დაზარალებულებს შეუძლიათ, უწყებას საქართველოს მასშტაბით, ყველა დიდ ქალაქში მიმართონ.

მძიმე სასჯელის მოლოდინში ბრალდებულის სკამზე ათეულობით მოძალადე ზის. სავარაუდოდ, გაცილებით მეტია მსხვერპლი, რომელსაც ჯერ კიდევ ეშინია და ჯერ კიდევ სდუმს.