11 წლის გოგოს მამინაცვალი 3 წელი აუპატიურებდა - მძიმე დანაშაულის შესახებ დეტალები

sexdzaladoba

ბოლო ერთ კვირაში გამოვლენილი ტრეფიკინგის 2 მსხვერპლიდან, ერთ-ერთი შშმ პირია. 11 წლის გოგოს, 40 წლამდე მამინაცვალი 3 წელი აუპატიურებდა და თან ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა. გამოძიების ინფორმაციით, ძალადობის ორივე ფორმის შესახებ იცოდა ბავშვის დედამ, რომელიც 2 დღის წინ დააკავეს და ბრალი ამ ეტაპზე მხოლოდ იმისთვის წარუდგინეს, რომ ქმარს შვილის გაუპატიურებაში ეხმარებოდა.

ინტერვიუ მსხვერპლი ბავშვის დედასთან "კურიერი P.S-მა" რამდენიმე თვის წინ ჩაწერა, მაშინ, როდესაც მისი ქმარი, შვილის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. მალევე მოძალადეს 19 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. დედა ამბობდა, რომ მოზარდის არ სჯეროდა, თუმცა 3-წლიანი გაუპატიურების ფაქტები გამოძიებამ და ექსპერტიზებმა დაადასტურა. ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ კაცი წლების განმავლობაში შშმ ბავშვს ქუჩაში გასვლას აიძულებდა და შეგროვებულ თანხას მეუღლესთან ერთად იყოფდა. ბავშვის ჩვენებით ირკვევა, რომ დედამ ყველაფერი იცოდა. "კურიერი P.S"-მა არასრულწლოვნის ჩვენების შინაარსი გაარკვია, სადაც მოზარდი სექსუალურ ძალადობაზე და ტრეფიკინგზე საუბრობს:

"დედაჩემის ქმარი ჩემზე სექსუალურად ძალადობდა. ეს ბევრჯერ მოხდა. მაუპატიურებდა, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა. გავყავდი ქუჩაში, მოწყალების სათხოვნელად, ვეუბნებოდი, არ მინდა, თამაში მინდა, თავი დამანებე თქო. მან ხალხმრავალ ადგილზე წამიყვანა პლაკატით, "გთხოვთ, დამეხმარეთ, წამლები უნდა ვუყიდო", ამ პლაკატით გაჩერებებზე და შუქნიშნებზე დამატარებდა, რომ ფული მეშოვა. მეუბნებოდა, შენ უფრო მეტს მოგცემენ, შშმ პირი და არასრულწლოვანი ხარო. თუ არ გავყვებოდი, ალბათ მეჩხუბებოდა და სახლიდან გამაგდებდა. დედამ ეს იცოდა, მეუბნებოდა წაყევიო. შეგროვებულ თანხას დედა და მამინაცვალი ინაწილებდნენ", -  იხსენებს არასრულწლოვანი.

ძალადობის მსხვერპლი ბავშვი ძმასთან ერთად, რომელიც ძალადობის ფაქტებს შეესწრო, მინდობით აღზრდაში გადაიყვანეს. მძიმე ემოციური მდგომარეობის გამო, ბავშვებთან ფსიქოლოგები ამ დრომდე მუშაობენ. არასრულწლოვნების ინტერესებს ორგანიზაცია "პიეიჩარი" იცავს.

დაკავებულ დედას, სავარაუდოდ, ბრალს ტრეფიკინგის მუხლითაც უახლოეს მომავალში დაუმძიმებენ. მის ადვოკატს ეს მოლოდინი არ აქვს.