რა მდგომარეობაა ამ დროისთვის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სადაც უამინდობამ პრობლემები შექმნა

ლაგოდეხი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. გადაუღებელი წვიმის მიუხედავად, მეორე დღეა სტიქიის ზონაში მძიმე ტექნიკა შეუჩერებლად მუშაობს. პროცესში ჩართულია ყველა შესაბამისი სამსახური, მათ შორის სახანძრო- სამაშველო ბრიგადები.

ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მდინარე კაბლის ხევის კალაპოტი შეცვლილია და სოფლის შიდა და ცენტრალურ მაგისტრალზე წყლის დინება შეწყვეტილია.
ამ დროისათვის, მოძრაობა შეფერხებულია კაბალი-ბაისუბნის დამაკავშირებელ ხიდზე. უსაფრთხოების ზომების მისაღებად, ადგილზე საპატრულო პოლიცია იმყოფება.

შეგახსენებთ, გუშინ ღამით, ძლიერი წვიმის შედეგად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ნინოს ხევი, შრომის ხევი, კაბალისა და არეშფერანის მდინარე ადიდდა, რამაც საცხოვრებელი სახლების, ნაკვეთების, ეზოებისა და ქუჩების დატბორვა გამოიწვია.